პრინცესა და ბაყაყი
პრინცესა და ბაყაყი — Walt Disney Animation Studios-ის 2009 წლის ანიმაციური მუსიკალური ფილმი. ფილმის დისტრიბუტორი იყო Walt Disney Studios Motion Pictures. „პრინცესა და ბაყაყი“ არის დისნეის სტუდიების რიგით 49-ე სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი. იგი ნაწილობრივ ეფუძნება ელიზაბეთ დოუსონ ბეიკერის რომან „ბაყაყების პრინცესა“ და ძმები გრიმების ზღაპარს „პრინცი ბაყაყი“. ფილმის რეჟისორები არიან რონ კლემენტსი და ჯონ მასკერი, ხოლო როლებს ახმოვანებენ ანიკა ნონი როუზი, ბრუნო კამპოსი, კით დევიდი, მაიკლ-ლიონ ვული, ჯიმ კამინგზი, ჯენიფერ კოუდი, პიტერ ბარტლეტი, ჯენიფერ ლუისი, ოპრა უინფრი, ტერენს ჰოვარდი და ჯონ გუდმენი. ფილმი ბროდვეის სტილის მიუზიკლის სახეს ატარებს. მისი მოვლენები ვითარდება ნიუ-ორლეანსა და ლუიზიანაში, 1920-იან წლებში. ოფიციანტი გოგონა ტიანა ოცნებობს საკუთარი რესტორნის გახსნაზე. მას შემდეგ, რაც კოცნის პრინცს, რომელიც ვუდუისტმა ბაყაყად აქცია, იგი თავადაც ბაყაყად იქცევა და უნდა იპოვოს გზა, დაიბრუნოს ადამიანის გარეგნობა, სანამ გვიანი არ არის.