From Wikipedia, the free encyclopedia
სირიის არაბული რესპუბლიკის საგარეო პოლიტიკის მთავარი მიზნები ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მეზობელ არაბულ სახელმწიფოებზე გავლენის ზრდა და გოლანის მაღლობების დაბრუნებაა. ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთში სირიას დაძაბული ურთიერთობები ჰქონდა მის მეზობლებთან, როგორიცაა: თურქეთი, ისრაელი, იორდანია, ერაყი და ლიბანი. XXI საუკუნეში სირიასა და რამდენიმე სახელმწიფოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, თუმცა არბაულმა გაზაფხულმა და სირიის სამოქალაქო ომმა ურთიერთობები კვლავ გააუარესა.
მიმდინარე სამოქალაქო ომის დროს სირიის არაბული რესპუბლიკის მთავრობა რეგიონის სახელმწიფოებისა და საერთაშორისო საზოგადოებიდან იზოლირებული იყო 2018 წლამდე. დიპლომატიური ურთიერთობები გაუარესდა უამრავ ქვეყანასთან, მათ შორის: თურქეთთან, საუდის არაბეთთან, კანადასთან, საფრანგეთთან, იტალიასთან, ავსტრალიასთან, ახალ ზელანდიასთან, სამხრეთ კორეასთან, შვეიცარიასთან, შვედეთთან, დანიასთან, ნიდერლანდებთან, გერმანიასთან, აშშ-თან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ბელგიასთან, ესპანეთთან, იაპონიასთან, მექსიკასთან, კატართან და უკრაინასთან.[1] 2011 წელს სირიას არაბული ქვეყნების ლიგაში სტატუსი შეუჩერეს, ხოლო 2012 წელს ― ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში. სირია კარგი ურთიერთობების შენარცუნებას ცდილობს მის სავაჭრო მოკავშირეებთან: ირანთან და რუსეთთან.
სირიასთან შედარებით კარგი ურთიერთობები აქვთ: ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ვიეტნამს,[2][3] ფიჯის, სინგაპურს, შრი-ლანკას,[4] ლაოსს,[5] მიანმარს,[6] კამბოჯას,[7] ტაილანდს,[8] ინდოეთს,[9][10][11] ფილიპინებს,[12] პაკისტანს,[13] ბანგლადეშს,[14] მალაიზიას,[15]ინდონეზიას,[16] ბრუნეის,[17] სომხეთს,[18] აზერბაიჯანს, ყაზახეთს,[19] ყირგიზეთს,[20] უზბეკეთს,[8] თურქმენეთს,[8] მონღოლეთს,[21] ტაჯიკეთს,[22] საბერძნეთს, კვიპროსს, ჩრდილოეთ მაკედონიას,[23] ჩეხეთის რესპუბლიკას, რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთს,[24] სერბეთს, მონტენეგროს,[25] ვატიკანსა და ბელარუსს.[26]
სირიას დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს ისრაელთან, თუმცა დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან.[27] სირიას ურთიერთობები აქვს ერაყის ქურთისტანთანაც.[28]
სირიას ურთიერთობები აქვს ანგოლასთან,[29] კამერუნთან,[30] ერიტრეასთან,[31] მალისთან,[32] მოზამბიკთან,[33] ნიგერთან, ნიგერიასთან,[34][35] სენეგალთან,[36] სამხრეთ აფრიკასთან,[37][38] უგანდასთან,[39] უგანდასთან, ტანზანიასთან[40] და ზიმბაბვესთან.[41]
ალჟირის საელჩო დამასკოში მდებარეობს, ხოლო სირიის საელჩო ალჟირში. ორივე სახელმწიფო არაბული ქვეყნების ლიგის წევრია (თუმცა სირიას 2012 წლიდან სტატუსი აქვს შეჩერებული). ალჟირი ერთ-ერთია არაბულ ქვეყნებს შორის, რომელიც ბაშარ ალ-ასადის მთავრობასთან ურთიერთობებს ინარჩუნებს და არაბული ქვეყნების ლიგაში მის მთავრობას იცავს.
წარსულში ორივე სახელმწიფო რომის იმპერიის კოლონია იყო, ხოლო შემდეგ არაბებმა დაიპყრეს და არაბული მუსლიმური სახელმწიფოები გახდნენ. შემდეგში მაროკო დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა, ხოლო სირია ოსმალეთის იმპერიის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა, სანამ ორივე სახელმწიფო საფრანგეთმა არ დაიპყრო.[42] სირიის სამოქალაქო ომის დროს მაროკო სირიის მთავრობის წინააღმდეგ ოპოზიციას უჭერდა მხარს, რამაც ქვეყნებს შორის ურთიერთობები დაძაბა. 2012 და 2013 წლებში მაროკომ ასადის საწინააღმდეგო შეხვედრებს უმასპინძლა.[43] მაროკოც და სირიაც გაერთიანებული ერების ორგანიზაციის, არაბული ლიგისა და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის წევრები არიან.
იორდანიაც და სირიაც ოსმალთა იმპერიის ნაწილი იყვნენ. ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები მერყეობს ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობებიდან შეიარაღებულ კონფრონტაციებამდე.
სპარსეთის ყურის მეორე ომის შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა. 1994 წელს ისრაელსა და იორდანიას შორის სამშვიდობო შეთანხმება დაიდო და იორდანიის ჰაშემიტურ სამეფოსა და ისრაელის სახელმწიფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, რის შემდეგაც იორდანია სირიელი ბიზნესმენებისთვის პალესტინის ტერიტორიებზე ბიზნესის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი ტრანზიტული წერტილი გახდა.
2012 წელს სირიის სამოქალაქო ომის დაწყების შემდეგ იორდანიასა და სირიას შორის ურთიერთობები დაიძაბა და საზღვარზე შეტაკებებიც მოხდა.[44]
ლიბანსა და სირიას შორის ურთიერთობები 2008 წლის ოქტომბერში დამყარდა, როდესაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ-ასადმა ლიბანთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ დეკრეტი გამოსცა. ტრადიციულად სირია ლიბანს დიდი სირიის ნაწილად აღიქვამს.[45] ოსმალთა იმპერიაში ლიბანი და სირია ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში შედიოდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ერთა ლიგის გადაწყვეტილებით ოსმალთა დიდ სირიაზე მანდატი საფრანგეთს გადაეცა, რომლისგანაც 1943 წელს ლიბანმა, ხოლო 1946 წელს სირიამ მოიპოვა დამოუკიდებლობა. 2008 წელს სირიამ ლიბანის დამოუკიდებლობა ოფიციალურად აღიარა.[46]
სირიასა და ჩრდილოეთ კორეას ძალიან ახლო ურთიერთობები აქვთ 1960-იანი წლებიდან, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ სირიას ისრაელის წინააღმდეგ საბრძოლველად სამხედრო მხარდაჭრა აღმოუჩინა.[47] ჩრდილოეთ კორეის საელჩო დამასკოში, ხოლო სირიის საელჩო ფხენიანში მდებარეობს.[48]
ჩრდილოეთ კორეამ საკუთარი იონბენის რეაქტორის მსგავსი ბირთვული რეაქტორი ააგო სირიაში, რომელსაც ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები რეგულარულად სტუმრობდნენ. სირიის რეაქტორი 2007 წელს ისრაელის საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა.[49]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.