From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაიდელბერგის რუპრეხტ კარლს-უნივერსიტეტი (გერ. Ruprecht-Karls-Universität Heidelberg) — უძველესი და ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული უნივერსიტეტი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე. დაარსებულია 1386 წელს.
უნივერსიტეტი დაარსდა კურფიურსტ რუპრეხტ I მიერ რომის პაპის ურბან VI მოსურვებით 1386 წელს. კურფიურსტის მიზანი მდგომარეობდა რაინის პფალცზე საკუთარი განცალკევებული სამფლობელოებისათვის მიეცა სულიერი ცხოვრების ცენტრი, მიეზიდა უცხოელები და საკუთარ ქვეყანაში აღეზარდა საეკლესიო მოღვაწეები, აგრეთვე სახელმწიფო ჩინოვნიკები. უნივერსიტეტის შექმნის მთავარი მიზეზი იყო დიდი განხეთქილება კათოლიკურ ეკლესიაში (1378-1417 წწ..): სორბონის კურსდამთავრებულები, ავინიონის პაპის კლიმენტ VII ქვეშევრდომნი, ვერ იმსახურებდნენ პფალცის ეკლესიებში, რომელთაც რომის პაპი განაგებდა, და ამის გამო გაჩნდა საკუთარი თეოლოგიური განათლების მოთხოვნილება. ჰაიდელბერგის პირველი პროფესორები პარიზიდან და პრაღიდან იყვნენ ჩასულები. უნივერსიტეტის პირველი რექტორ-დამაარსებელი გახდა მარსილიუს ინგენელი, ნომინალიზმის ერთგული მომხრე. ეს მოძღვრება დიდხანს იყო აუცილებელი უნივერსიტეტის სასწავლო პროგრამებში. დაარსების მომენტისათვის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი იყო რიგით მეოთხე რომის საღვთო იმპერიაში ბოლონიის, პრაღისა და ვენის უნივერსიტეტების შემდეგ და პირველი თანამედროვე გერმანიის ტერიტორიაზე. თავდაპირველად უნივერსიტეტი უნივერსიტეტი შენობების მწვავე ნაკლებობას განიცდიდა. სწავლების პროცესი ავგუსტინელთა და ფრანცისკანელთა მონასტერების სათავსოებში მიმდინარეობდა. მას შემდეგ, რაც კურფიურსტმა რუპრეხტ II ჰაიდელბერგიდან ებრაელები გააძევა და განთავისუფლებული შენობები უნივერსიტეტს გადასცა, მისთვის განსაკუთრებულად ხელსაყრელი პირობები შეიქმნა. სინაგოგა გადაკეთდა მარიამის კაპელად და აუდიტორიად გამოიყენებოდა. უნივერსიტეტის ფინანსირებისათვის კურფიურსტმა რუპრეხტ III სულიწმინდის მონასტერი დააარსა; სულიწმინდის ეკლესია ამავდროულად გადაიქცა უნივერსიტეტის ეკლესიად, სანამ მისი ფუნქციები XIX საუკუნეში წმინდა პეტრეს გამგებლობაში არ გადავიდა.
აყვავების ხანა 1618 წლამდე გაგრძელდა. ოცდაათწლიანმა ომმა მძიმე კვალი დატოვა უნივერსიტეტის ისტორიაში, ხშირად წყდებოდა სწავლების პროცესი. 1622 წელს საყოველთაოდ ცნობილი ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკა რომში იქნა გადატანილი. უნივერსიტეტის ომისშემდგომ გახსნას ხელი შეუშალა ჰაიდელბერგის ძირფესვიანად დანგრევამ ლუდოვიკ XIV მიერ 1693 წელს. უნივერსიტეტი კვლავ დაიხურა რამდენიმე წლით.
XVIII საუკუნეში ჰაიდელბერგში ინტელექტუალური უფერულობა მეფობდა. პროფესორთა უმრავლესობა იეზუიტები იყვნენ, რომლებიც მცირე ხნით რჩებოდნენ ჰაიდელბერგში. პროფესორთა დანარჩენი თანამდებობები მემკვიდრეობით გადადიოდა, რაც ხელს არ უწყობდა სათანადო მეცნიერული დონის შექმნას. ფინანსური სახსრების გაფლანგვამ და XVIII საუკუნის დასასრულის რევოლუციურმა ომებმა უნივერსიტეტი საკუთრებისა და დამოუკიდებელი შემოსავლების გარეშე დატოვეს. 1735 წელს საუნივერსიტეტო მოედანზე, „Domus Wilhelmina”-ს გვერდით, რომელიც დღეს „Alte Universität“-ის („ძველი უნივერსიტეტი“ - გერ.) სახელით არის ცნობილი, გაჩნდა უნივერსიტეტის ახალი მთავარი შენობა.
ჰაიდელბერგის გადასვლამ ბადენის მფლობელობაში 1802 წელს უნივერსიტეტის მეორედ შექმნა განაპირობა. იგი რეორგანიზებული იქნა და სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ სასწავლო დაწესებულებად გადაიქცა. უნივერსიტეტის დამფუძნებლის სახელს პირველი დიდი ჰერცოგის კარლ ფრიდრიხ ბადენელის სახელი დაემატა და მას შემდეგ ის რუპერტისა და კარლის სახელობის ჰაიდელბერგის უნივერსიტეტად იწოდება. იმ წლების უნივერსიტეტი ახალ ჰუმანიზმს დეკლარირებდა, მაგრამ რომანტიკოსებსაც ჰყავდათ თავიანთი მიმდევრები პროფესორებსა და მასწავლებლებს შორის. ჰაიდელბერგში ორი წელი ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი, ფრიდრიხ შლოსერმა კი აქ პოლიტიკური ისტორიული მეცნიერებების სკოლა დააარსა. მაშინ როდესაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებები რობერტ ბუნზენის, გუსტავ კირხჰოფის და ჰერმან ჰელმჰოლცის სახით უმაღლეს საფეხურზე იმყოფებოდნენ, XIX საუკუნის ჰაიდელბერგი ცნობილი იყო პირველ ყოვლისა როგორც იურიდიული უნივერსიტეტი. 1886 წელს უნივერსიტეტმა თავისი 500-წლიანი იუბილე აღნიშნა. 1893 წელს უნივერსიტეტის პატივსაცემად დაერქვა სახელი ასტეროიდ (353) რუპერტო-კაროლას, რომელიც ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის ობსერვატორიაში გერმანელმა ასტრონომმა მაქს ვოლფმა აღმოაჩინა.
XX საუკუნის დასაწყისში უნივერსიტეტში მოღვაწეობდა ბადენის სკოლის ორივე უმნიშვნელოვანესი წარმომადგენელი: ვილჰელმ ვინდელბანდი და ჰაინრიხ რიკერტი. ჰაიდელბერგი იყო მსოფლიო მასშტაბის ლიბერალური უნივერსიტეტი. ეს განპირობებული იყო არამარტო უცხოელ სტუდენტთა მრავალრიცხოვნებით, არამედ ჰაიდელბერგის განსაკუთრებული სულითაც, ინტერდისციპლინარული საუბრებით, რომლებიც ინსპირირებული იყო მაქს ვებერისა და მისი მეგობრების მიერ, რომელთა შორის პირველ რიგში მოიხსენიებენ თეოლოგ ერნსტ ტრიოლჩსა და მის გარშემო შემოკრებილი ახალგაზრდა მეცნიერთა წრეს.
ვაიმარის რესპუბლიკაში ჰაიდელბერგი ითვლებოდა დემოკრატიული სულის ციტადელად, რომლის საყრდენი იყვნენ ისეთი პროფესორები, როგორც კარლ იასპერსი, გუსტავ რადბრუხი, მარტინ დიბელიუსი, ალფრედ ვებერი. აქ ისმენდა ლექციებს ლიტერატურაში და სადოქტორო დისერტაცია დაიცვა იოზეფ გებელსმა, შემდგომში ნაციონალ-სოციალისტური მთავრობის პროპაგანდის მინისტრმა. 20-იანი წლების ბოლოსთვის სტუდენტობა სულ უფრო და უფრო რადიკალური ხდებოდა; კერძოდ, გახმაურდა 1930 წლის „გუმბელის ბუნტი“, როდესაც სტუდენტებმა დაიკავეს უნივერსიტეტის შენობა მოთხოვნით, რომ დაუყოვნებლივ გადამდგარიყო ექსტრაორდინარული პროფესორი ემილ გუმბელი. წესრიგის აღსადგენად საჭირო შეიქნა პოლიციის ჩარევა. მეცნიერულ პლანში იმდროინდელი უნივერსიტეტის სახეს ფილოსოფიური და იურიდიული ფაკულტეტი წარმოადგენდნენ. ახალი გზების გაკვალვა კი დაკავშირებულია, პირველ ყოვლისა, ლუდოლფ კრელის მედიცინის მთლიანობის კონცეპციასთან. აქვე მრავალი წლის განმავლობაში მუშაობდა „არიული ფიზიკის“ პროპაგანდისტი ფილიპ ლენარდი.
ჰაიდელბერგის უნივერსიტეტი იყო გერმანიაში პირველი, რომელიც ნაციონალ-სოციალიზმის სამსახურში ჩადგა. ამან გამოიწვია ებრაული წარმოშობის დოცენტების უმრავლესობის განთავისუფლება თანამდებობებიდან, ხოლო შემდეგ კი სტუდენთთა გარიცხვაც პოლიტიკური და რასობრივი მოტივებით. ბევრი ემიგრანტი გახდა, ორი პროფესორი კი ტერორს ემსხვერპლა. 1933 წლის წიგნების დაწვაში უნივერსიტეტის მოედანზე აქტიურად მონაწილეობდნენ უნივერსიტეტის თანამშრომლები. მესამე რაიხის ხანა აღინიშნა დაუფარავად ფაშისტური განწყობილებების ბატონობით.
მეორე მსოფლიო ომში უნივერსიტეტი არ დაზარალებულა, მაგრამ საჭირო შეიქნა სულიერი განახლება. ფილოსოფოს კარლ იასპერსის ხელმძღვანელობით შემუშავდა ახალი წესდება, რომლითაც უნივერსიტეტმა აიღო ვალდებულება „ემსახუროს სიმართლის, სამართლიანობის და კაცთმოყვარეობის ცოცხალ სულს“. პირველი ომისშემდგომი რექტორი ქირურგი კარლ ჰაინრიხ ბაუერი გახდა. უნივერსიტეტი დაიყო სივრცობრივადაც: საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი და მედიცინის ფაკულტეტის ნაწილი გადავიდა ნოიენჰაიმერ ფელდის საუნივერსიტეტო შენობებში, მაშინ როდესაც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტები ძველ ქალაქში დარჩნენ. გაფართოვდა ძველი კლინიკა ბერგჰაიმში. რეფორმებმა შეცვალეს უნივერსიტეტის სტრუქტურაც: პირველსაწყისი ოთხი ფაკულტეტის ნაცვლად (თეოლოგიური, იურიდიული, სამედიცინო და ფილოსოფიური) 1969 წელს უნივერსიტეტი 16 ფაკულტეტად დაიყო. 1968 წელს უნივერსიტეტში შეიქმნა პაციენტთა სოციალისტური კოლექტივი. სტუდენტთა რაოდენობამ საიუბილეო 1986 წელს 27 ათასს მიაღწია: ისინი ჰაიდელბერგის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს შეადგენდნენ. ომისშემდგომ წლებში აღდგა აგრეთვე უცხოელ სტუდენტთა ტრადიციულად დიდი რაოდენობა.
უკანასკნელ წლებში თავისი მრავალრიცხოვანი კლინიკებისა და სხვადასხვა კვლევით დაწესებულებებთან ერთობლივი მუშაობის საშუალებით უნივერსიტეტმა აღიარება ჰპოვა მედიცინის, ნეირობიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკისს და ინფორმატიკის, იურიდიულ და ეკონომიკურ მეცნიერებათა სფეროებში. ჰაიდელბერგი გახდა პირველი უნივერსიტეტი, რომელმაც დააარსა ფილიალები საზღვარგარეთ, მაგალითად, ეგვიპტეში, ჩილეში და აშშ-ში (მასაჩუსეტსი).
დღეს უნივერსიტეტის შენობები ასეთნაირად არიან განლაგებული: საბუნებისმეტყველო, სპორტული და სამედიცინო მეცნიერებათა დიდი ნაწილი მდებარეობს ნოიენჰაიმერ ფელდში; ჰუმანიტარულ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა დიდი ნაწილი, რექტორატი და უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იმყოფებიან ჰაიდელბერგის ძველ ნაწილში. გარდა ამისა, ქალაქის შიგნით და მის უახლოეს შემოგარენში სხვა შენობებიც არის (მაგალითად, ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტის ათი შენობა ფილოსოფენვეგზე). რექტორატი და უნივერსიტეტის მუზეუმი ძველი უნივერსიტეტის შენობაში არიან განთავსებული.
თეოლოგიის ფაკულტეტი (ევანგელიზმის თეოლოგია), იურისპრუდენციის ფაკულტეტი, ფილოსოფიის ფაკულტეტი, აღმოსავლეთმცოდნეობისა და არქეოლოგიის ფაკულტეტი, ახალი ფილოლოგიის ფაკულტეტი, ნეირობიოლოგიის ფაკულტეტი, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ქცევითი მეცნიერებებისა და კულტურათმცოდნეობის ფაკულტეტი, მათემატიკისა და ინფორმატიკის ფაკულტეტი, ფიზიკისა და ასტრონომიის ფაკულტეტი, ქიმიისა და დედამიწის შესახებ მეცნიერებათა ფაკულტეტი, ბიოლოგიურ მეცნიერებათა ფაკულტეტი, მედიცინის ფაკულტეტი ჰაიდელბერგში, მედიცინის ფაკულტეტი მანჰაიმში.
ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკა თავდაპირველად წარმოადგენდა ზარდახშას ძველი ხელნაწერებით, რომლებიც უნივერსიტეტის პირველმა რექტორმა მარსილიუს ინგენელმა შეიძინა 1388 წელს. ეს ზარდახშა სულიწმინდის ეკლესიაში ინახებოდა. წიგნთა სხვადასხვა კრებულები, აგრეთვე ჰაიდელბერგის კოშკის კურფიურსტების ბიბლიოთეკები კურფიურსტმა ოტჰაინრიხმა XVI საუკუნეში პალატინის ბიბლიოთეკად გააერთიანა, რომელიც სულიწმინდის ეკლესიის ქორედებზე განთავსდა და ხელმისაწვდომი იყო საზოგადოებისათვის. მის განსაკუთრებულად ღირებულ ნაწილს ფუგერების ბიბლიოთეკა წარმოადგენდა. ამ სახელგანთქმული ბიბლიოთეკის დიდი ნაწილი ჰერცოგმა მაქსიმილიან I ბავარიელმა რომის პაპს გრიგოლ XV გადასცა საჩუქრად როგორც ოცდაათწლიანი ომის სამხედრო ნადავლი. ამის გამო პირველ ხანებში მეცნიერული გამოკვლევების ჩატარება შეუძლებელი იყო.
ბიბლიოთეკები, რომლებიც სეკულარიზებული იქნენ 1804 წელს სალემისა და პეტერსჰაუზენის მონასტრებისაგან, იქცნენ ახალი ბიბლიოთეკის საფუძვლად. 1816 წელს მას დაუბრუნდა 847 გერმანული ხელნაწერი პალატინის ბიბლიოთეკიდან. მათ შემდეგ გაცვლითი გარიგების ჩარჩოებში ბიბლიოთეკას დაუბრუნდა მანესის კოდექსი - შუა საუკუნეთა სიმღერათა კრებულთაგან ერთ-ერთი, სახელგანთქმული მანუსკრიპტი, რომელიც შემოვლითი გზებით პარიზის სამეფო ბიბლიოთეკაში აღმოჩნდა. ბიბლიოთეკის პირველი პროფესიონალი დირექტორი კარლ ცანგენმაისტერი(1837-1902) გახდა. 1912 წელს ბიბლიოთეკის დირექტორად იაკობ ვილე დაინიშნა. 1901-1905 წლებში იოზეფ დურმას პროექტით აშენდა უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის შენობა მრავალრიცხოვანი ფლიგელებით; შენობა პავლეს ეკლესიის მოპირდაპირე მხარეს მდებარეობს. 1978 წელს ჩნდება ბიბლიოთეკის ფილიალი ნოინჰაიმერ ფელდში, რომელიც ბუნებისმეტყველებისა და მედიცინის ფაკულტეტებს ემსახურება. 1934 წელს ბიბლიოთეკის ფონდებმა მილიონ ტომს გადააჭარბეს და დღეისათვის მოიცავენ 3 მილიონზე მეტ წიგნსა და ჟურნალს, 480 ათასზე მეტ სხვა სახის მასალას: მიკროფილმებს, ვიდეოჩანაწერებს, აგრეთვე 6600 ხელნაწერს. დეცენტრალიზებულ ბიბლიოთეკებში (მათ შორის 11 ბიბლიოთეკა 100 ათას ტომზე მეტი ფონდით) ინახება კიდევ სამი მილიონი წიგნი. ჰაიდელბერგის ბიბლიოთეკის საერთო კრებული მოიცავს 6 მილიონზე მეტ წიგნსა და ინფორმაციის სხვა მატარებლებს. ბიბლიოთეკით ყოველწლიურად 38 ათასი აქტიური მომხმარებელი სარგებლობს (2007 წლის მონაცემები). უკვე დიდი ხანია, რაც ტრადიციული შეთავაზება შევსებულია მომსახურების მრავალრიცხოვანი ელექტრონული სახეებით: მკითხველთა განკარგულებაშია 44 ათასი ელექტრონული ჟურნალი და მონაცემთა 1700 ბაზა.
უნივერსიტეტის ოფიციალური ვებ-საიტი
უნივერსიტეტის იუთუბი არხი
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.