From Wikipedia, the free encyclopedia
სპილოსებრნი (Elephantidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი ხორთუმიანების რიგისა. ტანად დიდი ცხოველები. მათი სიმაღლე 3,5 მ, ხოლო მასა — 4-5 ტ აღწევს. აქვთ მასიური სხეული, დიდი თავი, მოკლე კისერი, ბოძისებური ფეხები, წინა ფეხი 5-თითიანია, უკანა 5 ან 4-თითიანი. თითოეულ თითს პატარა ჩლიქი შეესატყვისება. ზედა ტუჩისა და ცხვირის ერთმანეთთან შეზრდის შედეგად წარმოქმნილია გრძელი და მოქნილი ხორთუმი. იგი წარმოადგენს შეხებისა და ყნოსვის, ამავე დროს საგნების გადასაადგილებელ ორგანოს. ყბებზე 4-4 კბილი აქვთ. კბილები დროთა განმავლობაში ცვდება და მათ ადგილს იკავებს მომდევნო კბილები, რაც ცხოველის სიცოცხლის განმავლობაში 6-ჯერ მეორდება. ეშვები არა აქვთ. ზედა შუა საჭრელები წაგრძელებულია და ქმნიან შუანებს, რომელთა სიგრძე შეიძლება 4 მ, ხოლო მასა 100 კგ აღწევდეს. შუანები აქვთ მხოლოდ მამლებს, იშვიათად უვითარდება დედალ აფრიკულ სპილოს (თანაც მეტად მოკლე). სპილოსებრთა კუჭი მარტივია, კანის სისქე 3-4 სმ აღწევს. ბალნიანი საფარველი რედუცირებულია. მაკეობა 628 დღემდე (ზოგი ცნობით 24 თვემდე) გრძელდება. შობენ ერთ ნაშიერს, რომლის მასა 90 კგ აღწევს. სქესობრივად მწიფდებიან 17-20 წლისა, ცოცხლობენ 80 წლამდე. იკვებებიან მცენარეებით, ზოჯერ ჭამენ მსხვილ ტოტებს, ფიჩხებს, ფოთლებს, ხის ქერქს. საკვების ძებნისას ხშირად 100 კმ-ზე მეტის გავლა უხდებათ. თავისუფლად იკაფავებ გზას უღრანსა და დაბურულ ტყეში, ჭაობიან ადგილებში და სხვა. წყალს ხორთუმით იღებენ და პირში ისხამენ. ცხოვრობენ ჯოგებად, რომლებშიც თავს იყრის 10-დან 100-ზე მეტი ეგზემპლარი.
სპილოსებრნი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
აზიური სპილო (Elephas maximus) | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Elephantidae (J. E. Gray, 1821) | ||||||||||||
გავრცელება | ||||||||||||
|
სპილოსებრნი მრავალ ადგილას მოსპობილია. ამჟამად ყველგან იცავენ. იყენებენ სპილოსებრთა ძვალს (შუანებს). ხორცი საკვებად ვარგისია. ცნობილია სპილოსებრთა 2 გვარის თითო სახეობა: აზიური სპილო (Elephas maximus) გავრცელებულია ინდოეთში, ბირმაში, ნეპალში, ტაილანდში, ვიეტნამში, მალაიზიაში, კუნძულ სუმატრაზე, შრი-ლანკაზე. მისი მოთვინიერება და გაწვრთნა ადვილია. როგორც ამოწყდომის გზაზე მდგომი სახეობა, შეტანილია „წითელ წიგნში“.
სპილოს ძვალზე ძალიან დიდი მოთხოვნილებაა. მისი უდიდესი მომხმარებელი იაპონიაა, მსგავსი მოთხოვნილება შეინიშნება ჩინეთშიც, სადაც სპილოს ძვლის ჩხირები დღემდე პოპულარობით სარგებლობს. აფრიკული სპილოსგან განსხვავებით, ინდური სპილოებიდან მხოლოდ მამლებს აქვთ ე.ე. „ ეშვები“. ასე რომ, მონადირეთა მთავარი სამიზნეები მოზრდილი „ეშვებიანი“ სპილოებია. ერთ–ერთი ოფიციალური მონაცემის თანახმად, ინდოეთში ყოველწლიურად ასობით [მამალ] სპილოს ხოცავენ, რითაც მამალი და დედალი სპილოების თანაფარდობა ირღვევა. მსგავსი ნადირობა გადაშენების საფრთხეს უქმნის ამ სახეობის არსებობას.
სავანის სპილო (Loxodonta africana) გვხვდება თითქმის მთელ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. დანარჩენი სახეობები, მათ შორის, მამონტები (Mammuthus), გამყინვარების პერიოდში ამოწყდნენ, რომელიც დაახლოებით 10 000 წლის წინათ დასრულდა. ვარაუდობენ, რომ სპილოები მეოთხეულ პერიოდში გაჩნდნენ. სპილოებზე ნადირობენ მათი ძვლის მოსაპოვებლად რომლებსაც იყენებდნენ მორთულობებსა და სამკაულებში. სპილოსებრთა საბოლოო გადაშენებისგან დასაცავად, ისინი შეიტანეს საერთაშორისო წითელ წიგნში. ინდური სპილოები ადვილი გასაწრთვნელი არიან. მათ ტრანსპორტის სახითაც იყენებენ, რთულად მისადგომ ადგილებში მორების გადასაზიდად. ინდურ სპილოს შეხვდებით ცირკშიც. აფრიკული სპილოები არ იწრთვნება.
სპილოები პირველად მიიჩვიეს და საომარ მოქმედებებში გამოიყენეს ინდოეთში (ცნობილი ფაქტია ალექსანდრე მაკედონელის ლაშქართან შეტაკებისას სპილოებიც იღებდნენ მონაწილეობას). მოგვიანებით სპილოებს იყენებდნენ როგორც მაკედონიაში, ასევე სხვა ელინისტური სახელმწიფოებში. უნდა აღინიშნოს, რომ ბრძოლებში სპილოებს უმეტესად მოწინააღმდეგის შესაშინებლად იყენებდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სპილოები სუსტი მებრძოლები არიან, მაგრამ სპილოები იძულებულნი იყვნენ მტრებს დასხმოდნენ თავს და სასიკვდილოდ გასწორებოდნენ,რაც გარკვეულ სირთულეს წარმოადგენდა.
საომარ მოქმედებებში ასევე სპილოები გამოიყენა, ანტიკური ეპოქის კართაგენის მხედართმთავარმა, ჰანიბალმა, ძვ. წ. III საუკუნეში. ჩრდილოეთ აფრიკის ქალაქ-სახელმწიფოს საუკუნის მანძილზე ჰქონდა რომთან ბრძოლები, რომლებიც პუნიკური ომების სახელითაა ცნობილი. ჰანიბალმა კართაგენში შეკრიბა ჯარი რომზე იერიშის მისატანად. თავდაპირველად მან გადალახა პირენეს მთები და შევიდა დღევანდელი საფრანგეთის ტერიტორიაზე. შემდეგ, როგორც ჟურნალ „არქეოლოგიაშია“ ნათქვამი, მან „ისტორიაში ყველაზე გაბედულ სამხედრო მანევრს“ მიმართა და 25 000-კაციანი ჯარით, რომელსაც 37 აფრიკული სპილო და სურსათ-სანოვაგით დატვირთული ცხოველები ახლდა, ალპების გავლით იტალიაში გადავიდა. მათ მოუწიათ სიცივეში, ქარბუქში და კლდე-ღრეში სიარული, აგრეთვე მთაში მცხოვრებ ტომებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. ამ გზის გავლა სპილოებს ძალიან გაუჭირდათ. იტალიაში ჰანიბალის ჩასვლის პირველივე წელს ყველა დაიხოცა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.