From Wikipedia, the free encyclopedia
ელენთა (ლათ. lien, splen) — ადამიანისა და ხერხემლიან ცხოველთა (უყბოებისა და ზოგი ორგვარადმსუნთქავი თევზის გარდა) მუცლის ღრუს კენტი ორგანო, რომელიც იმუნური სისტემის ყველაზე მსხვილი ორგანოა და ჩართულია სისხლის მიმოქცევისა და ლიმფურ სისტემაში.
ელენთის მთავარ მასას შეადგენს რეტიკულური ქსოვილი, რომლის უჯრედებიდან ვითარდება სისხლის უჯრედები — ჰემოციტები. უმდაბლეს ხერხემლიანებს და უმაღლესი ხერხემლიანების ემბრიონებს ელენთაში ყველა სახის ჰემოციტი წარმოექმნებათ. ამ ფუნქციას ზოგი უმაღლესი ხერხემლიანის ელენთა პოსტემბრიონულ პერიოდშიც ინარჩუნებს, უმეტესად კი მასში მხოლოდ უმარცვლო ლევკოციტები (უმთავრესად ლიმფოციტები) წარმოიქმნება. გარკვეულ პირობებში ერითროციტებისა და გრანულოციტების წარმოქმნის უნარი შენარჩუნებული აქვს ადამიანის და ზოგი ძუძუმწოვრის (კატა, ძაღლი) ელენთასაც. ელენთას დაცვითი ფუნქცია მისი უჯრედების მიერ ანტისხეულების წარმოქმნა და დაშლილი ერითროციტებისა და სისხლში მოხვედრილი მიკროორგანიზმების ფაგოციტოზია. ელენთა მნიშვნელოვანი „სისხლის დეპოა“ — მასში გროვდება სისხლის მარაგი, რომელიც ზოგ შემთხვევაში (სისხლდენა, ტკივილი, ფიზიკური დატვირთვა და ა.შ.) ელენთის შეკუმშვის შედეგად სისხლძარღვებში გადადის, შესაბამისად საგრძნობლად იცვლება ელენთის მოცულობაც (ეს თვისება განსაკუთრებით გამოხატული აქვთ ჩლიქოსნებსა და მტაცებლებს, რომელთა ელენთის გარსში კარგადაა განვითარებული კუნთები). ელენთაში მიმდინარე ბიოქიმიური პროცესები ცხიმოვანი მჟავებისა და ნაწილობრივ ამინომჟავების ცვლასთანაა დაკავშირებული.
ადამიანის ელენთა წაგრძელებული ოვალური ფორმისაა, ზემო გარეთა ზედაპირი გამოდრეკილია, ქვემო შიგნითა — შედრეკილი. ქვემო ზედაპირზე ღარია (ელენთის კარი), რომლითაც ელენთაში სისხლძარღვები და ნერვები შედის. მოზრდილი ადამიანის ელენთის წონაა 150–200 გრამი, სიგრძე — 12 სმ, სიგანე 7–8 სმ. ელენთა მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში მდებარეობს. ზოგიერთი დაავადების დროს (მალარია, შებრუნებითი ტიფი, ანემია და სხვა) ელენთა გადიდებულია. გარედან ელენთა დაფარულია მუცლის სეროზული გარსით — პერიტონიუმით, რომელიც გადადის შუაძგიდეზე და კუჭზე და ელენთის დამაფიქსირებელ იოგებს ქმნის. პერიტონიუმის ქვეშ კუნთოვანი და ელასტიური ბოჭკოების შემცველი შემაერთებელქსოვილოვანი გარსია, მას ფიბროზული კაფსულა ეწოდება. კაფსულა სიღრმეში გრძელდება ხარიხებად, რომლებიც ელენთას წილაკებად ყოფს. ხარიხებს შორის შუალედები ამოვსებულია რეტიკულური ქსოვილით, რომელშიც დიდი რაოდენობითაა ლიმფოციტები და ერითროციტები (წითელი პულპა). ცალკეული უბნები, სადაც ლიმფოციტების ინტენსიური წარმოქმნა ხდება (ლიმფური ფოლიკული), ერითროციტებს არ შეიცავს და თეთრ პულპას შეადგენს. სამკურნალო მიზნით ელენთის ამოცლა ან თანდაყოლილი უქონლობა ლიმფური კვანძების მოქმედებით კომპენსირდება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.