ჯენესისი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჯენესისი (ინგლ. Genesis) — ბრიტანული როკ-ჯგუფი, ჩამოყალიბებული 1967 წელს. მასში შედიან: დამაარსებლები ტონი ბენქსი (კლავიშებიანები) და მაიკ რეზერფორდი (ბასი, გიტარა), აგრეთვე ფილ კოლინზი (ვოკალი, დასარტყმელი საკრავები), რომელიც ჯენესისს 1970 წელს შეუერთდა. ყოფილმა წევრებმა, რომელთა შორის არიან პიტერ გებრიელი (ვოკალი, ფლეიტა), სტივ ჰეკეტი (გიტარები) და ენტონი ფილიპსი (გიტარები) ასევე შეასრულეს მნიშვნელოვანი როლი ჯგუფის ადრეული წლების შემოქმედებაში. ჯენესისი ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად შემსრულებლად, მსოფლიო მასშტაბით ალბომის დაახლოებით 130 მილიონი გაყიდული ასლით.[1]
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ჯენესისი“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ჯენესისი ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია. |
ჯენესისი | |
---|---|
ჯენესისი 2022 წელს. მარცხნიდან: დენიელ პირსი, დერილ სტერმერი, მაიკ რეზერფორდი, ტონი ბენქსი, ფილ კოლინზი, ტონი ბენქსი, ნიკ კოლინზი და პატრიკ სმითი. | |
ბიოგრაფია | |
წარმოშობა | გოდელმინგი, სურეი, ინგლისი |
ჟანრ(ებ)ი |
პროგრესული როკი არტ როკი სიმფონიური როკი ფოლკ როკი პოპ-როკი სოფტ-როკი |
აქტიური |
1967–1998 2006–დღემდე (უმოქმედო) (გაერთიანებები: 1982, 1999, 2000) |
ლეიბლ(ებ)ი | Virgin, Charisma, Decca, EMI, London (ამერიკა/იაპონია), Atlantic (აშშ/კანადა), Atco (აშშ/კანადა), Vertigo (ევროპა/აზია) |
წევრები |
ტონი ბენქსი მაიკ რეზერფორდი ფილ კოლინზი |
ყოფილი წევრები |
პიტერ გებრიელი ენტონი ფილიპსი კრის სტიუარტი ჯონ სილვერი ჯონ მეიჰიუ მიკ ბერნარდი სტივ ჰეკეტი რეი უილსონი |
საიტი | |
ჯენესისი ვიკისაწყობში |
1960-იანი წლების მიწურულს, პირველი ალბომის გამოცემისას, ჯენესისის მუსიკა ჯგუფის წევრები და თავად მსმენელები პოპ-ექსპერიმენტად თვლიდნენ, რაშიც იგულისხმებოდა მელოდიური პოპი, რომელსაც იგი ასრულებდა.[2] მოგვიანებით, ერთი წლის განმავლობაში (დაწყებული მეორე ალბომით, რომელიც 1970 წლის შუა პერიოდში გამოვიდა) ჯენესისი გარდაიქმნა პროგრესული როკის შემსრულებელ ჯგუფად, რომლის მუსიკა შეიცავდა სიმღერის რთულ სტრუქტურებს და გულმოდგინედ დამუშავებულ ინსტრუმენტულ ფრაგმენტებს. მათი კონცერტები იქცა თეატრალიზებულ ექსპერიმენტებად, ნოვატორული სასცენო დიზაინებით, პიროტექნიკით, ექსტრავაგანტური კოსტიუმებით და სცენაზე მოთხრობილი ამბებით. ამ მეორე ფაზას ახასიათებდა ხანგრძლივი გამოსვლები, სადაც, მაგალითად, სრულდებოდა 23 წუთიანი „Supper's Ready“ და 1974 წლის კონცეპტუალური ალბომი The Lamb Lies Down on Broadway. 1970-იანი წლების ბოლოს და 1980-იანი წლების დასაწყისში ჯგუფის მუსიკალური მიმართულება კვლავ შეიცვალა, იქცა რა ორიენტირებულად უფრო მეტად პოპ-მუსიკაზე და კომერციულად ხელმისაწვდომად. შედეგად ჯენესისს ჰქონდა აშშ-ს საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი პირველი სინგლი, „Follow You Follow Me“, ბრიტანეთში პირველი #1 ალბომი Duke და აშშ-ში ერთადერთი #1 სინგლი „Invisible Touch“.
თავისი არსებობისას ჯენესისმა პერსონალის რამდენიმე ცვლილება განიცადა. სცენის შიშის გამო ენტონი ფილიპსი ჯგუფიდან 1970 წელს წავიდა. 1975 წელს ფილ კოლინზი, იმ პერიოდში ჯენესისის დრამერი, ახალი ვოკალისტის ხანგრძლივი ძიების შემდეგ წამყვანი ვოკალისტის სახით პიტერ გებრიელს ჩაენაცვლა. წამყვან ვოკალზე მისი კონცენტრირების გამო ტურნეს მსვლელობისას დასარტყმელ საკრავებზე უკრავდნენ ბილ ბრუფორდი და ჩესტერ თომპსონი, ხოლო კოლინზი მათ დრო და დრო ხანგრძლივი ინსტრუმენტული პასაჟებისას უერთდებოდა. 1977 წელს ჯგუფი დატოვა გიტარისტმა სტივ ჰეკეტმა. მას შემდეგ, რაც ჯენესისიდან 1996 წელს კოლინზი წავიდა, რეზერფორდმა და ბენქსმა მოიყვანეს რეი უილსონი (სტილტსკინი). მასთან ერთად ჩაიწერა 1997 წლის ალბომი Calling All Stations, რასაც მოჰყვა უვადო შესვენება. 2007 წელს ბენქსი, კოლინზი და რეზერფორდი გაერთიანდნენ და ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში 20 თარიღიანი ტურნე გამართეს, რომის Circo Massimo-ს ჩათვლით, სადაც ისინი 500 000 მსმენელის წინაშე გამოვიდნენ. 2010 წელს ჯენესისი გახდა როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრი. ჯგუფის მომავალი უცნობია. კოლინზმა შეწყვიტა მუსიკალური საქმიანობა, თუმცა მოგვიანებით განაცხადა დაბრუნების შესახებ[3], ხოლო სხვა წევრები სოლო პროექტებზე მუშაობენ. ბენქსმა 2012 წელს ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯგუფი დასრულდა.