ჰოენზალცბურგი
From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოენზალცბურგის ციხესიმაგრე (გერმ. Festung Hohensalzburg) მდებარეობს ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში და მისი ერთ-ერთი სიმბოლოა. აგებულია XI საუკუნეში. ციხესიმაგრე აღმართულია ქალაქის ზემო ნაწილში, ფესტუნგსბერგის მთაზე, რომელიც ჩრდილო-დასავლეთით მენქსბერგის მთის სახით გრძელდება. ჰოენზალცბურგის ციხის ფართობი 7 000 კვადრატულ მეტრზე მეტს შეადგენს, ბასტიონიანად კი 14 000 მ²-ს აჭარბებს; ამ მონაცემით ჰოენზალცბურგი ევროპის ერთ-ერთი უდიდესი ციხესიმაგრეა. იგი უდიდესი კომპლექსია ევროპის XI საუკუნის ციხეთა შორის; ასევე ცენტრალური ევროპის უდიდესი ციხესიმაგრეა, რომელიც სრულადაა დღემდე მოღწეული. ჰოენზალცბურგს ყოველწლიურად 950 000-ზე მეტი დამთვალიერებელი ნახულობს, რის გამოც იგი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძეგლია ავსტრიაში და სტატისტიკური მონაცემებით პირველობას მხოლოდ დედაქალაქ ვენის ღირსშესანიშნაობებს, შენბრუნის სასახლეს, შენბრუნის ზოოპარკს, შტეფანსდომსა და პრატერის პარკს უთმობს.