ჰეროდე I დიდი (დ. ძვ. წ. 73 — გ. ძვ. წ. 4) — იუდეველთა მეფე ძვ. წ. 40 წლიდან (ფაქტობრივად 37 წლიდან). წარმოშობით ედომელი. ძვ. წ. 47 წლიდან გალილეის მმართველი იყო. ძვ. წ. 40 წელს რომის სენატმა მეფედ გამოაცხადა, მაგრამ მხოლოდ სამი წლის შემდეგ (5-თვიანი ალყის შემდეგ) შეძლო რომაელთა დახმარებით იერუსალიმის აღება. ატარებდა ქვეყნის ელინიზაციის პოლიტიკას. მარჯვე და სასტიკი განმგებელი იყო. დაუნდობლად უსწორდებოდა თავის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს, არ ინდობდა შვილებსა და ნათესავებს. ჰეროდე I-მა ხელახლა ააშენა ქალაქები კესარია და სამარია და შეუდგა იერუსალიმის ტაძრის აღდგენას, რაც თავის სიცოცხლეში ვერ დაასრულა. ცოლად ჰყავდა მაკაბელთა წარმომადგენელი მარიამი. მათეს სახარების თანამხმად (2,1) ჰეროდე I-ის დროს იშვა ქრისტე ბეთლემში; აქვეა (2,16) მოთხრობილი ჰეროდეს მიერ ბეთლემსა და მის შემოგარენში შობილი ყრმების გაჟლეტის ამბავი.
ლიტერატურა
- კიკნაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 631.
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.