მარიული ენა
From Wikipedia, the free encyclopedia
მარიული ენა, ჩერემისული ენა — ურალური ოჯახის, ფინურ-უნგრული ჯგუფის ენა. გავრცელებულია მარეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ასევე ბაშკირეთის, უდმურტის და თათარსტანის რესპუბლიკებში, კიროვის, გორკის, პერმისა და სვერდლოვსკის ოლქებში. მარიულ ენაზე ლაპარაკობს დაახლოებით 540 ათ. კაცი (1979). ადრინდელი წერილობითი ძეგლები — სასულიერო ხასიათის ლიტერატურული თარგმანები XVIII საუკუნის მიწურულით თარიღდება. დამწერლობა ემყარება რუსულ გრაფიკას. მარიულ ენაში დაცულია ხმოვანთა ჰარმონია. მორფოლოგიური მოდელი აგლუტინაციურია. ზმნას ასპექტი არ გააჩნია. მსაზღვრელი პრეპოზიციურია საზღვრულისადმი. წინადადება ნომინატიური კონსტრუქციისაა. ჭარბადაა ნასესხები სიტყვები თურქული, ირანული და რუსული ენებიდან.