ახალი ურბანიზმი
From Wikipedia, the free encyclopedia
ახალი ურბანიზმი — მიმდინარეობა ქალაქგეგმარებაში, რომელმაც პოპულარობა 1980-იანი წლების ბოლოსა და 1990-იანების დასაწყისში აშშ-ში ჰპოვა. ახალ ურბანისტთა მიზანი უძრავი ქონების განვითარებისა და ქალაქგეგმარების ყველა ასპექტის რეფორმაა. ის მოიცავს პოსტ-ინდუსტრიულ ქალაქებში მოძველებული ინფრასტრუქტურის გადახალისებასა და გაუკაცრიელებულ გარეუბანთა შევსებას.
ახალ ურბანისტულ დიზაინს რამდენიმე საერთო დამახასიათებელი ელემენტი გააჩნია. ამგვარი უბნები კეთილგანწყობილია ფეხით მოსიარულეთა მიმართ, ხოლო დასახლებისა და დასაქმების ტიპები კი მრავალფეროვანია. ახალი ურბანისტები მხარს უჭერენ რეგიონულ დაგეგმვას ღია სივრცის, ადეკვატური არქიტექტურისა და ზონირების ოპტიმიზაციისთვის, ბალანსირებული განსახლებისა და დასაქმების გათვალისწინებით. მათ მიაჩნიათ, რომ ეს სტრატეგია საუკეთესო საშუალებაა მგზავრობაში დროის დანახარჯის შემცირების, შეღავათიანი დასახლების მიწოდების გაზრდის და ქალაქის განუწყვეტელი ზრდის კონტროლისთვის. მრავალი სხვა საკითხი, როგორიცაა ისტორიულ ძეგლთა დაცვა, უსაფრთხო ქუჩები, მწვანე ნაგებობები და მიწის საფარის აღდგენა ასევე გათვალისწინებულია ახალი ურბანიზმის ქარტიაში - მიმდინარეობის კონცეპტუალურ დოკუმენტში. ვინაიდან ახალი ურბანისტული დიზაინი მოიცავს ავტომობილის ხანამდელი ქალაქური დასახლებისთვის დამახასიათებელ ნიშნებს, ამ მოძრაობას ხშირად ტრადიციული უბნის დიზაინს უწოდებენ.