შიმლა
From Wikipedia, the free encyclopedia
შიმლა (ასევე ცნობილი როგორც სიმლა, ოფიციალური სახელი 1972 წლამდე) — ინდოეთის ჩრდილოეთ შტატ ჰიმაჩალ-პრადეშის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. 1864 წელს შიმლა ბრიტანეთის ინდოეთის საზფხულო დედაქალაქად გამოცხადდა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქი აღმოსავლეთ პენჯაბის დედაქალაქი გახდა, ხოლო მოგვიანებით ჰიმაჩალ-პრადეშის დედაქალაქად გამოცხადდა. იგი შტატის მთავარი კომერციული, კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრია.
დასახლებული პუნქტი | |
---|---|
შიმლა ჰინ. शिमला | |
ქვეყანა | ინდოეთი |
კოორდინატები | 31°06′12″ ჩ. გ. 77°10′20″ ა. გ. |
ფართობი | 25 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 2205±1 მეტრი |
ოფიციალური ენა | ჰინდი ენა |
მოსახლეობა | 206 575 (2019) |
სასაათო სარტყელი | UTC+05:30 |
სატელეფონო კოდი | 177 |
საფოსტო ინდექსი | 171001 |
ოფიციალური საიტი | http://hpshimla.gov.in/hi |
შიმლას ადგილას პატარა დასახლებები 1815 წლამდე, ბრიტანელების მიერ ამ ტერიტორიის დაპყრობამდეა დაფიქსირებული. კლიმატურმა პირობებმა ბრიტანელები მიიზიდა, რომლებმაც ჰიმალაების ხშირ ტყეებში ქალაქის დაარსება გადაწყვიტეს. როგორც საზაფხულო დედაქალაქმა, შიმლამ მრავალ მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეხვედრას უმასპინძლა, მათ შორის: სიმლის 1906 წლის შეხვედრას, 1914 წლის სიმლის შეთანხმებას და 1945 წლის სიმლის კონფერენციას. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქალაქმა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია შეინარჩუნა და 1972 წლის სიმლის შეთანხმებას უმასპინძლა. ჰიმაჩალ-პრადეშის შტატის რეორგანიზაციის შემდეგ, არსებულ მაჰასუს ოლქს შიმლა ეწოდა.
შიმლაში თიუდორბეთანისა და ნეოგოთიკური არქიტექტურის მრავალი ძეგლი მდებარეობს რომლებიც კოლონიური ხანით თარიღდება. მათ შორის, ტაძრები და ეკლესიები. კოლონიური ხანის არქიტექტურა, ტაძრები და ბუნებრივი გარემო ტურისტებს იზიდავს. ქალაქის მთავარ ღირსშესანიშნაობებს შორისაა: შრი ჰანუმან ჯახუ, ჯახუს ტაძარი, რაშტრაპატი ნივასი, ქედი და ანადეილი. ქალაქის უკიდურესი ჩრდილოეთი წერტილია ― ჯახუ, ხოლო უკიდურესი სამხრეთი ― ანადეილი, უკიდურესი აღმოსავლეთი ― სანჯაული, ხოლო უკიდურესი დასავლეთი ― ჩოტა-შიმლა. ბრიტანელების მიერ აგებული კალკა-შიმლის რკინიგზა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მთავარი ტურისტული ღირსშესანიშნაობაა. ქალაქს ციცაბო რელიეფი აქვს და სამთო ველოსიპედების შეჯიბრს, MTB Himalaya-ს მასპინძლობს, რომელიც 2005 წლიდან იმართება და სამხრეთ აზიის მასშტაბით ამ სპორტში ერთ-ერთი უდიდეს ღონისძიებად ითვლება. შიმლაში სამხრეთ აზიის მასშტაბით უდიდესი ბუნებრივი ყინულის საციგურაო მოედანი მდებარეობს. გარდა იმისა, რომ ქალაქი ტურიზმის ცენტრია, იგის საგანმანათლებლო კერაცაა და აქ მრავალი კოლეჯი და კვლევითი ინსტიტუტი მდებარეობს.