კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი
From Wikipedia, the free encyclopedia
კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი (გერმ. Caroline von Brandenburg-Ansbach, ინგლ. Caroline of Brandenburg-Ansbach; დ. 1 მარტი, 1683, ანსბახი, საღვთო რომის იმპერია — გ. 20 ნოემბერი, 1737, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) — ჰოენცოლერნთა დინასტიის წარმომადგენელი. დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი 1727-1737 წლებში როგორც ჯორჯ II-ის მეუღლე.
კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი | |
---|---|
Caroline von Brandenburg-Ansbach | |
დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის დედოფალი | |
კორონაცია: | 11 ოქტომბერი, 1727 |
მმართ. დასაწყისი: | 11 ივნისი, 1727 |
მმართ. დასასრული: | 20 ნოემბერი, 1737 |
წინამორბედი: | ჯორჯ დანიელი |
მემკვიდრე: | შარლოტა მეკლენბურგ-შტრელიცელი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1 მარტი, 1683 |
დაბ. ადგილი: | ანსბახი, საღვთო რომის იმპერია |
გარდ. თარიღი: | 20 ნოემბერი, 1737, (54 წლის) |
გარდ. ადგილი: | ლონდონი, დიდი ბრიტანეთი |
დაკრძ. ადგილი: | 17 დეკემბერი, 1737, უესტმინსტერის სააბატო, ლონდონი |
მეუღლე: | ჯორჯ II, დიდი ბრიტანეთის მეფე |
შვილები: |
ფრედერიკი, უელსის პრინცი ანა, ორანჟის პრინცესა ამელია კაროლინა მერი, ჰესენ-კასელის ლანდგრაფინია ლუიზა, დანიის დედოფალი |
სრული სახელი: | ვილჰელმინა შარლოტა კაროლინა ბრანდენბურგ-ანსბახელი |
დინასტია: | ჰოენცოლერნები |
მამა: | იან ფრიდრიხი, ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფი |
დედა: | ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელი |
რელიგია: | ლუთერანიზმი |
იგი იყო ბრანდენბურგ-ანსბახის ლანდგრაფ იან ფრიდრიხისა და მისი მეუღლის, ლანდგრაფინია ელეანორა ერდმურტა საქსენ-ეისნახელის ქალიშვილი. კაროლინა ჯერ კიდევ ძალიან პატარა იყო, როდესაც ორივე მხრიდან დაობლდა, რის გამოც იგი მამის ბიძაშვილის, პრუსიის მეფე ფრიდრიხ I-ისა და მისი ცოლის, დედოფალ სოფია შარლოტა პრუსიელის მეურვეობის ქვეშ იზრდებოდა. პრუსიის სამეფო კარზე მან საოცარი განათლება მიიღო და მალევე ძალიან დაახლოვდა სოფია შარლოტასთან, რომლისგანაც მიიღო ლიბერალური და ჰუმანისტური მსოფლმხედველობა, რაც მთელი მისი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა.
კაროლინა ძალიან ცდილობდა აღმზრდელთათვის იმედები არ გაეცრუებინა და კარგი საპატარძლო ყოფილიყო. მას შემდეგ, რაც ესპანეთის შესაძლო მეფესა და ავსტრიის ერცჰერცოგ კარლ VI-ზე დაქორწინებაზე კაროლინამ უარი თქვა, იგი დააქორწინეს დიდი ბრიტანეთის, ირლანდიისა და ჰანოვერის მეფე ჯორჯ II-ზე. ქორწინებიდან მათ სულ რვა შვილი შეეძინათ, რომელთაგან შვიდმა სრულწლოვანებამდე მიაღწია.
1714 წლიდან კაროლინა სამუდამოდ გადასახლდა ბრიტანეთში სადაც ქმრის სტატუსიდან გამომდინარე, იგი უელსის პრინცესა გახდა. როგორც უელსის პრინცესა, იგი მხარს უჭერდა თავის ქმარს მეფე ჯორჯ I-ის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკის გატარებაში. 1717 წელს კაროლინა და მისი მეუღლე სამეფო კარიდან გააძევეს. კაროლინამ სამეფო კარზე ბევრი მოკავშირე გაიჩინა, მათ შორის პოლიტიკოსი რობერტ უოლპოლი, რომლის წყალობითაც 1720 წელს სახალხოდ მოხდა მეფე ჯორჯ I-ის, კაროლინასა და მისი ქმრის შერიგება.
1727 წელს ტახტზე მისი მეუღლე ჯორჯ II ავიდა, რითაც კაროლინა სამი სახელმწიფოს დედოფალი და ქვეყნის უძლიერესი ქალი გახდა. კაროლინასა და ჯორჯის უფროსი ვაჟი ფრედერიკი უელსის პრინცი გახდა, თუმცა ტახტზე ასვლა მან ვერასდროს შესძლო. ისევე როგორც თავის დროზე კაროლინასა და ჯორჯს ჰქონდათ მეფესთან პრობლემები, ასევე იყო მათი ვაჟი ფრედერიკი და მისი მეუღეც, რომელთა საბოლოოდ დაშოშმინება კვლავ რობერტ უოლპოლმა მოახერხა. დედოფალ კაროლინას დიდი გავლენა არ ჰქონია პოლიტიკაზე, იგი მხოლოდ რამდენიმე რეფორმის გატარებისას ჩაერია ქმრის საქმეში. როდესაც იგი გარდაიცვალა, 1737 წელს, მას მთელი არისტოკრატია მწარედ გლოვობდა, ჯორჯი კი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე გლოვობდა მას, რის გამოც მეორე ქორწინებაზე კატეგორიული უარი განაცხადა.