![cover image](https://wikiwandv2-19431.kxcdn.com/_next/image?url=https://upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/2/20/16._%25D0%25A0%25D0%25B5%25D0%25B0%25D0%25BA%25D1%2586%25D0%25B8%25D1%2598%25D0%25B0_%25D0%25BC%25D0%25B5%25D1%2593%25D1%2583_%25D1%2581%25D0%25B8%25D0%25BB%25D0%25BD%25D0%25BE_%25D0%25BE%25D0%25BA%25D1%2581%25D0%25B8%25D0%25B4%25D0%25B0%25D1%2586%25D0%25B8%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25BE_%25D0%25B8_%25D1%2580%25D0%25B5%25D0%25B4%25D1%2583%25D0%25BA%25D1%2586%25D0%25B8%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25BE_%25D1%2581%25D1%2580%25D0%25B5%25D0%25B4%25D1%2581%25D1%2582%25D0%25B2%25D0%25BE.webm/640px--16._%25D0%25A0%25D0%25B5%25D0%25B0%25D0%25BA%25D1%2586%25D0%25B8%25D1%2598%25D0%25B0_%25D0%25BC%25D0%25B5%25D1%2593%25D1%2583_%25D1%2581%25D0%25B8%25D0%25BB%25D0%25BD%25D0%25BE_%25D0%25BE%25D0%25BA%25D1%2581%25D0%25B8%25D0%25B4%25D0%25B0%25D1%2586%25D0%25B8%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25BE_%25D0%25B8_%25D1%2580%25D0%25B5%25D0%25B4%25D1%2583%25D0%25BA%25D1%2586%25D0%25B8%25D0%25BE%25D0%25BD%25D0%25BE_%25D1%2581%25D1%2580%25D0%25B5%25D0%25B4%25D1%2581%25D1%2582%25D0%25B2%25D0%25BE.webm.jpg&w=640&q=50)
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები
From Wikipedia, the free encyclopedia
ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები ორგანიზმში — ბიოქიმიური პროცესები, რომლის დროსაც წყალბადის ელექტრონი ან ატომი გადადის ერთი მოლეკულიდან (დასაჟანგიდან) მეორეში (აღსადგენში). ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების კატალიზატორებია ფერმენტები — ოქსიდორედუქტაზები. ზოგი ჟანგვა-აღდგენითი რეაქციის დროს გამოყოფილი ენერგია მარაგის სახით გროვდება სირმანოიდის ნაერთების მოლეკულების ქიმიურ ბმებში. ჟანგვა-აღდგენითი რეაქციებს ეკუთვნის ტრიკარბონის მჟავების ციკლის რეაქციები, სუნთქვის, ფოტოსინთეზის, დუღილის დროს ელექტრონების გადატანის რეაქციები, ცხიმოვანი მჟავების სინთეზისა და დაჟანგვის რეაქციები და ცოცხალ უჯრედში მიმდინარე სხვა პროცესები.
ელექტრონული თეორიით ჟანგვა-აღდგენის ეწოდება ისეთ რეაქციას, რომლის დროსაც მორეაგირე ნივთიერების მოლეკულაში იცვლება ელემენტის ჟანგვის ხარისხი.
ჟანგვა არის:
- ნივთიერებასთან ჟანგბადის მიერთება;
- ნივთიერებიდან წყალბადის მოხლეჩა;
- ნივთიერებიდან ელექტრონების გაცემა.
შესაბამისად, აღდგენა არის:
- ნივთიერებასთან წყალბადის მიერთება;
- ნივთიერებიდან ჟანგბადის ჩამოშორება;
- ნივთიერებასთან ელექტრონების მიერთება.
ელემენტის ჟანგვის ხარისხის ცვლილება დამოკიდებულია სავალენტო ელექტრონების რაოდენობის ცვლილებაზე. ჟანგვა-აღდგენის რეაქციის პროცესში ერთი ელემენტი გასცემს ელექტრონს, მეორე კი — იძენს მას. ელექტრონის გაცემის შემთხვევაში ატომი იმუხტება დადებითად, შეერთების შემთხვევაში კი უარყოფითად.