ნარმერის ფილა
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ნარმერის ფილა (ძვ. წ. XXX ს.) — ერთ-ერთი უძველესი რელიეფია, რომელიც მოგვითხრობს ეგვიპტის გაერთიანების ისტორიას. იგი თანმხლები წარწერების გარეშეა, მაგრამ თავად წარმოადგენს ამბის თხრობას, პიქტოგრამას. ფილის ორივე მხარეს გამოსახულია რელიეფები. ერთ მხარეს დატანილი გამოსახულება იშიფრება შემდეგნაირად: „მეფემ 6000 ტყვე გამოიყვანა ბრძოლის ველიდან“, მეორე მხარეს კი — „მეფე ანგრევს სიმაგრეებს, ანადგურებს მტერს“.
მასალა | ალევროლიტი |
---|---|
ზომა | 63,5 X 42 X 2,5 სმ. |
შექმნის თარიღი | ძვ. წ. XXXI საუკუნე |
აღმოაჩინეს | 1897-1898 წწ. |
ამჟამინდელი ადგილმდებარეობა | ეგვიპტის მუზეუმი (კაირო) |
ნარმერის ფილის ორივე მხარე ხაზებით ჰორიზონტალურ არეებადაა დაყოფილი, რომლებზეც ცალკეული სცენებია გამოსახული.
ერთ მხარეს, ყველაზე დიდ არეზე, წარმოდგენილია ჩრდილო ეგვიპტის ფარაონი ნარმერი, რომელიც მის წინ მუხლებზე დაცემულ, სამხრეთის ფარაონს კომბალს უღერებს. აქვეა ნილოსის დელტის სიმბოლო, რომელზეც ჰორი, ღვთაებრივი შევარდენი ზის და თოკზე გამობმულ დამარცხებული ფარაონის თავს მიართმევს გამარჯვებულს. ფილის ქვედა, ვიწრო, არეზე დამარცხებული მეომრების გაქცევაა წარმოდგენილი. ფილის ზედა ნაწილში ცის ქალღმერთის, ფარაონის მფარველის, ჰათორის სიმბოლური გამოსახულებებია — ქალის სტილიზებული სახეები ორი რქითა და ყურებით.
მეორე მხარეს ჰორიზონტალურ სარტყლებად სამი სცენაა მოცემული. სულ ზემოთ, გამარჯვებული ფარაონი თავის მხლებლებთან ერთად ბრძოლის ველის დასათვალიერებლად მიემართება, რომელიც მოწინააღმდეგეთა თავმოკვეთილი გვამებითაა მოფენილი. შუა სცენა წარმოგვიდგენს ორ ფანტასტიკურ ცხოველს, რომელთა გრძელი, გადახლართული კისრები სცენის ცენტრში წრეს ქმნიან. წრე, შესაძლოა, ქვეყნის გაერთიანების სიმბოლო იყოს და ამავე დროს მარადიულობისა და უსასრულობის დატვირთვაც ჰქონდეს. ქვედა ნაწილში კი გამოსახულია ფარაონი ხარის სახით, რომელიც დამარცხებულს თელავს და ანგრევს მტრის ციხეს.
აღსანიშნავია ისიც, რომ ყველგან, სადაც გამარჯვებული ფარაონია გამოსახული, იგი ზომით ყველა სხვა ფიგურას მნიშვნელოვნად აღემატება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.