ბარათა ქაჩიბასძე
XV საუკუნის ქართველი დიდებული, ბარათაშვილების წინაპარი / From Wikipedia, the free encyclopedia
ბარათა ქაჩიბასძე (ჩანს 1425-1461) — ქაჩიბასძეთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი, „დიდ ბარათად“ წოდებული. საქართველოს მეფის ალექსანდრე I-ის სალაროს მოლარე. მისი შთამომავლები ბარათას სახელის მიხედვით ბარათაშვილებად იწოდებოდნენ.
ცნობილია XV საუკუნის რამდენიმე საბუთიდან. ჰყოლია თანამეცხედრე თინათინი და შვილები: დავითი, ლაპა, გერმანოზი. ბარათა ქაჩიბასძეს კათოლიკოს დავითის დროს სვეტიცხოველისთვის სოფლები ყორანთა და დისველი შეუწირავს (მოგვიანებით ყორანთას შეწირულობა განაახლა დავით ბარათას ძემ). ზევდგინისძეთა საჩივრის წიგნის მიხედვით მას აღუზრდია თაყა ზევდგინისძე, შემდგომში ამილახორი.