ძირთეთრა
From Wikipedia, the free encyclopedia
ძირთეთრა (ლათ. Pastinaca) — მცენარეთა გვარი ქოლგოსნების ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი ბალახია. ნაყოფი თესლურაა.
![Thumb image](http://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/8/8c/Parsnips-1.jpg)
ევროპასა და აზიაში ცნობილია 15 სახეობა. კავკასიაში გვხვდება 5-იოდე ველური სახეობა და ერთიც — კულტურული. კულტურული სათესი ძირთეთრა (Pastinaca sativa) ორწლოვანი მცენარეა, აქვს ძლიერ განკვეთილი, გაყოფილფრთისებრი, მწვანე ფოთლები. სიცივე- და ყინვაგამძლე მცენარეა. საქართველოში კარგად ზამთრობს მინდორში.
ძირხვენა ხორციანია, მოყვითალო-თეთრი. შეიცავს 17,5-18,7% მშრალ ნივთიერებებს, მათ შორის, 8,6-10% შაქარს (ამის გამო საქართველოში ძირთეთრას უმართებულოდ ძირტკბილას უწოდებენ, რომელიც სულ სხვა მცენარეა). ძირხვენა აგრეთვე შეიცავს C ვიტამინს (40 მგ%) და სხვა ნივთიერებებს. იყენებენ კულინარიაში. სსრკ-ში მოჰყავდათ საკონსერვო მრეწველობის ზონებში. ცნობილი ჯიშები იყო „კრუგლი“ და „სტუდენტი“.