From Wikipedia, the free encyclopedia
მედიაცია — დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმია. აღნიშნული შესაძლებელს ხდის დავის გადაწყვეტას სასამართლოს გარეშე. მედიაციის მიმდინარეობისას მიუკერძოებელი მესამე მხარე ეხმარება მხარეებს კონფლიქტის მოგვარებაში.
მედიაციის პროცესში ყველა მონაწილე აქტიურადაა ჩართული. პროცესი ორიენტირებულია მხარეების საჭიროებებზე, მათი ინტერესების გათვალისწინებაზე. მედიატორი იყენებს არაერთგვაროვან ტექნიკას, არავერბალურ კომუნიკაციას, სხვადასხვა მეთოდს, რათა პროცესი კონსტრუქციულად წარმართოს. იგი წარმართავს მხარეთა ურთიერთობას და ცდილობს, დაამყაროს ღია და გამჭვირვალე დამოკიდებულება მოდავე მხარეებს შორის. მედიატორი ნეიტრალური პირია, რაც ნიშნავს, იმას, რომ მის ქმედებაში არ უნდა იკვეთებოდეს მიკერძოებისა და სუბიქტურობის ელემენტი. მაგ: მას არ შეუძლია მხარეებს მიუთითოს რაიმე ქმედების განხორციელებაზე, ან მისცეს მხარეებს რჩევები.(მაგ: „თქვენ უნდა გააკეთოთ“...) .
ტერმინი „მედიაცია“ საერთაშორისო დონეზე არ სარგებლობს ერთი სამართლებრივი სტანდარტით. მისი ვარიაციები რეგულირებულია ქვეყნის შიდაკანონმდებლობით. სწორედ აღნიშნულის გამო, მედიაციის მრავალ ფორმას შევხვდებით. დოქტრინაში არსებული შეხედულებით, ძირითადად, მედიაციის ორ ფორმას გამოყოფენ. პირველი- ქვეყნები, სადაც მედიაცია სიღრმისეულადაა რეგულირებული. ამის ყველაზე ნათელი მაგალითი ავსტრიაა. ავსტრიაში მიღებულია „სამოქალაქო სამართლის მედიაციის აქტი“,ამას გარდა, ცალკე რეგულირების სახით არის მიღებული „სამოქალაქო სამართლის მედიაციის მედიატორთა ტრეინინგ რეგულაციები“. ვიწრო რეგულირების მომხრე ქვეყნების არგუმენტაცია კი ძირითადად გამყარებულია შემდეგი მოსაზრებით: ზედმეტი რეგულაციები ბოჭავს ინსტიტუტის განვითარებას. ამასთანავე, გამოყოფენ მედიაციის ბუნებასაც. პრაქტიკაში ძირითადად ვხვდებით კერძო მედიაციას, სასამართლო მედიაციასა და სასამართლოსთან დაკავშირებულ მედიაციას. კერძო მედიაცია სწორედ იმით განსხვავდება დანარჩენებისგან, რომ მას არანაირი შემხებლობა არ აქვს სასამართლო სისტემასთან და უფრო მეტიც, დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხით სარგებლობს.
მედიაციის საერთაშორისო რეგულირების მთავარი აქტი- გაეროს სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მიერ 2002 წელს საერთაშორისო კონსილაციის შესახებ მიღებული მოდელური კანონია. წინამდებარე აქტის გამოცემას წინ უძღოდა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შემუშავებული „მედიაციის უნიფიცირებული აქტი“. ზემოაღნიშნული აქტი 2001 წელს იქნა მიღებული. მისი რატიფიკაცია მოახდინა ამერიკის შეერთებული შტატების არაერთმა შტატმა. მიუხედავად იმისა, რომ უნიფიცირებული აქტი ბევრ მნიშვნელოვან დებულებას შეიცავდა, აუცილებელი იყო დღისწესრიგში დამდგარიყო ევროპის არეალზე მედიაციის აქტუალობის საკითხი. ევრო საბჭოს კომიტეტმა შეიმუშავა 4 რეკომენდაცია:
წინამდებარე ქმედებით დაიწყო მედიაციის პოპულარიზაცია ევროპის ქვეყნებში. შემდგომ უკვე ევროპარლამენტმა მიიღო „სამოქალაქო და კომერციულ საქმეებზე მედიაციის გარკვეული ასპექტების შესახებ“ დირექტივა. დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების იმპლემენტირება მოახდინა ევროკავშირის წევრმა თითქმის ყველა ქვეყანამ.
მიუხედავად იმისა, რომ მედიაცია თანამედროვე სიახლეს წარმოადგენს როგორც ლოკალური კანონმდებლობის, ისე საერთაშორისო არეალზე არსებული ვითარებისთვის, ქართულ წყაროებში აშკარად ვხვდებით არაერთ პროცესუალურ მაგალითს, რომლებიც თავისი შინაარსობრივი მხარით უახლოვდებიან მედიაციის ინსტიტუტს. საქართველოს კუთხეების მაგალითზე დაყრდნობით, თითოეული მხარე ინდივიდუალური დავის გადაწყვეტის მექანიზმის არსებობით გამოირჩეოდა. მაგალითად: სვანეთში დავის გადაწყვეტად ფიცის დადება ითვლებოდა, მედიატორების ფუნქცია კი- ,,მორუალებს’’ ჰქონდათ შეთავსებული. ხევსურეთში ასეთ ადამიანს- რჯულის კაცად მოიხსენიებდნენ, ფშავში-ბჭეს უწოდებნდნენ. აღსანიშნავია, ასევე ის ფაქტიც, რომ მე-20 საუკუნის გურიაში შუამავლის მიერ აქტიურად განიხილებოდა საოჯახო ურთიერთობის გადაწყვეტის საკითხი.
მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე სწორედ მედიატორიაა, ვინაიდან, მასზეა დამოკიდებული კონფლიქტის მოგვარების საკითხი. ზემოხსენებულიდან გამომდინარე, მედიატორის კომპეტენცია პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე ელემენტია. ის თუ როგორი უნდა იყოს მედიატორი, რა უნარებსა და გამოცდილებას უნდა ფლობდეს, ყოველი სახელმწიფოს დისკრეციაა, ვინაიდან, საერთაშორისო რეგულირება ვალდებულებისა და შებოჭვის სახით არ არსებობს. ქვეყნები თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განსაზღვრავენ კრიტერიუმებს.
კრიტერიუმები მოიცავს:
საქართველოს კანონმდებლობა მედიატორთა შერჩევის პროცესში რაიმე სახის კრიტერიუმებსა და იმპერატიულ მოთხოვნებს არ აწესებს.
მედიაციის შესახებ გერმანიის კანონმა შემოიღო სერტიფიცირებული მედიატორის ტერმინი, რაც გულისხმობს, რომ სერტიფიცირებულ მედიატორს გავლილი უნდა ჰქონდეს სულ მცირე 120 საათიანი ინტენსიური ტრენინგები.
მედიატორს შესაძლებელია დაეკისროს სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პასუხისმგელობის საკითხი შესაძლებელია დადგეს მედიატორის კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევისას. ასევე, პასუხისმგელობა შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულებიდან, კონკრეტულად კი ხელშეკრულების რომელიმე პირობის დარღვევისას, აღებული ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებისას. შესაძლებელია პასუხისმგებლობის წარმოშობა უკავშირდებოდეს მედიატორის სუბიექტურობას, როცა მედიატორი მოქმედებს მხოლოდ მისი ინტერესის შესაბამისად და გავლენას ახდენს მედიაციის პროცესზე ა.შ. მიუხედავად პასუხისმგებლობის საკითხის ჰიპოთეტური შესაძლებლობისა, პრაქტიკულად, მსგავსი შემთხვევები ძალიან იშვიათია. სასამართლომდე ძირითადად, მსგავსი საქმეები არ მიდის. საერთაშორისო არეალზე მსგავსი ვითარება დადგა მხოლოდ ერთ შემთხვევაზე, რომელიც ავსტრალიის სასამართლომ განიხილა.
აღნიშნული საქმე პრეცედენტს წარმოადგენს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასამართლომ იმსჯელა მედიატორის პასუხისმგებლობის საკითხზე. მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა პასუხისმგებლობის საკითხში არ დაკმაყოფილდა, აღნიშნული საქმით ხაზი გაესვა მედიატორის მოვალეობას- იმოქმედოს მხარეთა ინტერესების შესაბამისად, ამასთანავე, საქმემ დაადგინა, რომ მოვალეობასთან ერთად, მხარეებს ენიჭებათ უფლება-ყოველი კონკრეტული დარღვევის დროს მოითხოვონ და დღის წესრიგში დააყენონ მედიატორთა პასუხისმგებლობის საკითხი.
გამომდინარე იქიდან, რომ მედიაცია მოქნილი პროცესია, ის ნაკლებ დროს საჭიროებს. სასამართლო, როგორც წესი, გადატვირთულობის მაღალი ინტენსივობით ხასიათდება, რაც ნიშნავს იმას, რომ ხშირად საბოლოო განაჩენამდე წლობით ლოდინია საჭიროა. წინამდებარე ასევე მიუთითებს სასამართლო პროცესში განგრძნობადი საჭიროების მატერიალურ რესურსზე. სასამართლოსთან შედარებით, მედიაცია დინამიური პროცესია, როგორც წესი, თეორიულად, მცირე დროის პერიოდის განმავლობაშიც შესაძლოა შედგეს კონსენსუსი მოდავე მხარეებს შორის და დასრულდეს მედიაციის პროცესი. წინამდებარე მიუთითებს ხარჯების ნაკლებობაზე.
სასამართლო დავები საჯაროა, გარდა საგამონაკლისო შემთხვევებისა. სასამართლოსგან განსხვავებით, მედიაცია ყოველთვის კონფიდენციალურობით ხასიათდება. კონფიდენციალურობა იმდენად მნიშვნელოვანია მედიაციის პროცესში, რომ საკანონმდებლო ბაზაზე გაწერილია მედიატორისა და მხარეების ვალდებულებები. ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რომელიც ცნობილი გახდა მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას, კონფიდენციალურია. ამასთანავე, მედიაციის მონაწილეებს არ აქვთ უფლება წინამდებარე ინფორმაცია გამოიყენონ სასამართლო პროცესზე ან თუნდაც საარბიტრაჟო განხილვის დროს. მედიატორი შესაძლოა ინდივიდუალურ კონსულტაციას უწევდეს რომელიმე მხარეს, ასეთ დროს, კანონისმიერი ვალდებულება წარმოეშობა, შეინახოს მხარის მიერ მიწოდებული ინფორმაცია კონფიდენციალურობის წესის დაცვით.
სასამართლოში პროცესის მიმდინარეობისას მხარეებს ნაკლებად აქვთ შესაძლებლობა ნებისმიერ დროს გამოხატონ თავიანთი მოსაზრება თუ დამოკიდებულება, მედიაციის პროცესი კი სრული მოცულობით ორიენტირებულია მხარეთა ინტერესებზე, რაც ცხადყოფს პროცესში ჩართულობის მაღალ ხარისხზე. მედიაციის ერთ-ერთი უპირატესობა მხარეებს შორის ურთიერთობის ბალანსირებაა. თუ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მხოლოდ ერთი მხარისთვის არის სასარგებლო და ხელსაყრელი, მედიაციის პროცესს ორივე მხარის ინტერესი გასდევს ლაიტმოტივად. მედიაციის პროცესის ძირითადი მიზანი ორივე მხარისთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღებაა.
დოქტრინაში არსებული მოსაზრებებით, მედიაცია მიუხედავად მისი კონცექტუალური მნიშვნელობისა, ხასიათდება გარკვეული უარყოფითი ფაქტორებით. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მედიაცია არ ვრცელდება ყველა ტიპის დავაზე. კანონმდებლობით გაწერილია ის მოცემულობა, რომლის ფარგლებში შეუძლია ლავირება მხარეს. ამასთანავე, მედიაცია ყოველთვის არ შეიძლება იყოს სწრაფი და ნაკლებხარჯიანი პროცედურა, წინამდებარე მოცემულობის წინაშე შეიძლება აღმოვჩნდეთ მაშინ, როდესაც დავის საგანი დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. აღნიშნულის ნათელი მაგალითია ერთ-ერთი საქმე- Egan v Motor Services (Bath) Ltd [2007] EWCA Civ დავის არსი ეხებოდა მანქანის შეძენას, რომელსაც აღენიშნებოდა მკვეთრად გამოხატული დეფექტი. პრობლემის გამოსწორების მცდელობების მიუხედავად, მყიდველი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა, ზემოხსენებულმა გამოიწვია ხარჯების განგრძობადობა. დავის საფასური - 6,000 ფუნტი იყო, მხარეებმა საქმის წარმოებისას დახარჯეს დაახლოებით 100,000 ფუნტი. ამასთანავე, არაკეთილსინდისიერი მხარის არსებობა შესაძლოა გახდეს დავის გაჭიანურების მიზეზი. წინამდებარეს რეალიზება პრაქტიკულად შესაძლებელია, ვინაიდან, მედიაცია არ ადგენს მაქსიმალურ ვადას, რომლის პერიოდში მხარეები უნდა მორიგდნენ. ასეთ კონდიციაში მხარეს შეუძლია კონსენსუსზე არ წასვლის გზით გააჭიანუროს პროცესი.
სასამართლო მედიაცია მხოლოდ ერთი კატეგორიის საქმეების განხილვაზე არ არის ორიენტირებული. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლი აღწერს გარემოებებს,რომელთა დროს სასამართლო მედიაციის გავრცელება რელევანტურია. მედიაციით შესაძლოა განიხილოს შემდეგი ჩამოთვლილი კატეგორია:
აქვე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით გაწერილ დავებს 2020 წლიდან ემატება სხვა დანაწესებიც, რომლის მიხედვით, მედიაცია შეიძლება გავრცელდეს: შრომით დავებზე, საზიარო უფლებების რეალიზაციასთან დაკავშირებულ დავებზე, ქონებრივ დავებზე, თუ საგნის ღირებულება 20000 ლარს არ აღემატება და არაქონებრივ დავებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.