Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
შაპურ III (სპარს. شاپور; გ. დეკემბერი, 388) — სასანიანთა დინასტიის წარმომადგენელი. სპარსეთის შაჰინშაჰი 383-388 წლებში. შაჰინშაჰ შაპურ II-ის ვაჟი.
შაპურ III | |
---|---|
სასანიდური სპარსეთის შაჰინშაჰი | |
მმართ. წლები: | 383-388 |
წინამორბედი: | არდაშირ II |
მემკვიდრე: | ბაჰრამ IV |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | უცნობია |
გარდ. თარიღი: | დეკემბერი, 388 |
შვილები: |
იაზდეგერდ I ბაჰრამ IV |
დინასტია: | სასანიანები |
მამა: | შაპურ II |
რელიგია: | ზოროასტრიზმი |
შაპურის დაბადების თარიღი და ადგილი უცნობია. იგი იყო სპარსეთის შაჰინშაჰ შაპურ II-ის ვაჟი. მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ძმები არ ჰყოლია, მამამისმა რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში გაწეული დახმარებისათვის ტახტის მემკვიდრედ თავისი ძმა, არდაშირ II გამოაცხადა, რომელმაც იგი 379 წელს ჩაანაცვლა.
მსგავსად წინამორბედებისა, 383 წელს არდაშირ II სპარსელმა დიდგვაროვნებმა მოკლეს. ვინაიდან მას ვაჟი არ დარჩენია, სპარსეთის ახალ შაჰინშაჰად შაპურ III დასვეს. შაპური განაგრძობდა მამის დაწყებულ პოლიტიკას და დიდებულთა შევიწროვებას. მან კარგად იცოდა, რომ თავისი წინამორბედი შაჰინშაჰები დიდებულებმა მოკლეს, რის გამოც ტახტზე ასვლისას საჯაროდ განაცხადა, რომ თავის კარზე იგი არ დაუშვებდა „სიცრუეს, სიხარბესა და თავის მართლებას“, რაც არისტოკრატთათვის მიუღებელი იყო.
ტახტზე ასვლისთანავე შაპურმა განაახლა სომხეთთან დაკავშირებული დავა, რომელიც ბიძამისმა, არდაშირ II-მ ძლივს დაასრულა. შაპურ II-მ თავის სიცოცხლეში მოახერხა და დაიპყრო ალბანეთი და იბერია, შაპურ III კი სომხეთის დაპყრობაზე და მთელი კავკასიის დამორჩილებაზე ოცნებობდა. ვასლობის პირობის სანაცვლოდ, მან სომხეთში არკაშიანთა დინასტია გაამეფა, თუმცაღა სომხეთის მცირე ნაწილი კვლავ რომის იმპერიის შემადგენლობაში რჩებოდა. დარჩენილი სომხეთის მოსაერთებლად 383-384 წლებში რომის იმპერატორმა თეოდოსიუს I-მა ირანში დიდი ჯარები გააგზავნა. მიუხედავად განზრახვისა, სპარსელებსა და რომაელებს შორის ერთი შეტაკებაც არ მომხდარა, რადგან სახელმწიფოთა ლიდერებმა დროულად მოახერხეს დიპლომატიური მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაჭრა.
მათი საერთო შეთანხმების მიხედვით სომხეთი რომმა და სპარსეთმა ორად გაიყო. საზღვარი გატარდა ჩრდილოეთით თეოდოსიოპოლისიდან სამხრეთით ამიდამდე, რაც იმას ნიშნავდა, რომ სომხეთის დიდი ნაწილი სასანიანებს დარჩათ. ზემოთ ხსენებული საზღვარი მხოლოდ 387 წელს იქნა გატარებული, რის შემდეგაც შაპურ III-მ შინა ვითარების გამოსწორება დაისახა მიზნად და ბრძოლა გამოუცხადა ბაქტრიის მმართველ სიკარიტების დინასტიას.
შაპურ III თავისი მეფობის მეხუთე წელს, სრულიად მოულოდნელად გარდაიცვალა. რამდენადაც ცნობილია იგი ძალიან სადა გემოვნების მქონე ადამიანი იყო, რის გამოც თავის სასახლეში ხშირად დგამდა კარავს და შიგნით იძინებდა. მისი გარდაცვალების მიზეზი ის გახდა, რომ კარვის დამჭერი ძირითადი თოკები დიდგვაროვნებმა გადაჭრეს, რის შემდეგაც ძირითადი ძელი პირდაპირ მას დაეცა და ადგილზევე მოკლა. ამის შემდეგ ტახტზე შაპურის ვაჟი, ბაჰრამ IV ავიდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.