სსრკ-ის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი
From Wikipedia, the free encyclopedia
საბჭოთა კავშირის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი (აბრევ. სუკ; საუბ. „კანტორა“; „ჩეკისტები“; „ორგანოები“; „კაგებე“) — საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის სახელმწიფო მმართველობის ცენტრალური საკავშირო-რესპუბლიკური ორგანო. სუკ-ი იყო საკავშირო სპეცსამსახური რომელიც, 1954-1991 წლებში, უზრუნველყოფდა საბჭოთა კავშირისა და მოკავშირე რესპუბლიკების უსაფრთხოებას. შექმნის მომენტიდან, 1991 წლის 3 დეკემბრამდე, ე.ი. მის გაუქმებამდე, ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის უშუალო ხელმძღვანელობისა და კონტროლის ქვეშ.
სუკ-ის სტრუქტურაში შედიოდა: თავად საკავშირო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი, რომელსაც გააჩნდა სამმართველოები რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქებში, ოლქებსა და რაიონებში, ასევე სუკ-ის სისტემაში ერთიანდებოდა: მოკავშირე რესპუბლიკებისა და მათ შემადგენლობაში შემავალი ავტონომიური რესპუბლიკების სახელმწიფო უშიშროების კომიტეტები თავიანთი ტერიტორიული სამმართველოებით, შესაბამისად, მოკავშირე რესპუბლიკებისა და ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიულ-ადმინისტრაციულ ერთეულებში.