განმანათლებლობა (გერმანია)
From Wikipedia, the free encyclopedia
განმანათლებლობა (გერმანულად Aufklärung) არის გერმანული ლიტერატურის ერთი-ერთი ისტორიულად გარდასული ეპოქა, რომელსაც განმანათლებლობის ხანასაც (გერმანულად Zeitalter der Aufklärung) უწოდებენ. განმანათლებლობის იდეები XVII საუკუნის ინგლისში ჩაისახა, ხოლო ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში XVIII საუკუნეში დამკვიდრდა, სადაც რამდენიმე ათეული წლით განსაზღვრა ამ კონტინენტებზე მკვიდრ საზოგადოებათა სულიერი და კულტურული ცხოვრება.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
„განმანათლებლობა არის ევროპული კულტურისა და ისტორიის დასაწყისი და მისი საფუძველი.“ – ეს სიტყვები წარუმძღვარა ერნსტ ტრელჩმა (Ernst Troeltsch) თავის 1897 წელს გამოსულ ფუნდამენტურ ნაშრომს, რომელშიც იგი შეეცადა განესაზღვრა განმანათლებლობის არსი და მიზნები. ერნსტ ტრელჩის აზრით, განმანათლებლობა არ იყო მხოლოდ რაღაც მოძრაობა ერთ იდეად შეკრული მეცნიერთა დაჯგუფებისა, არამედ წარმოადგენდა საზოგადოების განვითარების პროცესს, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავდა და გზადაგზა გარდაქმნიდა მას.