![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/b/bb/Strix_aluco_1_%2528Bohu%25C5%25A1_%25C4%258C%25C3%25AD%25C4%258Del%2529.jpg/640px-Strix_aluco_1_%2528Bohu%25C5%25A1_%25C4%258C%25C3%25AD%25C4%258Del%2529.jpg&w=640&q=50)
ბუ
ფრინველი ბუსნაირთა რიგისა / From Wikipedia, the free encyclopedia
ბუ,[1] რუხი ბუ,[2] ტყის ბუ,[3][4] ან ჩვეულებრივი ტყის ბუ[5] (ლათ. Strix aluco) — ფრინველი ბუსნაირთა რიგისა.
ბუ | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
![]() | |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Strix aluco (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
![]() IUCN 3.1 Least Concern : 22725469 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
![]() | |||||||||||||||
|
საშუალო სიდიდისაა, მისი სხეულის სიგრძეა 38 სმ-მდე; ფრთის შლილი 95–105 სმ; მასა 420–590 გრამი, დედალი ზომით უფრო დიდია. ფრენის დროს კარგად უჩანთ ფართო გრძელი ფრთები და საკმაოდ მოკლე კუდი. საერთო შეფერილობა ჟანგმიწოვან-მორუხო (მოყვითალომდე) ან ჟანგმიწოვან-წითურია; სხეულის ქვედა ნაწილი უფრო ღია ფერისაა; გვხვდება მელანისტი ეგზემპლარებიც.[1] ჯდომისას, ისივე როგორც ფრენისას, მხრებსა და ფრთის მფარავ ბულბულზე ემჩნევა თეთრი ზოლები. ზურგზე ბაცი და მკვეთრი ლაქები აყრია. მკერდზე გასდევს გრძივი ფართო მუქი ლაქები. თვალები დიდი ზომის და ახლო-ახლო განლაგებული, ფერად შავი. ნისკარტი ყვითელი, მოკლე და ვიწროა; იგი მაგარი წვერით მთავრდება; ზედა ნაწილში ნესტოებია განლაგებული. თავზე არ აქვს წაგრძელებული ბუმბულის კონები, ე. წ. „ყურები“. ძლიერი თითები ბასრი ბრჭყალებით ბოლოვდება.
გავრცელებულია ევრაზიასა (ატლანტის ოკეანიდან ურალის მთებამდე და მდინარე იშიმამდე, კავკასიაში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ავღანეთში, ჩრდილოეთ პაკისტანში და სხვ.) და ჩრდილო-დასავლეთ აფრიკაში. საქართველოში მობინადრეა. ბინადრობს შერეულ ან ფართოფოთლოვან მაღალტანიან ტყეებში, პარკებსა და ბაღებში. ვერტიკალურად ადის ზღვის დონიდან 2400 მეტრამდე.[1]
სქესობრივ სიმწიფეს 1 წელში აღწევს. მონოგამური ფრინველია. ბუდეს ხის ფუღუროში, პირდაპირ ხეზე, სხვა ფრინველის მიტოვებულ ბუდეში ან სახლის სხვენზე იკეთებს, იშვიათად — კლდის ნაპრალში.[1] კვერცხმდებლობა მარტის ნახევრიდან აპრილის ნახევრამდე მიმდინარეობს, დებს საშუალოდ 2–4 (6-მდე) თეთრი ფერის მომრგვალებულ კვერცხს.[1] ინკუბაცია 30 დღემდე გრძელდება; ბარტყები ფრენას 35–39 დღეში იწყებენ.
იკვებება წვრილი მღრღნელებით, ნადირობს ფრინველებზე, ბაყაყებსა და უხერხემლოებზეც. ველურ ბუნებაში 5 წლამდე ცოცხლობს, ტყვეობაში — 21 წელზე მეტს.