გეოქიმია
From Wikipedia, the free encyclopedia
გეოქიმია (ბერძ. gē – მიწა და ქიმია) — ბუნებისმეტყველების დარგი; შეისწავლის დედამიწის ქიმიურ შედგენილობას, უპირველეს ყოვლისა დედამიწის ქერქში ქიმიური ელემენტების გავრცელებისა და განაწილების კანონზომიერებას, ბუნებრივ პროცესებში ქიმიურ ელემენტთა ატომებისა და იონების მიგრაციისა და კონცენტრაციის პირობებს.
გეოქიმია კოსმოქიმიის ნაწილია. იგი ემიჯნება გეოლოგიურ, ფიზიკურ და ქიმიურ მეცნიერებებს და და ბიოგეოქიმიის საშუალებით უკავშირდება ბიოლოგიას. გეოქიმიასთან განსაკუთრებით ახლოს დგას გეოლოგიური მეცნიერების დარგები: მინერალოგია, პეტროლოგია და წიაღისეულის საბადოთა გეოლოგია.
გეოქიმია კვლევის გეოლოგიური მეთოდების გარდა იყენებს მინერალოგიურ ნივთიერებათა კვლევის ფიზიკურ და ქიმიურ მეთოდებს (სპექტრულს, მას-სპექტრულს, რენტგენულს, ქრომატოგრაფიულს, პოლაროგრაფიულს და სხვ.) და ბუნებრივი პროცესების მოდელირების ცდებს ტემპერატურისა და წნევის ფართო დიაპაზონში.