From Wikipedia, the free encyclopedia
class="infobox " style="width: 315px; border-spacing: 2px; text-align: left; font-size: 90%;"
სუ-25 | |
---|---|
საქართველოს საჰაერო ძალების სუ-25КМ „სკორპიონი“ | |
ფუნქცია | მოიერიშე |
შემქმნელი | სუხოი |
პირველი გაფრენა | 22 თებერვალი 1975 |
წარდგენა | 1981 |
სტატუსი | აქტიური გამოყენება |
მომხმარებლები | რუსეთის სსძ ბელარუსის სსძ უკრაინის სსძ კორეის სახალხო არმიის სსძ |
წარმოების წელი | 1978 - დღემდე |
რაოდენობა | 1,024 |
ღირებულება | US$11 მილიონი |
ვარიანტები | სუ-28 |
სუ-25 (ნატოს კლასიფიკაციით „Frogfoot“) — ერთადგილიანი რეაქტიული თვითმფრინავი ორი ძრავით, რომელიც შეიქმნა სსრკ-ში სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროში. მისი შექმნის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება იყო საბჭოთა ქვეითი ჯარებისათვის საჰაერო მხარდაჭერა. პროტოტიპის პირველი გაფრენა განხორციელდა 1975 წლის 22 თებერვალს. თვითმფრინავის გამოცდის შემდეგ 1978 წელს, დაიწყო მისი სერიული წარმოება თბილისის საავიაციო ქარხანაში საქართველოს სსრ-ში.
სუ-25, თავისი არსებობის 25 წლის მანძილზე, მრავალი საჰაერო ომის თვითმხილველი გახდა. მას აქტიურად იყენებდნენ ავღანეთის ომში მოჯაჰედების წინააღმდეგ ბრძოლაში. სუ-25-ებს იყენებდა ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები 1980-1988 წლებში ირანის წინააღმდეგ ირან-ერაყის ომში. 1993 წელს აფხაზეთის ომის დროს აფხაზი სეპარატისტები რუსეთის დახმარებით სუ-25-ებს იყენებდნენ ქართველების წინააღმდეგ.[1] რვა წლის შემდეგ სუ-25-ებს აქტიურად იყენებს მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები ალბანელი აჯანყებულების წინააღმდეგ 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს, ხოლო 2008 წელს კი საქართველო და რუსეთი იყენებდნენ სუ-25-ებს რუსეთ-საქართველოს ომში.[2]
1968 წლის დასაწყისში სსრკ-ის თავდაცვის სამინისტრომ გადაწყვიტა შეემუშავებინა სპეციალიზებული დაჯავშნული მოიერიშე თვითმფრინავი, რომელიც საბჭოთა ქვეითი ჯარის საჰაერო მხარდაჭერას უზრუნველყოფდა. ამ თვითმფრინავის შექმნის იდეა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის და ადგილობრივი ომების (1950-60 წწ.) დროინდელი მხარდამჭერი მოიერიშე თვითმფრინავების ანალიზის შემდეგ.[3] იმდროინდელი საბჭოთა გამანადგურებელ-ბომბდამშენები (სუ-7, სუ-17, მიგ-21 და მიგ-23) ვერ აკმაყოფილებდა ძირითად მოთხოვნას საჰაერო თავდაცვისათვის. თვითმფრინავებს გააჩნდა რამდენიმე ნაკლი, კერძოდ არსებული ჯავშანი ვერ უზრუნველყოფდა თვითმფრინავის სასიცოცხლო მნიშვნელობის ნაწილების დაცვას. ასევე, მათი ფრენის მაღალი სიჩქარე მფრინავს ხელს უშლიდა მიზანთან ვიზუალურ კონტაქტში. ამ პრობლემების მხედველობაში მიღების შემდეგ პავლე სუხოიმ და სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ მოკლე ვადებში დაიწყეს აღნიშნულ პროექტზე მუშაობა, თავდაცვის სამინისტროსა და საავიაციო მრეწველობის სამინისტროსთან ერთად.[4]
1969 წლის მარტში საბჭოთა კავშირის სამხედრო-საჰაერო ძალებმა გამოაცხადა კონკურსი ახალი თვითმფრინავის შესაქმნელად. კონკურსში მონაწილეობას იღებდნენ: სუხოის საკონსტრუქტორო ბიურო, იაკოვლევის საკონსტრუქტორო ბიურო, ილიუშინის საკონსტრუქტორო ბიურო და მიქოიანის საკონსტრუქტორო ბიურო. სუხოიმ თავის პროექტ „Т-8“-ზე მუშაობა დაასრულა 1968 წლის ბოლოს და 1972 წლის იანვარში შეუდგა პირველ საცდელ ნიმუშებზე (Т8-1 და Т8-2) მუშაობას. „Т8-1“ კორპუსზე მუშაობა დასრულდა 1974 წლის 9 მაისის დღესასწაულისთვის. მიუხედავად ამისა, მას პირველი გაფრენა 1975 წლის 22 თებერვლამდე არ განუხორციელებია. საბჭოთა საჰაერო ძალების კონკურსში სუ-25-მა აჯობა თავის მთავარ კონკურენტ ილ-102-ს.
„Т8-1“ და „Т8-2“ საცდელი ნიმუშების გაუმჯობესებაზე მუშაობის დროს, სუხოის საკონსტრუქტორო ბიურომ წამოაყენა წინადადება სუ-25-ების ნაწილის აწყობა დაწყებულიყო თბილისის 31-ე ქარხანაში, საქართველოს სსრ-ში, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა მიგ-21УМ-ის მთავარ საწარმოო ბაზას. ხანგრძლივი მოლაპარაკებებისა და საბჭოთა სამინისტროების ყველა სტადიაზე სახელმწიფო გამოცდის გავლის შემდეგ სუ-25-ს თბილისში წარმოებაზე ნებართვა გაიცა. წარმოება 1978 წელს დაიწყო.
1980-იანების ბოლოს და 1990-იანების დასაწყისში გამოჩნდა სუ-25 რამდენიმე ვარიანტი, მათ შორის მოდერნიზებული და სპეციალური დანიშნულებისთვის განკუთვნილი ვერსიები. ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტებია ორადგილიანი სავარჯიშო სუ-25УБ, ბუქსირებადი ვარიანტი სუ-25БМ და ტანკსაწინააღმდეგო მოდელი სუ-25Т. ამათ გარდა საქართველოსა და ებრაული ფირმა ელბიტის მიერ შეიქმნა საცდელი მოდელი სუ-25КМ, მაგრამ ჯერჯერობით ამ ვარიანტს დიდი კომერციული წარმატება არ მოუტანია. სუ-25 ერთადერთი დაჯავშნული თვითმფრინავია, რომელიც დღესაც იწარმოება.[5]
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებს გააჩნია ყველაზე დიდი რაოდენობით სუ-25-ები და გეგმავენ მათ მოდერნიზირებას სუ-25СМ-მდე. აღნიშნულ პროექტზე მუშაობა 2007 წელს შენელდა ფინანსების უკმარისობის გამო.
სუ-25 გააჩნია ნორმალურ აეროდინამიულად განლაგებული ტრაპეციული ფრთები და ჩვეულებრივი საჭე. კორპუსის შემადგენლობაში გამოიყენება რამდენიმე ტიპის ლითონი: 60% ალუმინი, 19% ფოლადი, 13.5% ტიტანი, 2% მაგნიუმის შენადნობი და 5.5% სხვადასხვა ლითონები.[6]
მფრინავი თვითმფრინავს მართავს ცენტრალური გადამრთველით და მარცხენა ხელის დროსელით. მფრინავი ზის კატაპულტირებად სავარძელში (სუ-27 მსგავსი) და გააჩნია ფრენის სტანდარტული ინსტრუმენტები. კაბინის უკან განთავსებულია 6 მმ სისქის ფოლადის ჩაფხუტი. კაბინას გააჩნია ჩაღრმავებული ფორმის ჩატანებული ერთმანეთზე მიდუღებული ტიტანის ფენები. კატაპულტირებადი სავარძლისთვის განკუთვნილი გიდის რელსები დამონტაჟებულია კაბინის უკანა კედელზე.
მფრინავი კაბინაში ზის დაბლა და დაცულია გვერდებიდან დამცავი მექანიზმებით. უკეთესი დაცულობის გამო მფრინავის ხილვადობა შეზღუდულია. უკან ხედვა ძლიერ შეზღუდულია, თუმცა მისი კომპენსირებისათვის მაღლა დაყენებულია პერიოსკოპი. სამართავი კაბინა მოძველებულია, რომელსაც არ გააჩნია სენსორული ინდიკატორიც კი საქარე მინაზე.[7]
იარაღი კაბინის ქვემოთ განყოფილებაში კაბინის ძირზე არის დაკიდული. ჰაერგაუმტარი საავიაციო განყოფილება მდებარეობს კაბინის უკან და წინა საწვავის ავზის წინ. კაბინის უკანა ნაწილის მარცხენა მხარეს დამონტაჟებულია კიბე, რომელიც უზრუნველყოფს კაბინაში მოხვედრას. ცხვირი აღჭურვილია ორი განმასხვავებელი გადამცემით.
სუ-25-ს ყველა ვერსიას გააჩნია ლითონის თავისუფლადმატარებელი ფრთები, მაღალი პროპორციები და მოწყობილობების მაღალი ტვირთამწეობა. ფრთა შედგება ორი სექციისგან, რომლებიც ფიუზელაჟთან ერთად ქმნის ერთ მთლიან ერთეულს. აეროდინამიური მუხრუჭები განთავსებულია ფრთების წვეროებში. აგრეთვე თითოეულ ფრთას გააჩნია 5-5 იარაღის საკიდი და ელერონი.
სუ-25-ს ადრინდელი ვერსიები აღჭურვილი იყო ორი Р95Ш ტიპის ტურბორეაქტიული ძრავით, რომელიც განთავსებული იყო ფიუზელაჟის კუდის ნაწილის ორივე მხარეს ცალკეულ განყოფილებებში. ძრავები და მის გარშემო მდებარე ფიუზელაჟის სტრუქტურები ცივდება ჰაერით, რომელიც მიეწოდება სპეციალური საჰაერო ხვრელებით. სადრენაჟო სისტემა აგროვებს ნავთობს, ჰიდრავლიკური სითხის ნარჩენებს და საწვავს ძრავებიდან გაფრენის ან წარუმატებელი სტარტის შემდეგ. მართვის სისტემის საშუალებით თითოეულ ძრავას შეუძლია დამოუკიდებლად მუშაობა. თვითმფრინავის ბოლო ვერსიები (სუ-25Т და სუ-25ТМ) აღჭურვილია გაუმჯობესებული Р-195 ტიპის ძრავებით.
1981 წლის 19 ივლისს დასავლეთ ავღანეთის ავიაბაზა შინდარდზე განთავსდა მე-200 საჰაერო-დამრტყმელი ესკადრილია. ეს იყო პირველი სუ-25-ები ამ ქვეყნის ტერიტორიაზე. მათი მთავარი მიზანი იყო საჰაერო დარტყმების გამხორციელება მთებში დამალული ავღანელი აჯანყებული სამხედრო ძალებისთვის.
ავღანეთში საბჭოთა ომის განმავლობაში სუ-25-დან გაშვებული იქნა დაახლოებით 139 ცალი ყველანაირი ტიპის მართვადი რაკეტა მოჯაჰედების თავშესაფრების მიმართულებით. ომის დაწყებიდან (1981 წელი), მისი დასასრულისთვის (1989 წელი) სამხედრო ოპერაციებში სულ 21 თვითმფრინავი იქნა დაკარგული.
სუ-25 გამოყენებულ იქნა 1980-1988 წწ. ირან-ერაყის ომშიც. ომის დროს ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალები აქტიურად იყენებდა სუ-25-ებს სხვადასხვა საჰაერო ამოცანებისთვის. ერთ-ერთი ინციდენტის დროს ირანული საზენიტო კომპლექსის რაკეტა მოხვდა ერაყის სუ-25-ს, მაგრამ მფრინავმა კატაპულტირება მოასწრო. ეს ირანის მიერ ერაყის სუ-25-ის დაზიანების ერთადერთი შემთხვევა იყო.
სპარსეთის ყურეში ომის დროს (ოპერაცია „უდაბნოს ქარიშხალი“) კოალიციის ძალებს უდიდესი უპირატესობა ჰქონდათ. 1991 წლის 25 იანვარს ერაყის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 7 სუ-25 გაიქცა ერაყიდან და დაეშვნენ ირანში.
1991 წლის 6 თებერვლის საღამოს აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების ორმა F-15C დაიჭირა ერაყის მიგ-21 და რამდენიმე სუ-25. ოთხივე ერაყული თვითმფრინავი დაცხრილულ იქნა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, ერაყის სუ-25-ების საჰაერო ბრძოლაში ჩაბმისა.
სუ-25-ები გამოიყენებოდა ეთიოპიის სამხედრო-საჰაერო ძალების მიერ. 2000 წლის 15 მაისს ეთიოპიის კუთვნილი სუ-25 დააზიანა ერიტრეის მიგ-29-მ, რასაც ემსხვერპლა მფრინავის სიცოცხლე.
სუ-25 იყენებდა მაკედონიის სამხედრო-საჰაერო ძალები 2001 წლის მაკედონიის კონფლიქტის დროს ალბანელი სეპარატისტების წინააღმდეგ. 2001 წლის 24 ივნისიდან თვითმფრინავმა განახორციელა მრავალჯერადი თავდასხმა სეპარატისტების პოზიციებზე. ყველაზე წარმატებული ოპერაცია განხორციელდა 2001 წლის 10 აგვისტოს სოფელ რადუშაში, როდესაც სუ-25 თავს დაესხა ალბანელ მებრძოლებს, რომლებმაც ორი დღით ადრე ჩასაფრება მოუწყეს მაკედონიელ სამხედროებს და 16 კაცი მოკლეს.
2004 წლის 6 ნოემბერს ადგილობრივი დროით 13:00-ზე. სულ მცირე ერთი კოტ-დ’ივუარის კუთვნილი სუ-25 თავს დაესხა საფრანგეთის სამშვიდობო ძალებს ქალაქ ბუაკეში. ინციდენტის შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 37 ფრანგი სამხედრო მოსამსახურე. ამის საპასუხოდ საფრანგეთის შეირაღებულმა ძალებმა მიიღო შესაბამისი ზომები და თავს დაესხა იამუსუკროს აეროპორტს, სადაც გაანადგურეს კოტ-დ’ივუარის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი 2 ცალი სუ-25.
2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაუდგენელი რაოდენობის საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი სუ-25-ები ბომბავდნენ მიზნებს სამხრეთ ოსეთში, ხოლო მას შემდეგ რაც ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ საჰაერო სივრცე დაიკავეს რუსულმა თვითმფრინავებმა, ქართულმა მხარემ ფრენები საერთოდ შეწყვიტა. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავები სუ-24-ები და მცირე რაოდენობით სუ-25-ები კი განუწყვეტლივ ბომბავდნენ ქალაქ გორს და ყველა სამხედრო ბაზასა თუ აეროპორტს. ქართული მხარის ინფორმაციით აგვისტოს ომის დროს რუსეთმა დაკარგა 22 საფრენი აპარატი, მაგრამ რუსულმა მხარემ დაადასტურა მხოლოდ სამი სუ-25-ის დაკარგვა. 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში რუსული სუ-25-ები თავს დაესხა თბილისის საავიაციო ქარხანას და დაბომბა ქარხნის აეროდრომი.
თვითმფრინავის ძირითადი ვერსიის წარმოება დაიწყო საბჭოთა საქართველოში თბილისის 31-ე ქარხანაში. 1978-1989 წლებში საქართველოში აეწყო 582 ერთადგილიანი სუ-25, ამ მაჩვენებელში არ შედიოდა საექსპორტო პროგრამით გათვალისწინებული სუ-25К. ეს თვითმფრინავი წარმოადგენს რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების მთავარ ბირთვს. რუსეთის სუ-25-ების ფლოტი დღეისათვის უდიდესია მსოფლიოში.
თვითმფრინავს ექსპლუატაციის პერიოდში განცდილი აქვს მრავალი უბედური შემთხვევა გამოწვეული სისტემის გაუმართაობით. ამ ინციდენტების კვალდაკვალ აიკრძალა მისი მთავარი შეიარაღების С-24 ტიპის რაკეტების გამოყენება. მის ნაცვლად შეიარაღებაზე მიიღო ФАБ-500 ტიპის 500 კილოგრამიანი მსხვრევად-ფუგასური საავიაციო ჭურვები.
სუ-25К (Коммерческий) საექსპორტო კომერციული ვარინტი შეიქმნა სუ-25-ის მთავარი მოდელის ბაზაზე. ეს მოდელი იწარმოებოდა აგრეთვე თბილისის 31-ე ქარხანაში. თვითმფრინავის ეს მოდელი საბჭოთა საჰაერო ძალების კუთვნილისგან განსხვავდებოდა კაბინის მცირე დეტალებით. სულ 1984-1989 წლებში დაახლოებით 180 ცალი სუ-25К იქნა გამოშვებული.
1977 წელს ააწყვეს პირველი სუ-25УБ (Учебно-Боевой). მის პირველ საცდელ ნიმუშს Т-8УБ-1 ეწოდა, რომელიც რეალიზებულ იქნა 1985 წლის ივლისში. ამავე წლის 12 აგვისტოს ულან-უდეს ქარხნის აეროდრომზე განხორციელდა მისი პირველი გაფრენა. თვითმფრინავის მთავარი მიზანი იყო მფრინავებისთვის წვრთნის ჩატარება და კადეტების მომზადება საბჭოთა საჰაერო ძალების მფრინავთა სკოლისთვის.
1986 წლის ბოლოსთვის ულან-უდეში აიწყო 25 ცალი სუ-25УБ, თუმცა მისი საბოლოო გამოცდები დასრულებული არ იყო და ამიტომ მისი დაშვება საბჭოთა კავშირის შეიარაღებაში ოფიციალურად არ მოხდა.
1986-1989 წლებში სუ-25УБ მშენებლობის პარალელურად ულან-უდეს ქარხანაში მუშაობენ მისი კომერციული ვარიანტის სუ-25УБК (Учебно-Боевой Коммерческий) შექმნაზე, რომელიც განკუთვნილი იყო იმ ქვეყნებში საექსპორტოდ რომლებმაც მიიღეს სუ-25К.
სუ-25УТГ (Учебно-Тренировочный с Гаком) წარმოადგენს სუ-25УБ ვარიანტს, რომლის შექმნის მთავარი მიზანი მფრინავებისათვის ავიამზიდიდან აფრენა-დაფრენის შესწავლა გახდა. 1988 წელს შედგა მისი პირველი გაფრენა და ამასთან ერთად გამოუშვეს 10 ცალი სუ-25УТГ. 1991 წლის შემდეგ რუსეთის შეირაღებაზე დარჩა მხოლოდ ნახევარი, რომელსაც იყენებდა ერთადერთი ავიამზიდი „ადმირალი კუზნეცოვი“. თვითმფრინავების ასეთი მცირე რაოდენობა არ იყო საკმარისი მფრინავების სრულად მოსამზადებლად, ამიტომ მათ დიდი რაოდენობით სუ-25УБ გადააკეთეს სუ-25УТГ და ეწოდათ სუ-25УБП (Учебно-Боевой Палубный) რაც მიუთითებდა მათ სამხედრო-საზღვაო კუთვნილებაზე. დაახლოებით 10 თვითმფრინავი ამჟამადაც რუსეთის ფლოტის ექსპლუატაციაშია როგორც 279-ე სამხედრო-საზღვაო პოლკის ავიაციის ნაწილი.
სუ-25БМ (Буксировщик Мишеней) წარმოადგენს სუ-25-ის ვარიანტს, რომლის განვითარებაც 1986 წელს დაიწყო. საცდელი ნიმუშის სახელად Т-8БМ1 გაფრენა პირველად თბილისში 1990 წლის 22 მარტს შედგა და გამოცდების შემდეგ თვითმფრინავი ჩაშვებულ იქნა სერიულ წარმოებაში.
სუ-25БМ-ის შექმნის მიზანი იყო მიწა-მიწა და მიწა-ჰაერის კლასის სამხედრო-საზღვაო სარაკეტო სისტემების თვითმფრინავის ბუქსირით ტრანსპორტირება პოლიგონზე. ეს ყოველივე მოქმედებაში მოყვანილი იქნა Р-195 ტიპის ძრავისა და შორი მოქმედების სანავიგაციო სისტემა РСДН-10 (დასავლური LORAN-ის სისტემის ანალოგი) დახმარებით.
სუ-25Т (Танковый) არის სპეციალური ტანკსაწინააღმდეგო ვერსია, რომლის ბრძოლისუნარიანობა წარმატებით იქნა გამოცდილი ჩეჩნეთის ომის დროს. მასში შეცვლილია რადიოტექნიკა, დამატებული არის „Шквал-ის“ სისტემა, ლაზერული მანძილმზომი და ასევე თვითმფრინავის ცხვირში მიზნის მანიშნებელი (იგივე სისტემაა გამოყენებული Ка-50 ტიპის ვერტმფრენში). „Шквал-ის“ ღამის ხედვის შესაძლებლობები შეზღუდულია. სუ-25Т აგრეთვე შუძლია მართვადი კამერით აღჭურვილი ბომბების КАБ-500Кр და Х-29Т ტიპის მართვადი კამერით აღჭურვილი მძიმე ტაქტკიური მიწა-ჰაერის კლასის რაკეტების გამოყენება.
სუ-25Т მეორე თაობაა სუ-25ТМ (აგრეთვე ცნობილი როგორც სუ-39), რომელშიც განვითარებულია სანავიგაციო და თავდასხმითი სისტემები და გააჩნია მაღალი გამძლეობა. თვითმფრინავში სუ-25 მსგავსად შენარჩუნებულია „Шквал-ის“ სისტემა და დამატებული აქვს „Копье“ ტიპის რადარი, რომელიც გამოიყენება საჰაერო და საზღვაო მიზნებისთვის. რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა ამჟამად ორივე ვერსიის თვითმფრინავი მცირე რაოდენობით მიიღო, ხოლო ამ თვითმფრინავებისთვის განკუთვნილი გაუმჯობესებული საავიაციო სისტემები გამოიყენეს სუ-25СМ-ში.
სუ-25КМ (Коммерческий Модернизированный) მეტსახელად "სკორპიონი" წარმოადგენს სუ-25-ის მოდერნიზებულ ვარიანტს, რომლის წარმოებაც 2001 წელს დაიწყო. მწარმოებელია თბილისის საავიაციო ქარხანა პარტნიორ ებრაულ ფირმა ელბიტთან ერთად. საცდელი მოდელის პირველი გაფრენა შედგა 2001 წელს თბილისში. სუ-25КМ თვითმფრინავები მთლიანად საქართველოს სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია.
თვითმფრინავი იყენებს სუ-25-ის სტანდარტულ კორპუსს დამატებული საავიაციო რადიოელექტრონიკით, შუშის კაბინით, ციფრული რუკის გენერატორით, კომპიუტერიზირებული იარაღის სისტემით და სხვ. მუშაობის ამაღლება მოიცავს ძალიან ზუსტ სანავიგაციო სისტემას, რომლის დახმარებითაც როგორც დღისით ისე ღამით და ნებისმიერ ამინდში შეუძლია დავალების შესრულება. ის ასევე სრულიად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან.
სუ-28 (აგრეთვე ცნობილი როგორც სუ-25УТ - Учебно-Тренировочный) მთავარი გაუმჯობესებული რეაქტიული სავარჯიშო თვითმფრინავია. ის აწყობილია სუ-25УБ ბაზაზე, როგორც სუხოის საკონსტრუქტორო ბიუროს კერძო ინიციატივა. სუ-28 მსუბუქი საჰაერო ხომალდია შექმნილი ჩეხოსლოვაკური L-39 ალბატროსის შესაცვლელად. სუ-25УБ-საგან განსხვავებით მას გააჩნია რამდენიმე ნაკლი, იარაღის მართვის სისტემაში, ჩამონტაჟებულ იარაღში, კორპუსის ჯავშანში და სხვ.
ძირითადი მაჩვენებლები
მოქმედება
შეიარაღება
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.