ბიპოლარული აშლილობა
From Wikipedia, the free encyclopedia
ბიპოლარული აშლილობა — აფექტური (გუნება-განწყობის) ფსიქიკური აშლილობა, რომელსაც ახასიათებს დეპრესიისა და უჩვეულოდ ამაღლებული განწყობის — მანიის (ან ჰიპომანიის) — ეპიზოდები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლება და რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში გრძელდება. ზოგჯერ დეპრესიისა და მანიის სიმპტომები ერთდროულად ვლინდება (მაგ., აღშფოთებასთან ერთად მოწყენილობა, შენელებული ეიფორია — ე.წ. არაპროდუქციული მანია — და სხვა).
ეს მდგომარეობები, რომლებსაც ფაზებს ან ეპიზოდებს უწოდებენ, პერიოდულად ცვლიან ერთმანეთს უშუალოდ „ნათელი“ ფსიქიკური ჯანმრთელობის (ინტერმისიები, რომლებსაც ინტერფაზებსაც უწოდებენ) შუალედის მეშვეობით, რომლის დროსაც არ ფიქსირდება ფსიქიკის ფუნქციონირების აქტივობის დაქვეითება დიდი რაოდენობის დაავადებებისა და ფაზების გადატანის შემთხვევაშიც კი. ინტერმისიებში ავადმყოფის ფსიქიკა და პიროვნული მახასიათებლები მთლიანად აღდგენას ექვემდებარება. ამასთან, ღირს აღვნიშნოთ, რომ ხშირად, პაციენტებს, რომლებსაც ბიპოლარუილი აშლილობა აღენიშნებათ, სხვა ფსიქიკური დაავადებებიც შეიძლება გააჩნდეთ.
პაციენტის სიმპტომების მიხედვით გამოყოფენ ბიპოლარული აშლილობის სამ ძირითად ტიპს: ბიპოლარული I, ბიპოლარული II და ციკლოთიმია. თუმცა, ზოგ ადამიანს განწყობის ცვლილების განსხვავებული სიმპტომები აქვთ, რომლებიც ჰგავს, მაგრამ ბოლომდე არ ემთხვევა ბიპოლარული აშლილობის ჩამოთვლილი სამი ტიპისთვის დამახასიათებელ სიმპტომებს, რა შემთხვევაში დიაგნოზი შეიძლება იყოს სხვა განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ბიპოლარული ან მასთან დაკავშირებული აშლილობა.
ბიპოლარული აშლილობა მენტალური ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემაა, რომელიც არ იკურნება, თუმცა არსებობს მისი სიმპტომების მართვის რამდენიმე ეფექტური გზა, მათ შორის: მედიკამენტები, ფსიქოთერაპია (კოგნიტიურ-ბიჰევიორული თერაპია, ფსიქოგანათლება, ინტერპერსონალური და სოციალური რიტმის თერაპია), პროცედურული თერაპიები (ელექტროკონვულსიური თერაპია) და სხვა.