ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი
NASA-ს, ESA-ს და CSA-ს კოსმოსური ტელესკოპი, რომელიც 2021 წელს გაუშვეს. ყველაზე მძლავრი კოსმოსური ტელესკოპი / From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ვების კოსმოსური ტელესკოპი (ინგლ. James Webb Space Telescope, JWST) — ორბიტალური ინფრაწითელი ობსერვატორია. იგი ყველაზე დიდი კოსმოსური ტელესკოპია ყველაზე დიდი სარკით (სეგმენტირებული სარკე საერთო დიამეტრით 6.5 მ, თუმცა ყველაზე დიდი მონოკრისტალური სარკე გააჩნია გერშელის ტელესკოპს — 3.5 მ), რომელიც ოდესმე შეუქმნია კაცობრიობას.
ჯეიმზ ვები შექმნილია ძირითადად ინფრაწითელი ასტრონომიის ამოცანების გადასაჭრელად. იგი კოსმოსში ყველაზე დიდი ოპტიკური ტელესკოპია, რომლის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული ინფრაწითელი გარჩევადობა და მგრძნობელობა საშუალებას აძლევს მას დაინახოს ისეთი სუსტი სინათლის მქონე, ძველი ან შორეული ობიექტები, რომლებიც რთული დასანახია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპისთვის. მოსალოდნელია, რომ ამ ტელესკოპის დახმარებით ხელი შეეწყობა გამოკვლევების ფართო სპექტრის განვითარებას ასტრონომიისა და კოსმოლოგიის სფეროებში, მაგალითად პირველი ვარსკვლავებისა და პირველი გალაქტიკების ფორმირებაზე დაკვირვებასა და დასახლების პოტენციალის მქონე ეგზოპლანეტების დეტალურ ატმოსფერულ დახასიათებას.
თავდაპირველად იწოდებოდა, როგორც „შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპი“ (ინგლ. Next-generation space telescope, NGST). 2002 წელს მას შეუცვალეს სახელი ნასას მეორე ხელმძღვანელის ჯეიმზ ვების პატივსაცემად.
ტელესკოპზე მუშაობა (თავდაპირველად მას ერქვა „შემდეგი თაობის კოსმოსური ტელესკოპი“) დაიწყო 1996 წელს. ორი კონცეფციის კვლევა დაიგეგმა 1999 წელს, 1 მილიარდი აშშ დოლარის ბიუჯეტით. მისი გაშვება 2007 წელს იგეგმებოდა, თუმცა უზარმაზარმა ხარჯებმა და დაგვიანებებმა ეს პროცესი გააჭიანურა; 2005 წელს განხორციელებული დიდი რედიზაინის შემდეგ მშენებლობა დასრულდა 2016 წელს. პროექტის საერთო ღირებულებამ შეადგინა 10 მილიარდი აშშ დოლარი. გაშვების რისკებსა და ტელესკოპის კომპლექსურობაზე აქტიურად საუბრობდნენ მედია, მეცნიერები და ინჟინრები.