From Wikipedia, the free encyclopedia
ღირსი დიოსი (გ. 430) — V საუკუნის ქრისტიანი წმინდანი. ხსენების დღეა 1 აგვისტო (ძველი სტილით 19 ივლისი).
ღირსი დიოსი დაიბადა სირიის ანტიოქიაში მცხოვრები კეთილმსახური ქრისტიანების ოჯახში. სიყმაწვილიდანვე იგი თავშეკავებით გამოირჩეოდა, ღამეებს ათევდა დაუცხრომელ ლოცვაში. ამგვარი ღვაწლისთვის დიოსს უვნებლობა და სასწაულთქმედების ნიჭი მიემადლა.
უფალი ჩვენებით გამოუჩნდა ნეტარს და უბრძანა, კონსტანტინოპოლში ჩასულიყო. დიოსი ქალაქგარეთ, ერთ უდაბურ ადგილას დამკვიდრდა. ერთხელ მან გამხმარი კვერთხი მიწაში ჩაარჭო და უფალს შესთხოვა, თუ ამ ადგილებში მისი ყოფნა სათნოეყოფოდა, ჯოხი გაენედლებინა. ღმერთმა შეისმინა ნეტარის ვედრება: კვერთხმა ფესვები გაიდგა, აღორძინდა და თანდათან იქცა უზარმაზარ მუხად, რომელიც დიოსის მიცვალების შემდეგაც დიდხანს იდგა და უფლის ყოვლისშემძლეობასა და წმინდანის ღვთივრჩეულობას მოწმობდა.
ადგილობრივმა მკვიდრებმა სიარული დაიწყეს რჩევა-დარიგებისა თუ სულიერ და ხორციელ სნეულებათა კურნების სათხოვნელად. ისიც ლოცვით კურნავდა ავადმყოფებს, შემოწირულობებს კი გლახაკებს, მწირებსა და დავრდომილებს უნაწილებდა.
ხმამ წმინდა დიოსის შესახებ იმპერატორ თეოდოსი უმცროსამდე (408-450) მიაღწია და იგი კონსტანტინოპოლელ პატრიარქ ატიკისთან (406–425) ერთად ჩავიდა წმინდანთან ლოცვა-კურთხევის სათხოვნელად. იმპერატორმა ისურვა, რომ ნეტარი მამის მოღვაწეობის ადგილას მონასტერი მოეწყოთ და მის ასაგებად სახსრებიც გაიღო. პატრიარქმა დიოსი მღვდლად აკურთხა და იღუმენად დაადგინა. მალე წმინდანის ირგვლივ მრავალრიცხოვანი საძმო შეიკრიბა. სავანეს ჭა დასჭირდა. ბერები მას დიდხანს და უშედეგოდ თხრიდნენ. ბოლოს წმინდა იღუმენის ლოცვით მიწიდან წყარომ ამოხეთქა და ჯურღმული პირთამდე აავსო. ერთხელ ღირსმა დიოსმა წყალში დამხრჩვალი ადამიანი ლოცვის ძალით მკვდრეთით აღადგინა... ბევრ სხვა სასწაულსაც აღასრულებდა უფალი თავისი რჩეულის ხელით.
ღრმა მოხუცებულობაში ნეტარი მძიმედ დაავადდა. როცა ძალები სრულიად გამოეცალა, ის გამოემშვიდობა საძმოს, ეზიარა ქრისტეს წმინდა სისხლსა და ხორცს და, სასიკვდილო სარეცელზე მწოლიარე, სულის ამოხდომასღა ელოდა. უწმიდესი პატრიარქი ატიკი და კონსტანტინოპოლში სტუმრად მყოფი ანტიოქიელი მღვდელმთავარი ალექსანდრე დაკრძალვაში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ მონასტერში, მაგრამ უეცრად სულთმობრძავი მხნედ წამოდგა და განაცხადა, რომ უფალმა კიდევ თხუთმეტი წლის სიცოცხლე უბოძა.
წმინდა დიოსმა, მართლაც, კიდევ თხუთმეტი წელი იცოცხლა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მას საკურთხეველში ნათელმოსილი ჭაბუკი წარმოუდგა სამღვდელო სამოსლით და აღსასრულის მოახლოება ამცნო. ღირსი დიოსი თავისსავე მონასტერში დაკრძალეს 430 წელს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.