From Wikipedia, the free encyclopedia
ქვისთაღოვანი ხიდი, თაღოვანი ხიდი, კამაროვანი ხიდი, თამარის ხიდი — თაღოვანი კონსტრუქციის ქვის ხიდის გავრცელებული ამიერკავკასიის ტერიტორიაზე. მათი ძირითადი ნაწილი გვხვდება ლაზეთსა და ჭოროხის აუზში. ქვისთაღოვანი ხიდები ასევე გვხდება საქართველოს სხვა ადგილებშიც, აფხაზეთში, იმერეთში და სხვაგან. ქვისთაღოვანი ხიდები შეადგენენ ანტიკური და ფეოდალური ხანის მატერიალური კულტურის ძეგლთა საყურადღებო ჯგუფს.
საზოგადოდ, როგორც ამ კონსტრუქციის ხიდების მშენებლობის ეპოქის, ისე მშენებელთა ვინაობის საკითხებზეც სამეცნიერო ლიტერატურაში გამოთქმული აზრი დადასტურებული არ არის. XIX საუკუნის რუსულ პერიოდულ გამოცემებს ისეთი ტენდენცია ჰქონდათ, რომ ლაზეთსა და მეზობელ ტაო-კლარჯეთში დაცული ქვისთაღოვანი ხიდები მაინცდამაინც უცხოელების, კერძოდ ვენეციელების ან გენელების ნახელავი უნდა ყოფილიყო. გაზეთი „ნოვოე ობოზრენიე“, ამ კონსტრუქციის ხიდებს ბიზანტიელთა მიერ აგებულ ხიდებად თვლიდა[1], ხოლო გაზეთი „ჩერნომორსკი ვესტნიკი“ — გენუელთა მიერ აშენებულად[2]. ამ ხიდების მშენებელთა ვინაობის შესახებ ანალოგიურ აზრს ატარებდა გაზეთი „კავკაზიც“[3], ხოლო „კავკაზსკი ვესტნიკი“, 1892 წელს უშუალოდ ჭოროხის შესართავთან არსებული ხიდის შესახებ მიუთითებდა, რომ იგი თითქოსდა გენუელების აგებული იყო[4]. ჩერნომორსკი ვესტნიკი 1899 წელს წერდა, რომ ადიდებულმა ჭოროხმა გაიტაცა რამდენიმე საუკუნის წინათ გენუელტა მიერ აშენებული ქვის ხიდის ბურჯები, რომელთა სიმტკიცე აკვირვებდა მის მნახველ ინჟინრებს. საყურადრებოა რომ ამ გაზეთებში გამოქვეყნებულ სტატიებს თავისი გავლენა დაუტოვია ზოგიერთ ქართველ მიმომხილველზეც.
აჭარის მკვიდრი მოსახლეობა აჭარაში არსებულ ხიდებს თამარის მეფობის პერიოდში აშენებულად თვლის.
ქვისთაღოვანი ხიდების ერთი ნაწილი აშენებულია IV-V საუკუნეებში, ხოლო დანარჩენი შუასაუკუნეების სხვადასხვა პერიოდს განეკუთვნება.
ქვისთაღოვანი ხიდების ოდენობა განსაზღვრული არაა, რადგანაც ხიდები რომელზედაც ცნობები არსებობდა ზოგიერთი მათგანი დაიქცა და განადურდა. ასე მაგალითად თ. სახოკია თვლიდა რომ აჭარის ტერიტორიაზე ქვისთაღოვანი რვა ხიდია[5], მეფის რუსეთის ოფიცერი ვ. ლისოვსკი აჭარის ტერიტორიაზე 11-მდე ხიდს[6], ხოლო სხვა ზოგიერთი მკვლევარი კიდევ უფრო ნაკლებ ოდენობას ასახელებს. ერთ-ერთი უკანასკნელი აღწერით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 25-მდე ქვისთაღოვანი ხიდი გამოვლინდა. ჩვენს დროში უკვე აღარ არის ხიდები, რომლებიც ჭოროხის და კინტრიშის, ერგის წყლის შესართავთან ახლოს, სოფელ აჭარისწყალთან და ქედაში მდინარე აჭარისწყალზე, სოფელ ცხმორისში და შანთაძეებში იდგა. ასევე დაიქცა ბოღრათის (ქობულეთის რაიონი) და სხვა ხიდები. მათგან ზოგიერთი დ. ბაქრაძემ[7] და სხვებმა აღწერეს.
ქვისთაღოვანი ხიდები წარმოადგენდა სავაჭრო-საქარვნო გზების ქსელის აუცილებელ ელემენტს. იმ საქარვნო გზებს შორის, რომლებიც აჭარაზე გაივლიდა, ძირითადი უნდა ყოფილიყო ჩრდილო კავკასიისა და მცირე აზიის ქვეყნების დამაკავშირებელი გზა, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე გაივლიდა. ეს ტრასა ქობულეთზე გადმოვლით შემოდიოდა ბათუმის ზონაში, ხოლო აქედან აფსაროსს, ანუ ჭოროხს გადაკვეთავდა, საიდანაც უფრო სამხრეთით მიემართებოდა. ამ ტრასაზე იყო განლაგებული დღევანდელი აჭარის ტერიტორიაზე დაცული ხიდების ერთი რიგი. კერძოდ მდინარე კინტრიშის ახლოს იქ, სადაც იგი ზღვას ერთვის და მდინარე ჭოროხის ქვემო წელზე ბათუმიდან ტრაპიზონისაკენ მიმავალ ამ სანაპირო გზაზე. ბეღლევანისა და მაკრიალის ხეობაში დაცულია მრავალი ხიდი. მარტო ბეღლევანის ხეობაში 5 ქვისთაღოვანი ხიდი ფუნქციონირებდა.
არსებობდა ასევე ძველი გზები, რომლებითაც მექარავნეები აჭარის ქედებზე გადაივლიდნენ და ბათუმის გვერდის ავლით პირდაპირ ქედაში ჩადიოდნენ. ამაზე მეტყველებს შემორჩენილი გზები, რომელთაგან ერთი ჩაქვიდან სოფლელ ზუნდაგის ქედით მახუნცეთში, ხოლო მეორე, ჩაქვიდან ქედებზე გადავლით პირველ მაისსა და აგარაში ჩადის. ქობულეთის მიდამოებიდან მიმავალ ზერაბოსელ-წონიარისის გზას მგზავარი ბათუმ-გოდერძის ფართო ტრასაზე გადაჰყვა. სწორედ ამ გზებზე გვხდება აჭარაში ქვისთაღოვანი ხიდების ერთი ჯგუფი.
ზუნდაგის წყალზე, იმ ადგილას, რომელსაც მოსახლეობა ქვახიდი ღელეს, ზოგჯერ კი ხიდითავღელეს უწოდებს, ქვის ხიდი უნდა ყოფილიყო, რომელიც ქობულეთ-ჩაქვის უღელტეხილით სოფლე ზუნდაგში გადასულ ქარავანს აჭარის ხეობის ცენტრალური გზის პირას გაშენებულ სოფელ ქვემო მახუნცეთში ჩაიყვანდა. ჩაქვის მხრიდან სოფლელ პირველ მაისში გადასულ მგზავრებს ამ სოფლის ქვისთაღოვანი ხიდი ასევე ხეობის ცენტრალურ გზაზე გადაიყვანდა, აგარაში ჩასული მგზავრები კი ქვემო აგარის წყალზე არსებული ქვისთაღოვანი ხიდით ცენტრალურ გზაზე გადადიოდნენ. ამ ხიდს იყენებდნენ აგრეთვე სოფელ პირველი მაისის ტერიტორიაზე ცენტრალური გზიდან ორასიოდე მეტრის სიმაღლეზე კლდის კენწეროზე ატყორცნილი, ზედ უფსკურლის პირზე გაშენებულ ციხეზე ასასვლელადაც. აქედან მეციხოვნეებს შეეძლოთ მეთვალყურეობა გაეწიათ და დაეცვათ ცენტრალური გზა. ასეთივე დანიშნულება უნდა ჰქონოდა ქვისთაღოვან ხიდს, რომელიც სოფელ ზერაბოსლიდან 29-ე კმ-ზე სოფელ წონიარისშია დაცული. ნიკო კვეზერელი-კოპაძე მიუთითებს, რომ ეს ბილიკი წანარისის ხეობით მთა პერანგას გადასასვლელამდე ჯურუას მთისკენ მიემართება[8]. როგორც ჩანს , ეს ისტორიული გზა ზღვისპირას იღებდა სათავეს და მდინარე კინტრიშის ხეობით, სადაც რამდენიმე თაღოვანი ქვის ხიდია დაცული, პერანგას მთას (ხინოს მთას) გადაივლის.
ზემო აჭარაში: განახლების (ყადიოღლები), შანთაძეების, შირინოღლების, ურხოს და ფურტიოს ხიდები.
ქვემო აჭარაში: დანდალოს, მახუნცეთის და ცხმორისის ხიდები.
1895 წლის წყალდიდობის შედეგად დაინგრა შანთიძეების, მახუნცეთისა და ცხმორისის ხიდები, ხოლო განახლების (ყადიოღლები) ხიდი დაზიანდა.
ანალოგიური სტილის ოთხი ხიდია დაცული ბათუმ-მაჭახლის გზაზე, რომელიც მაჭახლის თემის ყველა სოფელს ემსახურებოდა. სოფელ მირვეთის ტერიტორიაზე, მდინარე ჭოროხის სანაპირო ზოლში ძველი გზის პირას დგას ქვის თაღოვანი ხიდი.
დ. ბაქრაძის ცნობით დაბა ქედის ორი ნაწილის შესაერთებლად, რომელსაც აჭარისწყალი შუაზე კვეთს, იყო ქვისთაღოვანი ხიდი სამი ბურჯით[9]. მისი წალეკვის თარიღი ცნობილი არ არის.
ბათუმ-არტაანის გზაზე, იალავუზჩაის უღელტეხილის გადამკვეთ დევის ხევის წყალზე იყო 43 მეტრამდე სიგრძის ხიდი, რომელიც კავკასიოლოგმა ე. ვეიდენბრაუმმა და რუსეთის არმიის ოფიცერმა ვ. ლისოვსკიმ აღწერეს[10].
ქ. ართვინიდან 10 ვერსზე მდინარე ხატილაზე (რომელიც სათავეს კარჩხლიდან იღებს), ჭოროხში ჩართვამდე მოქმედებდა ხიდი, რომელიც 1887 წელს ინახულა ვ. ლისოვსკიმ. ხატილას წყლის ერთ-ერთ პატარა შენაკადზე კი ნ. ლევაშოვს აღწერილი აქვს მეორე ხიდი[11]. ჭოროხის შენაკადად მურღულის წყალზე, მის შესართავთან სანახევროდ დანგრეული ყოფილა მურღულის ხიდი, რომელიც 85 მეტრ სიგრძეზე იყო გადაჭიმული და ამ ტიპის ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაგებობას წარმოადგენდა.
მდინარე კარჩხალის მარცხენა ნაპირას ხანძთის მონასტერთან სამი ხიდი არსებობდა. ასეთივე ხიდი იყო თორთომის წყალზე და მდინარე იმერხევზე სოფელ ჭიდილასა და წყაროსთავს შორის, რომლელიც ფოტოგრაფ დიმიტრი ერმაკოვსა და არქეოლოგ უვაროვას გადაუღიათ. ა. პავლინოვს 1886 წელს და 1904 წელს აღუწერია ოპიზიდან შატბერდს მიმავალ გზაზე ციცაბო კლდის წვერზე ზედ უფსკრულის პირას მდგარი ეკლესია. მთის ძირას კი მდინარეზე ორი ქვის ხიდი ყოფილა[12].
მდინარე იმერხევზე მონასტრის ძირში სამი ასეთი ხიდი ყოფილა. ნ. მარი ვარაუდობდა, რომ მათ შორის ორთაღიანი ხიდი მარტო ქვეითებისათვის განკუთვნილი არ იყო[13]. ხოლო იქ სადაც ყვირილა ერთვის იმერხევს, იდგა სურმენეს ქვისთაღოვანი ხიდი. ამ ხიდის კამარის ნანგრევები უნახავს ნ. მარს, რომელზეც ადგილობრივებს უთქვამთ: „ამ 20 წლის წინათ (1880-იან წლებში), იგი წყალმა წალეკაო, რომელზედაც წარწერები ყოფილაო“.
ვ. ლისოვსკისა და გ. ყაზბეგს ქვისთაღოვანი ხიდები უნახავთ ზღვის სანაპიროთი აჭარიდან ტრაპიზონისაკენ მიმავალ გზაზე, ჯერ ბეღლევანის ხეობაში, ხოლო შემდეგ იმ გზაზე, რომელიც ჯურფუკის უღელტეხილით მაკრიალის ხეობაში გადადის. მარტო ბეღლევანის უნახავს და აღუწერია ხეობის 23 კილომეტრზე ქვისთაღოვანი ხუთი ხიდი. ერთ-ერთი ხიდი, რომელიც გიორგი ყაზბეგმა შეამძნია იდგა მდინარე ბეიუქსუზე ხოფიდან სუაკალსეაკენ მიმავალ გზაზე, რომელიც მერე ბაიბურთისაკენ მიდიოდა[14]. მდინარე მაკრიალზე ბათუმიდან მაკრიალზე მიმავალ გზაზე იდო ნ. შავროვის მიერ მითითებული ქოფრიჯის ხიდი, რომელიც ვ. ლისოვსკის ცნობით 42 მ სიგრძისა იყო. ხოფის ხეობაში და მდინარე ყარადერეზე, როდესაც 1915-1916 წლებში თურქეთის ჯარი უკან იხევდა, უცდიათ ხიდის აფეთქება, მაგრამ აფეთქებას მხოლოდ გვერდი შეუნგრევია. ასეთივე ხიდები იყო რიზესთან სურმენეს ხეობაში. უკანასკნელი ინგლისელმა მოგზაურმა რობინ ფერდმა აღწერა წიგნში — „არგონავტების ნაკვალევზე“[15]. 1916 წელს გაზეთი „სახალხო საქმე“ წერდა რომ ბათუმიდან ტრაპიზონამდე მიმავალ გზაზე არსებულ ხიდებს მოსახლეობა ქართულ ხიდებს უწოდებდა, ხოლო ყარადერეზე არსებულ ქვის ხიდს თამარის ხიდს ეძახდნენო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.