From Wikipedia, the free encyclopedia
ჯეიმზ ჰიუ კალემ ლორი (ინგლ. James Hugh Calum Laurie; დ. 11 ივნისი, 1959, ოქსფორდი, ოქსფორდშირი, ინგლისი, გაერთიანებული სამეფო) — ბრიტანელი მსახიობი, რეჟისორი, ვოკალისტი, მუსიკოსი, კომიკოსი და მწერალი. მისი ყველაზე ცნობილი როლია ექიმი გრეგორი ჰაუსი ტელესერიალში „ექიმი ჰაუსი“ (2004-2012), რომლისთვისაც მან ორჯერ მოიპოვა ოქროს გლობუსი.
2016 წელს ითამაშა მინისერიალში, სახელწოდებით „ღამის ადმინისტრატორი“, რომლისთვისაც მან მესამე ოქროს გლობუსი მოიპოვა. 2012-დან 2019 წლამდე ასახიერებდა სენატორ ტომ ჯეიმზს HBO-ს სიტუაციურ კომედიაში, სახელწოდებით „ვიცე პრეზიდენტი“ (რეჟ. არმანდო იანუჩი). როლისთვის ლორმა მეათე ემის ჯილდო მიიღო.
ლორი თამაშობს ფილმებში: „გრძნობა და გონება“ (1995, რეჟ. ენგ ლი), „101 დალმატინელი“ (1996, რეჟ. სტივენ ჰერეკი) და სხვ.
ლორს ორი მუსიკალური ალბომი აქვს გამოშვებული: „Let Them Talk“ (2011) და „Didn't It Rain“ (2013). ასევე არის ავტორი რომანისა „იარაღის გამყიდველი“ (1996).
ჯეიმზ ჰიუ კალემ ლორი 1959 წლის 11 ივნისს ოქსფორდში დაიბადა. იგი პატრიცია და უილიამ ჯორჯ რანალდ მენდელ ლორის ოთხი შვილიდან ყველაზე უმცროსია.
1995 წელს ლორმა ითამაშა ფილმში „გრძნობა და გონება“ (რეჟ. ენგ ლი), რომელიც ჯეინ ოსტინის 1811 წლის იმავე სახელწოდების მქონე რომანზეა დაფუძნებული. წიგნის ადაპტაცია ემა ტომპსონის დაწერილია, რომელიც ასევე ერთ-ერთ როლს ასრულებს ფილმში.
2004 წლის ნოემბრიდან 2012 წლამდე ლორი ექიმი გრეგორი ჰაუსის როლს ასრულებდა ცნობილ სერიალში „ექიმი ჰაუსი“. სერიალში ასევე ლისა ედელშტეინი, ომარ ეპსი, რობერტ შონ ლეონარდი, ჯენიფერ მორისონი, ჯესი სპენსერი, ოლივია უაილდი, პიტერ ჯეიკობსონი, ემბერ ტემბლაინი, კოლ პენი და სხვები თამაშობენ. სერიალის აღმასრულებელი პროდიუსერები პოლ ატანასიო, კეიტ ჯეიკობსი, დეივიდ შორი, ბრაიან სინგერი, ტომას მორანი, რასელ ფრენდი, გარეტ ლერნერი, გრეგ აიტენისი და ჰიუ ლორი არიან. ქრონომეტრაჟი 41-დან 49 წუთამდე გრძელდება.
2005 წელს იგი სერიალისთვის ემის ჯილდოზე იყო ნომინირებული. 2006 და 2007 წელს ოქროს გლობუსი მიიღო გრეგორი ჰაუსის როლისათვის.
ლორი ექვსი წლიდან მეცადინეობდა ფორტეპიანოზე დაკვრაში. იგი მღერის, უკრავს ფორტეპიანოზე, გიტარაზე, დრამზე, ჰარმონიკასა და საქსოფონზე.[1]
2011 წელს ლორმა თავისი სადებიუტო მუსიკალური ალბომი გამოუშვა, სახელწოდებით „Let Them Talk“. ალბომი ბლუზის ჟანრის სიმღერებს აერთიანებს და მის ფარგლებში ლორს კოლაბორაციები აქვს ისეთ ვოკალისტებთან, როგორებიც არიან ტომ ჯოუნსი, ირმა ტომასი სხვები.
2013 გამოვიდა მისი მეორე ალბომი, „Didn't It Rain“.
1996 წელს გამოვიდა ლორის თრილერის ჟანრის პირველი რომანი, სახელწოდებით „იარაღის გამყიდველი“. იგი მალევე ბესტსელერი გახდა.
1989 წლის 16 ივნისს ლორი თეატრის მენეჯერზე, ჯო გრინზე ლონდონში დაქორწინდა.[2] მათ ერთად სამი შვილი, ჩარლი, ბილი და რებეკა ჰყავთ.[3]
ჰიუ ლორის საყვარელ წიგნებს შორისაა ჰერმან მელვილის „მობი დიკი“ (1851).[4] The Daily Telegraph-თან ინტერვიუში მან თქვა, რომ ათეისტია.[5]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.