From Wikipedia, the free encyclopedia
მუსტაფა ქემალ ათათურქი (თურქ. Mustafa Kemal Atatürk), ან მუსტაფა ქემალ ფაშა (თურქ. Mustafa Kemal Paşa) 1921 წლამდე და ღაზი მუსტაფა ფაშა[1] (თურქ. Gazi Mustafa Paşa) 1921—1934[2] წლებში (დ. 1881, სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია – გ. 10 ნოემბერი, 1938, დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი) — თურქი ფელდმარშალი, რევოლუციონერი სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი და თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი მამა, რომელიც რესპუბლიკის დაფუძნებიდან, 1923 წლიდან, სიკვდილამდე, 1938 წლამდე იყო თურქეთის პრეზიდენტი. მან გაატარა ყოვლისმომცველი პროგრესული რეფორმები, რამაც თურქეთი გარდაქმნა სეკულარულ და ინდუსტრიალიზებულ ქვეყანად.[3][4][5][6] იდეოლოგიურად, მისი სეკულარისტული და ნაციონალისტური პოლიტიკა და სოციალისტურ-პოლიტიკური თეორია ქემალიზმის სახელით გახდა ცნობილი. თავისი სამხედრო და პოლიტიკური მიღწევების გამო, ათათურქი XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პოლიტიკურ ლიდერად ითვლება.[7]
მუსტაფა ქემალ ათათურქი | |
ათათურქი 1932 წელს | |
თურქეთის 1-ლი პრეზიდენტი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
29 ოქტომბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938 | |
პრემიერ-მინისტრი | ისმეთ ინენიუ ფეთჰი ოქიარი ჯელალ ბაიარი |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ისმეთ ინენიუ |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
3 მაისი, 1920 – 24 იანვარი, 1921 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფევზი ჩაქმაქი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
24 აპრილი, 1920 – 29 ოქტომბერი, 1923 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ფეთჰი ოქიარი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
9 სექტემბერი, 1923 – 10 ნოემბერი, 1938 | |
წინამორბედი | თანამდებობა შეიქმნა |
მემკვიდრე | ისმეთ ინენიუ |
დაბადებული | დაახლ. 1881 სალონიკი, სალონიკის ვილაიეთი, ოსმალეთის იმპერია |
გარდაცვლილი | 10 ნოემბერი, 1938 (57 წლის) დოლმაბაჰჩე, სტამბოლი, თურქეთი |
მოქალაქეობა | ოსმალეთის იმპერია → თურქეთი |
ეროვნება | ოსმალელი, თურქი |
დაკრძალულია | ანკარის ეთნოგრაფიული მუზეუმი, ანკარა (21 ნოემბერი, 1938 – 10 ნოემბერი, 1953) → ანითქაბირი, ანკარა (10 ნოემბერი, 1953-დან) |
პოლიტიკური პარტია | რესპუბლიკური პარტია |
მამა | ალი რიზა ეფენდი |
დედა | ზიუბეიდე ჰანუმი |
მეუღლე | ლატიფე უშაქი |
ნათესავები | მაკბულე ათადანი (და) |
ჯილდოები | იხილეთ სია |
ხელმოწერა |
ათათურქი ცნობილი გახდა პირველი მსოფლიო ომის დროს, გალიპოლის ბრძოლაში (1915) ოსმალეთის იმპერიის გამარჯვების უზრუნველყოფის შემდეგ.[8] ოსმალეთის იმპერიის დამარცხებისა და დაშლის შემდეგ, ის სათავეში ჩაუდგა თურქეთის ეროვნულ მოძრაობას, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა მოკავშირეების მიერ თურქეთის დაყოფას ომში გამარჯვებულ მოკავშირეთა შორის. თურქეთის დღევანდელ დედაქალაქში, ანკარაში დროებითი მთავრობის შექმნით, მან დაამარცხა მოკავშირეების მიერ გაგზავნილი ძალები და ომიდან გამარჯვებული გამოვიდა, რომელსაც მოგვიანებით „თურქეთის ომი დამოუკიდებლობისთვის“ უწოდეს. შემდგომში მან გააუქმა უკვე დაშლილი ოსმალეთის იმპერია და მის ნაცვლად გამოაცხადა თურქეთის რესპუბლიკის დაარსების შესახებ.
ახლად ჩამოყალიბებული თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ამპლუაში, ათათურქმა წამოიწყო პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული რეფორმების მკაცრი პროგრამა, რომლის საბოლოო მიზანი იყო თანამედროვე, პროგრესული და სეკულარული ეროვნული სახელმწიფოს აშენება. მან, დაწყებითი განათლება უფასო და სავალდებულო გახადა და ათასობით ახალი სკოლა გახსნა ქვეყნის მასშტაბით. ასევე შემოიღო ლათინურ ენაზე დაფუძნებული თურქული ანბანი, რომელიც შეცვალა ძველი ოსმალურის თურქული ანბანი. თურქმა ქალებმა თანაბარი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები მიიღეს ათათურქის პრეზიდენტობის დროს.[9] კერძოდ, №1580 კანონის საფუძველზე 1930 წლის 3 აპრილს ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება ადგილობრივ არჩევნებზე და რამდენიმე წლის შემდეგ, 1934 წელს, სრული საყოველთაო ხმის უფლება მიიღეს.[10]
ათათურქის მთავრობა ატარებდა თურქიზაციის პოლიტიკას, რითაც ცდილობდა შეექმნა ერთგვაროვანი, ერთიანი და უპირველეს ყოვლისა სეკულარული ერი თურქული დროშის ქვეშ.[11][12][13] ათათურქის დროს, თურქეთში მცხოვრებ უმცირესობებს სთხოვდნენ საჯაროდ თურქულად ელაპარაკათ, მაგრამ ამავე დროს მათ მიეცათ უფლება შეენარჩუნებინათ საკუთარი მშობლიური ენა.[14] გვარის შესახებ კანონის მიხედვით არათურქულ ტოპონიმებს და უმცირესობებს დაევალათ თურქული გვარის მიღება.[15][16] 1934 წელს, თურქეთის პარლამენტმა მას გვარად „ათათურქი“ მიანიჭა, რაც ნიშნავს „თურქების მამას“, რაც მისი როლის აღიარება გახდა, რომელიც მან თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის მშენებლობაში შეიტანა.[17] ის 1938 წლის 10 ნოემბერს სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.[18] პრეზიდენტის პოსტზე ის პრემიერ-მინისტრმა, ისმეთ ინენიუმ შეცვალა და სახელმწიფო პანაშვიდი გადაუხადა მას.[19]
1981 წელს, ათათურქის დაბადების 100 წლისთავზე, მის ხსოვნას გაერომ და იუნესკომ პატივი მიაგო და მიმდინარე წელი მსოფლიოში „ათათურქის წლად“ გამოაცხადა, ასევე მიიღო რეზოლუცია ათათურქის 100 წლის იუბილეზე, სადაც ის აღწერილია, როგორც „მებრძოლ ლიდერად კოლონიალიზმისა და იმპერიალიზმის წინააღმდეგ“ და „ხალხებს შორის ურთიერთგაგების გრძნობისა და მსოფლიოს ერებს შორის მტკიცე მშვიდობის შესანიშნავი წარმომჩენის, სადაც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა ხალხებს შორის ჰარმონიისა და თანამშრომლობის განსავითარებლად“.[20][21] ათათურქს ასევე მიენიჭა ჯილდო მსოლფიოში მშვიდობაზე ორიენტირებული საგარეო პოლიტიკისა და მეგობრობისთვის, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან მიმართებაში, როგორებიცაა ირანი, იუგოსლავია, ერაყი და საბერძნეთი, ასევე ბალკანეთის პაქტის შექმნისთვის, რომელიც წინააღმდეგობას უწევდა ფაშისტური იტალიისა და ცარისტული ბულგარეთის ექსპანსიონიზმისთვის.[22]
ათათურქი დაიბადა, როგორც „მუსტაფა“. მეორე სახელი „ქემალი“ (რომელიც არაბულად ნიშნავს „სრულყოფილებას“ ან „სიმწიფეს“) მას მათემატიკის მასწავლებელის, კაპიტან მუსტაფა ეფენდის მიერ მიენიჭა. აფეთ ინანის მიხედვით, მისმა მასწავლებელმა ეს სახელი მას (ათათურქს) „მისი შესაძლებლობებისა და სიმწიფის აღფრთოვანებით დაარქვა“.[23][24] სხვა წყაროების მიხედვით, მის მასწავლებელს სურდა ათათურქის სხვა მოსწავლეებისგან განასხვავება, რომელთაც ასევე ერქვათ „მუსტაფა“.[25][26] მწერალი ენდრიუ მანგო ვარაუდობს, რომ შესაძლოა მან თავად აირჩია ეს სახელი, ნაციონალისტი პოეტის, ნამიქ ქემალი პატივსაცემად.[27] ჟურნალისტ ალკანის მიხედვით, ათათურქმა, როგორც ჩანს, ჯარში მოღვაწეობის წლებში მიიღო სახელი „ქემალი“.[28]
მას შემდეგ, რაც 1934 წელს პირადობის მოწმობა მიიღო გვარი „ათათურქი“, მისი სახელის ველში ჩაიწერა „ქემალ ათათურქი“, მაშინ, როდესაც სახელი „მუსტაფა“ საერთოდ გაქრა. 1935 წლის თებერვალში, ათათურქმა დაიწყო თავისი „ორიგინალური“ სახელის — „ქემალის“ გამოყენება. ჟურნალ „Tarama Dergisi“ (1934) მიხედვით ქემალი ნიშნავს „ფორტიფიკაციას“, „ციხესიმაგრეს“, „ჯარს“, „ფარს“. 1935 წლის 4 თებერვალს, მთავრობის ოფიციალურმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს სააგენტომ“ შემდეგი განმარტება გააკეთა:[28]
თუმცა, ათათურქი 1937 წლის მაისის შემდგომ დაუბრუნდა „ქემალის“ ძველ მართლწერას. რბილი გადასვლის გამო, მან თავს არიდებდა სახელის გამოყენებას, როგორც შეეძლო, ან საერთოდ არ გამოიყენა იგი, ან ხელს აწერდა დოკუმენტებს, როგორც „K. Atatürk“. ამის ოფიციალური ახსნა არასოდეს გაკეთებულა. მიუხედავად ამისა, აშკარა იყო, რომ ათათურქის სახელის საკითხი თურქული ენის რეფორმას უკავშირდებოდა.[28]
ათათურქი დაიბადა „აჰმეთ სუბაშის“ უბანში ან ისლაჰანეს ქუჩაზე (დღეს აპოსტოლუ პავლუს ქუჩა) მდებარე სახლში (დღეს მუზეუმი), „ქოჯა ქასიმფაშას“ უბანში, სალონიკში (დღეს საბერძნეთი),[29] ოსმალეთის იმპერიაში. მისი მშობლები იყვნენ ალი რიზა ეფენდი, სამხედრო ოფიცერი წარმოშობით კოჯაჯიკიდან (ჩრდილოეთი მაკედონია), მოხელე და ხე-ტყით მოვაჭრე, და ზიუბეიდე ჰანიმი. მუსტაფას მხოლოდ და ჰყავდა, მაკბულე ათადანი, რომელიც 1956 წელს გარდაიცვალა.[30]
ათათურქის წარმომავლობის შესახებ მითები და თეორიები საოცრად მრავალფეროვანი და კონტრასტულია.[31] ენდრიუ მანგოს მტკიცებულობით, ის მუსლიმი, თურქულენოვანი და არასტაბილურად საშუალო კლასის ოჯახიდან იყო.[32] მამამისი, ალი რიზა ეფენდი, ზოგიერთი ავტორის აზრით, წარმოშობით ალბანელი იყო,[33][34][35][36] თუმცა, ფალიჰ რიფკი ათაის, ვამიკ ვოლქანის, ნორმან იცხკოვიცის, მიუჟგიან ჯუნბურის, ნუმან ქართალის და ჰასან იზეტინ დინამოს აზრით, ალი რიზა ეფენდის წინაპრები თურქები იყვნენ, რომლებიც საბერძნეთში ანატოლიიდან, აიდინის პროვინციაში მდებარე სიოქეს რაიონიდან ჩამოვიდნენ.[37][38][39][40][41][42] ითვლება, რომ დედამისი, ზუბეიდე, თურქული წარმოშობისაა[34][35] და შევქეთ სურეია აიდემირის მიხედვით, ის წარმოშობით იორუკი იყო.[43] სხვა წყაროების მიხედვით, დედამისი ებრაელი (Scholem, 2007) ან ბულგარელი (Tončeva, 2009) იყო.[31] ოსმალეთის დროს სალონიკში მცხოვრები დიდი ებრაული თემის გამო, მისი ბევრი პრო-ისლამისტი მოწინააღმდეგე, რომლებიც მისი რეფორმების მოწინააღმდეგენი იყვნენ, აცხადებდნენ, რომ ათათურქის წინაპრები „დიონმე“ (გარდაქმნილები) იყვნენ — ებრაელები, რომლებმაც საჯაროდ ისლამი მიიღეს, თუმცა, ფარულად მაინც იუდაიზმის ერთგულები დარჩნენ.[44]
ადრეულ წლებში, დედამ აიძულა ათათურქს რელიგიურ სკოლაში სწავლა, რაც მან მოკლე ვადაში და უხალისოდ შეასრულა. მოგვიანებით, მამამისის მითითებით სწავლობდა „შემსი ეფენდის სკოლაში“ (კერძო სკოლა, საერო სასწავლო გეგმით). შვიდი წლის ასაკში, ათათურქს მამა გარდაეცვალა.[45] დედამისს სურდა, რომ მას ესწავლა მოვაჭრის პროფესია, მაგრამ მათ დაუკითხავად, 1893 წელს, ათათურქმა ჩააბარა სალონიკის სამხედრო სკოლაში. 1896 წელს იგი ჩაირიცხა მონასტირის სამხედრო სკოლაში (თანამედროვე ჩრდილოეთ მაკედონია). 1899 წლის[46] 14 მარტს ჩაირიცხა ოსმალეთის სამხედრო აკადემიაში, რომელიც მდებარეობდა ოსმალეთის დედაქალაქ კონსტანტინოპოლში, შიშლის რაიონში, პანგალთის უბანში,[47] და რომელიც დაასრულა 1902 წელს. მოგვიანებით, 1905 წლის 11 იანვარს, დაამთავრა ოსმალეთის სამხედრო კოლეჯი კონსტანტინოპოლში.[46]
სწავლის დასრულებიდან მალევე, ის პოლიციამ ანტიმონარქისტული საქმიანობისთვის დააკავა. რამდენიმეთვიანი პატიმრობის შემდეგ, იგი მისი ყოფილი სკოლის დირექტორის, რიზა ფაშას მხარდაჭერით გაათავისუფლეს.[48] გათავისუფლების შემდეგ, ათათურქი დაინიშნა დამასკოში განლაგებული მეხუთე არმიის შტაბის კაპიტნათ,[46] ალი ფუატთან (ჯებესოი) და ლიუტფი მიუფიტთან (იოზდეში) ერთად.[49] შემდგომში ის შეუერთდა რეფორმისტ ოფიცერთა მცირე საიდუმლო რევოლუციურ საზოგადოებას სახელად „სამშობლო და თავისუფლება“ (Vatan ve Hürriyet), რომელსაც ხელმძღვანელობდა ვაჭარი მუსტაფა ელვანი (ჯანთექინი). 1907 წლის 20 ივნისს მას მიენიჭა უფროსი კაპიტნის (Kolağası) წოდება და 1907 წლის 13 ოქტომბერს დაინიშნა მანასტირში განლაგებული მესამე არმიის შტაბში.[50] მოგვიანებით შეუერთდა ერთიანობისა და პროგრესის კომიტეტს (ეპკ), საწევრო ნომრით 322, თუმცა, შემდგომ წლებში, ცნობილი იყო თავისი ოპოზიციონერობით და ხშირი კრიტიკით კომიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული პოლიტიკის მიმართ. 1908 წლის 22 ივნისს დაინიშნა ოსმალეთის რკინიგზის ინსპექტორად აღმოსავლეთ რუმელიაში (Doğu Rumeli Bölgesi Demiryolları Müfettişi).[50] 1908 წლის ივლისში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა თურქების რევოლუცია, რომელმაც სულთან აბდულჰამიდ II ძალაუფლება წაართვა და აღადგინა კონსტიტუციური მონარქია.
ათათურქი გამოდიოდა წინადადებით ჯარის დეპოლიტიზაციის შესახებ, რაც არ მოეწონათ ეპკ-ის ლიდერებს. შედეგად, იგი გაგზავნეს ტრიპოლიტანიის ვილაეთში (დღევანდელი ლიბია, მაშინ ოსმალეთის იმპერიის ნაწილი), 1908 წლის ბოლოსთვის იქ აფეთქებული ტომობრივი აჯანყების ჩახშობის მიზეზით.[48] თუმცა, მიკუშის ცნობით, იგი ამ მისიაში მოხალისედ წავიდა,[51] სადაც მან აჯანყება წარმატებით ჩაახშო და 1909 წლის იანვარში კონსტანტინოპოლში დაბრუნდა.
1909 წლის აპრილში, კონსტანტინოპოლში, ჯარისკაცთა ჯგუფმა დაიწყო კონტრრევოლუცია (იხ. 31 მარტის ინციდენტი). ათათურქმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აჯანყების ჩახშობაში.[52]
1910 წელს იგი გამოიძახეს ოსმალეთის ალბანეთის პროვინციებში.[53][54] იმ დროს ისა ბოლეტინი ხელმძღვანელობდა ალბანურ აჯანყებებს კოსოვოში, ასევე აჯანყება იყო ალბანეთშიც.[55][56] 1910 წელს ათათურქი შეხვდა ალბანელ პოლიტიკოსს, მწერალს და ალბანეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ერთ-ერთ ხელმომწერს ექრემ ვლორას.[57][58]
მოგვიანებით, 1910 წლის შემოდგომაზე, ათათურქი იყო ოსმალეთის სამხედრო დამკვირვებელთა შორის, რომლებიც ესწრებოდნენ პიკარდის სამხედრო წვრთნებს საფრანგეთში[59] და 1911 წელს, მცირე ხნით მუშაობდა ომის სამინისტროში (Harbiye Nezareti), კონსტანტინოპოლში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.