From Wikipedia, the free encyclopedia
ტელესკოპი (ძვ. ბერძნ. τῆλε [tele] — „შორი“ და σκοπέω [skopeo] — „ხედვა“) — ასტრონომიული ხელსაწყო, რომელიც გამოიყენება ციურ ობიექტებზე დასაკვირვებლად.
ტელესკოპი არსებობს ელექტრომაგნიტური გამოსხივების ყველა დიაპაზონისთვის: ოპტიკური ტელესკოპები, რადიოტელესკოპები, რენტგენული ტელესკოპები და გამა გამოსხივების ტელესკოპები.
გარდა ამისა, ნეიტრინოს დეტექტორებს ხშირად უწოდებენ ნეიტრინო ტელესკოპებს. გრავიტაციული ტალღების დეტექტორებს ასევე შეიძლება ეწოდოს ტელესკოპები.
ოპტიკური ტელესკოპური სისტემები გამოიყენება ასტრონომიაში ციურ სხეულებზე დასაკვირვებლად, ოპტიკაში სხვადასხვა დამხმარე მიზნებისთვის: მაგალითად, ლაზერული გამოსხივების დივერგენციის შესაცვლელად. ტელესკოპი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ როგორც ტელესკოპი შორეულ ობიექტებზე დაკვირვების პრობლემების გადასაჭრელად.
მარტივი ლინზიანი ტელესკოპის პირველი ნახატები აღმოაჩინეს ლეონარდო და ვინჩის ნოტებში. ლიპერჰიმ ტელესკოპი 1608 წელს ააგო; ტელესკოპის შექმნა ასევე მიეწერება მის თანამედროვე ზაქარი იანსენს.
არსებობს სამი ტიპის ოპტიკური ტელესკოპი:
იყენებენ ნიუტონისეული, კასეგრენისეული, ნესმითისეული და რიჩი-კრეტიანია ოპტიკური სისტემის მქონე რეფლექტორებს (უკანასკნელი ყველაზე გავრცელებულია), სარკიან-ლინზიანი სისტემის შმიდტისა და მაქსუტოვის ტიპის ტელესკოპებს.
ტელესკოპის დანიშნულებაა, რაც შეიძლება მეტი სხივი შეკრიბოს ფოკუსში, რატა გამოავლინოს და დაგვანახოს გამოსხივების სუსტი წყაროები ანუ მკრთალი მნათობები; ამასთან, ტელესკოპით უნდა მივიღოთ ცის სხეულთა გამოსახულებები.
მნათობი მკრთალად შეიძლება გვეჩვენებოდეს ან დიდი სიშორის, ან საკუთარი გამოსხივების ნაკლები ინტენსივობის გამო.
სინათლის რაოდენობა, რომელიც ტელესკოპს ფოკუსში იკრიბება, ობიექტივისა (რეფრაქტორში) ან სარკის (რეფლაქტორში) ზედაპირის ფართობის პროპორციულია. ადამიანის თვალის გუგის დიამეტრი დაახლოებით 6 მმ-ს ტოლად შეგვიძლია ჩავთვალოთ. ტელესკოპი, რომლის სარკის დიამეტრი 6 მ-ია, ე. ი. თვალის გუგას მილიონჯერ აღემატება, ამდენჯერვე მეტ სინათლეს შეკრებს. რაც იმას ნიშნავს, რომ შესწევს უნარი დაგვანახოს მილიონჯერ უფრო მკრთალი მნათობი, ვიდრე შეუიარაღებელი თვალით შეიძლება დავინახოთ.
რაც უფრო მეტ სინათლეს შეკრებს ტელესკოპი მით მეტი ოდენობით გამოჩნდება მასში ვარსკვლავები.
სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისას დიდი ხანია აღარ მიმართავენ თვალით დაკვირვებას. თვალს ბოლო დრომდე ცვლიდა ფოტოფირფიტისა ან ფირის ფოტოგრაფიული ემულსია, რომელსაც უნარი შესწევდა აღებეჭდა უფრო მკრთალი მნათობები ვიდრე თვალს შეეძლო დაენახა. დღესდღეობით ფოტოგრაფიული ემულსია შუქმგრძნობიარე მატრიცითაა შეცვლილი.
ციურ სხეულებზე ხანგრძლივი დროით დაკვირვებისათვის ტელესკოპს სპეციალურ მბრუნაც სადგომზე ამაგრებენ. სპეციალური ელექტროძრავები ტელესკოპის ოპტიკურ ღერძს განუწყვეტლივ აყოლებს ცამრგვალზე მოძრავ გამოსაკვლევ ობიექტს, რათა ხანგრძლივი დაკვირვების განმავლობაში ობიექტი არ გამოვიდეს მხედველობის არიდან.
ტელესკოპთან კომბინაციაში გამოიყენება აგრეთვე სიკაშკაშის მზომი იარაღები: ფოტომეტრები, სპექტომეტრები, ტელემექანიკური და ელექტრული სხვადასხვა ხელსაწყო. ყველა შემთხვევაში ტელესკოპი სინათლის შემკრები, ხოლო მასზე მორგებული ხელსაწყოები გამოსხივების ანალიზის საშუალებაა.
ოპტიკური ტელესკოპების პარალელურად გამოიყენება რადიოტელესკოპებიც. მნათობის ელექტრომაგნიტური გამოსხივება რადიოტალღების შემცველიცაა. მათი მიღება და ანალიზი ამდიდრებს ინფორმაციას გამომსხივებელ სხეულთა ფიზიკური ბუნების, მოძრაობისა და სხვათა შესახებ. რადიოტელესკოპის ძირითადი ნაწილებია: პარაბოლიდური ფორმის ან სხვა სახის ლითონის ანტენა, სპეციალური რადიომიმღები, რომელიც ტელესადენებით შეერთებულია ანტენასთან, და რადიოსიგნალების ჩამწერი აპარატურა. მნათობის რადიოტალღები ანტენაში იწვევს ელექტრომაგნიტურ რხევას, რომელიც ტალღსადენით მიმღებსა და ჩამწერ ხელსაწყოებამდე აღწევს.
რადიოლოკატორად წოდებული, განსაკუთრებულად მოწყობილი რადიოაპარატურა იმის საშუალებას იძლევა, რომ დედამიწიდან (ობსერვატორიიდან) მნათობისაკენ გაიგზავნოს რადიოიმპულსი, რომელიც მნათობის ზედაპირიდან აირეკლება, იმავე პუნქტში დაბრუნდება და მიმღები აპარატურით ჩაიწერება. რაკი ცნობილია ელექტრომაგნიტურ ტალღათა გავრცელების სიჩქარე, შესაძლებელია მნათობამდე მანძილის გაზომვაც. ასეთი გაზომვა ჩატარებულია მთვარის, ვენერას, მარსის ზედაპირის სხვადასხვა წერტილისათვის; ამ უკანასკნელის შემთხვევაში მიირება წარმოდგენა პლანეტის ზედაპირის რელიეფის შესახებ.
რადიოტელესკოპების ანტენები ღია ცის ქვეშ დგას, ოპტიკური ტელესკოპი კი წარმოადგენს ცილინდრული ფორმის შენობას, რომელსაც როგორც წესი თავზე ნახევრადმრგვალი გუმბათი ადგას.
ასტრონომიის პორტალი – დაათვალიერეთ ვიკიპედიის სხვა სტატიები ასტრონომიის შესახებ. |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.