From Wikipedia, the free encyclopedia
კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“[1] (ინგლ. Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora, შემოკლ. CITES) — ველური ცხოველებისა და მცენარეების კომერციული ვაჭრობის რეგულირების მიზნით 1973 წლის მარტში მიღებული საერთაშორისო ხელშეკრულება. კონვენციის მიზანია იმის გარანტირება, რომ საერთაშორისო ვაჭრობა საფრთხეს არ შეუქმნის რომელიმე სახეობის არსებობას.[2] 2021 წლისთვის ხელშეკრულების წევრია მსოფლიოს 183 სახელმწიფო. საქართველო კონვენციას 1996 წლის 13 სექტემბერს შეუერთდა.[3]
CITES | |
---|---|
კონვენცია „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ | |
ხელი მოეწერა | 3 მარტი, 1973 |
ადგილი | ჟენევა, შვეიცარია |
ძალაში შევიდა | 1 ივლისი, 1975 |
მხარეები | 184 ქვეყანა |
მეანაბრე | შვეიცარიის მთავრობა |
ენები | |
en:Convention on International Trade in Endangered Species of Wild Fauna and Flora ვიკიწყაროში |
კონვენცია 1963 წელს ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წევრი სახელმწიფოების შეხვედრაზე მიღებული რეზოლუციის შედეგი გახდა. ოფიციალური ტექსტი 1973 წლის 3 მარტს ვაშინგტონში საერთაშორისო კავშირის 80 წევრის შეხვედრაზე მიიღეს. ძალაში შევიდა 1975 წლის 1 ივლისს. CITES-ს იურიდიულად სავალდებულო ძალა აქვს წევრი სახელმწიფოებისათვის, რომლებიც ვალდებულნი არიან მიიღონ საკუთარი შიდა კანონმდებლობა მისი მიზნების განხორციელებისათვის.[2]
კონვენციაში მცენარეები და ცხოველები იმის მიხედვით, თუ რამდენად ახლოს დგანან გადაშენების საფრთხესთან, კლასიფიცირებულია სამ კატეგორიად ანუ დანართად. I დანართში შეტანილია საფრთხეში მყოფი სახეობები, რომლებსაც გადაშენება ემუქრება. ის პირდაპირ კრძალავს ასეთი მცენარეებითა და ცხოველებით ვაჭრობას; თუმცა ზოგიერთი მათგანის საზღვარგარეთ გადაყვანა საგანგებო სიტუაციებში სამეცნიერო ან საგანმანათლებლო მიზნებით დასაშვებია. II დანართში შეტანილია ისეთი სახეობები, რომლებსაც საფრთხე არ ემუქრებათ, თუმცა თუკი ვაჭრობა შეზღუდული არ იქნება, მათი რაოდენობა ძლიერ შემცირდება; მათით ვაჭრობა რეგულირდება ლიცენზიებით. III დანართის სახეობები დაცვის ქვეშ იმყოფებიან კონვენციის წევრ სულ მცირე ერთ სახელმწიფოში და ეს უკანასკნელი სხვებს მოუწოდებს ამ სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის კონტროლში დახმარებისკენ.[2]
გარდა მცენარეების, ცხოველებისა და მათი ნაწილებისა, კონვენცია ზღუდავს ასეთი მცენარეებისა და ცხოველებისგან დამზადებული საგნების ვაჭრობასაც, როგორიცაა, მაგალითად, ტანსაცმელი, კვების პროდუქტები, წამლები და სუვენირები. 2019 წლისთვის ხელშეკრულება მოიცავს ცხოველების 5800-ზე მეტ და მცენარეების 30 000-ზე მეტ სახეობას.[2]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.