From Wikipedia, the free encyclopedia
შრი-ლანკის სამზარეულო (სინჰალ. සිංහල බොජුන්) — ტრადიციული შრი-ლანკური კერძების ერთობლიობა, რომელიც ჩამოყალიბდა მრავალი ისტორიულ-კულტურული ფაქტორის გათვალისწინებით. როგორც ტროპიკული კუნძული, იგი ცნობილია მცენარეების სიუხვით და მისი სამზარეულოც მდიდარია მწვანილებით, სანელებლებით, ხილით, ბოსტნეულით, თევზითა და ბრინჯით. შრი-ლანკურ სამზარეულოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბრინჯსა და ქოქოსს, რომლებიც მთელს ქვეყანაში ხარობენ. როგორც სავაჭრო გზაზე მდებარე ქვეყანას, შრი-ლანკას ყოველთვის აქტიური შეხება ჰქონდა უცხოელ ვაჭრებთან, რომლებმაც მათ სამზარეულოში მრავალი ახალი ტექნიკა და ინგრედიენტი დაამკვიდრეს. მას მრავალი საერთო აქვს ინდოჩინეთის ქვეყნებისა და ინდოეთის გასტრონომიებთან.
ისტორიულად შრი-ლანკა ყოველთვის იყო ცნობილი დარიჩინის ექსპორტით. მიიჩნევა, რომ მთელს მსოფლიოში დარიჩინის ხე სწორედ ამ კუნძულიდან გავრცელდა. ვინაიდან იგი კარგად ხარობს კუნძულზე, მის სამზარეულოშიც აქტიურად გამოიყენება ეს სანელებელი ტკბილი გემოს მისაღებად. გარდა დარიჩინისა, ადგილობრივი მზარეულები იყენებენ სხვა მრავალ სანელებელს, მაგალითად: პილპილი, გორაკა, პანდანის სიროპი, ლიმონის ბალახი და ა.შ. ასევე შრი-ლანკაში, ამზადებენ მრავალი სახეობის ბრინჯის კერძს, რომელთაგან ყველაზე ცნობილი და ავთენტურია წითელი ბრინჯი. ამასთან ერთად, შრი-ლანკა მთელს მსოფლიოში ცნობილია თავისი მაღალი ხარისხის ჩაით, რომელიც ადგილობრივებშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს.
შრი-ლანკურ მთავარ კერძებში ძირითადად ბრინჯი დომინირებს. ისინი იყენებენ როგორც მოხარშულ, ისე შემწვარ ბრინჯს. განსაკუთრებით გავრცელებულია ინდური წარმოშობის კარი, რომელიც მზადდება ბრინჯის, ქათმის, ბოსტნეულისა და ოსპისაგან. კიდევ ერთი ცნობილი კერძია კირიბათი, რომელიც ადგილობრივ ენაზე „რძიან ბრინჯს“ ნიშნავს და ასეცაა: კირიბათი არის ქოქოსის რძეში მოხარშული ბრინჯი, რომელიც ცივად მიირთმევა. როგორც წესი, მას მიირთმევენ საუზმეზე, თუმცა ასევე სადღესასწაულო კერძების სიაშიცაა და ამზადებენ დაბადების დღეებზე, ახალ წელსა და სხვა დიდ ფესტივალებზე.
აღსანიშნავია კოტუც, რომელიც არის როტში (უთხელესი მრგვალი პური) გახვეული ბოსტნეული, ხორცი, ყველი და კვერცხი. რაც შეეხება აპამს, იგი არის იგი არის კარაქის ბაზაზე ბრინჯითა და ქოქოსის ზეთით მომზადებული ცომი, რომელსაც სანელებლებთან ერთად წვავენ ან ხარშავენ. სანელებლების მიხედვით, აპამი შეიძლება იყოს როგორც ტკბილი, ისე ცხარე.
ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი შრი-ლანკური კერძი, რომელიც ზღვის პროდუქტებისაგან მზადდება, არის კული. იგი კიბორჩხალის, თევზის, კრევეტებისა და ხამანწკებისაგან მომზადებული ბულიონია, რომელშიც ასევე ურევენ ლობიოს, ისპანახსა და თამარინდს. გარკვეულ შემთხვევებში, მის გასასქელებლად იყენებენ პალმირას ფესვის ფქვილს.
ყველაზე ცნობილი შრი-ლანკური დესერტია კევუმი, იგივე ზეთის ნამცხვარი, რომელიც მზადდება ოქროსფრად შემწვარი ბრინჯისა და ქოქოსის ზეთისგან. შრი-ლანკაში კევუმის მრავალი ვარიაცია არსებობს, მაგალითად მონგ-კევუმი, რომელშიც ბრინჯის ნაცვლად ცომის ბურთებს წვავენ. მის სხვა ვარიაციებია: ათირაჰა, კონდა-კევუმი, ათირასა და ჰენდი-კევუმი.
კიდევ ერთი შრი-ლანკური ტკბილეულია კოკისი, რომელიც მზადდება ბრინჯის ფქვილისა და ქოქოსის რძისგან და არის ტკბილი, ხრაშუნა ბისკვიტი. აღსანიშნავია კალუ-დოდოლიც. იგი ჟელეს კონსისტენციისაა და მზადდება ქოქოსის რძის რედუქციის, გასქელებული ბრინჯის ფქვილითა და ჯაგერის ფხვნილით. პოპულარული დესერტია ვატალაპამი, ორთქლზე მომზადებული პუდინგი, მომზადებული ქოქოსის რძით, კვერცითა და ჯაგერით. ეს რეცეპტი შრი-ლანკაში მალაიზიელმა იმიგრანტებმა ჩაიტანეს და დაამკვიდრეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.