გეორგიევსკის ტრაქტატი
From Wikipedia, the free encyclopedia
გეორგიევსკის ტრაქტატი (რუს. Георгиевский трактат) — 1783 წლის 24 ივლისს (4 აგვისტო) ციხესიმაგრე გეორგიევსკში (ჩრდ. კავკასია) დადებული „სამეგობრო შეთანხმება“ რუსეთსა და გაერთიანებულ ქართლ-კახეთის სამეფოს შორის, რომლის მიხედვით ეს უკანასკნელი რუსეთის მფარველობის ქვეშ გადადიოდა.
გეორგიევსკის ტრაქტატი | |
---|---|
ხელი მოეწერა | 24 ივლისი, 1783 |
ადგილი | გეორგიევსკი, რუსეთის იმპერია |
ბეჭედი | 1784 |
ძალაში შევიდა | 1784 |
ხელი მოაწერეს | ქართლ-კახეთის სამეფო და რუსეთის იმპერია |
გიორგიევსკის ტრაქტატის ძალით ქართლ-კახეთის სამეფო ნებაყოფლობით შევიდა რუსეთის მფარველობაში. ეს იყო პირველი ორმხრივი საერთაშორისო ხელშეკრულება რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობის ისტორიაში. ამ აქტით ქართლ-კახეთის მეფე ერეკლე II „სახელითა თჳსითა, მემკვიდრეთა და მენაცუ̂ლეთა თჳსთა დღესასწაულობით“ აცხადებდა, რომ ამიერითგან სამუდამოდ უარს ამბობდა, ეცნო სპარსეთის ან რომელიმე სხვა სახელმწიფოს მეთაურის უზენაესი ხელისუფლება, გარდა რუსეთისა, ხოლო რუსეთი ვალდებულებას იღებდა, დაეცვა ქართლ-კახეთი გარეშე მტრებისაგან და ეზრუნა მისთვის მტრის მიერ მიტაცებული მიწების დაბრუნებისათვის, რომელიც ქართველი მეფის მფლობელობაში უნდა დარჩენილიყო. გეორგიევსკის ტრაქტატი მკვეთრი მობრუნება იყო არა მარტო რუსეთ-საქართველოს, არამედ აგრეთვე, საქართველო-სპარსეთისა და საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობაშიც. გეორგიევსკის ტრაქტატი, როგორც საერთაშორისო ხელშეკრულება, ახალი ეტაპის დასაწყისი იყო საქართველოსა და ამიერკვაკსიის საკითხში რუსეთ-ოსმალეთისა და რუსეთ-სპარსეთის ურთიერთობაში, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა მრავალსაუკუნოვანი ტრადიციული ურთიერთობისაგან. უფრო მეტიც, ეს აქტი მოასწავებდა საერთოდ კავკასიის პრობლემის ახლებურად დაყენებას.