ჩინური საბრძოლო ხელოვნებები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩინური საბრძოლო ხელოვნებები, ცნობილი როგორც უშუ ან კუნ-ფუ — ჩინეთში არსებული საბრძოლო ხელოვნებების საერთო დასახელება. უშუ შედგება ორი იეროგლიფისაგან: 武-wu (უ) – „საომარი, საბრძოლო“ და (术) shu (შუ) – „ხელოვნება, ტექნიკა“. სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელობებისთვის გამოიყენებოდა სხვადასხვა ტერმინები. უშუს აგრეთვე იცნობენ როგორც კუნ-ფუ (კანტონურ დიალექტზე) ან გუნ-ფუ (ოფიციალურ ჩინურზე); მნიშვნელობით ხსენებული სიტყვები ნიშნავს „საკუთარ თავთან მუშაობაა/ვარჯიშს“, ასევე ნიშნავს თავგადადებული ვარჯიშების შედეგს. მას აგრეთვე უწოდებენ კუნგ-ფუს. ჩინეთის რესპუბლიკის დროს ჩინური საბრძოლო ხელოვნებების აღსანიშნავად გამოიყენებოდა სიტყვა გო-შუ – „ქვეყნის ხელოვნება/ეროვნული ხელოვნება“; ამჟამად გამოიყენება ტაივანში. ჩინური საბრძოლო ხელოვნებების კიდევ ერთი დასახელება, უ-ი – „საბრძოლო ხელოვნება“, იმპერატორული ჩინეთის დროს გამოიყენებოდა. ცუან-ფა („მუშტის მეთოდი“) ან ცუან-შუ („მუშტის ხელოვნება“) – უშუს ერთ-ერთი განაყოფი, ეს სიტყვა ხანდახან გამოიყენება როგორც მთელი უშუს სინონიმი. კუნგ-ფუ და უშუ შინაარსით ერთი და იგივეა. უშუ (武 术) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც „საბრძოლო ხელოვნება“, ხოლო გუნ-ფუ (功 夫), ასევე არასწორად ტრანსკრიბირებული როგორც „კუნგ-ფუ“ ან „კუნ-ფუ“ ნიშნავს ოსტატობას და ჩინეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე ნიჭიერ მუსიკოსთან, მხატვართან, მზარეულთან და სხვასთან მიმართებაში. „კუნგ-ფუს“ გამოთქმის ტრადიცია მოვიდა ძველი ჰონკონგური საბრძოლო ფილმების ამერიკული თარგმანებიდან, რომლებშიც წარმოთქვამენ „კუნგფუს“ (კანტონურ დიალექტზე მიღებული წარმოთქმა, გავრცელებული ჩინეთის სამხრეთში).