Remove ads
ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ვიკიპედია — ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, რომელსაც, ისევე როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებებს, ამერიკული ფონდი „ვიკიმედია“ მართავს. შეიქმნა 2003 წლის ნოემბერში. 2006 წლის 11 აგვისტოს სტატიების რაოდენობამ 10 000-ს გადააჭარბა. 2008 წლის აგვისტოს მონაცემებით, მასში 23 000-ზე მეტი სტატია შედიოდა. 2009 წლის მაისში კი სტატიების რაოდენობამ 30 000-ს გადააჭარბა. 2011 წლის 7 ივლისს, ქართულ ვიკიპედიაში სტატიების რაოდენობამ 50 000-ს მიაღწია; 2013 წლის იანვარში კი — 70 000-ს. 2015 წლის 13 ოქტომბერს, ქართულენოვანი ვიკიპედიის სტატიების რაოდენობამ 100 000-ს მიაღწია. ქართული ვიკიპედიის სიღრმე 35-ია, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. სტატიების ამჟამინდელი რაოდენობაა 176 549.
Georgian wikipedia ქართული ვიკიპედია | |
---|---|
მისამართი: | ka.wikipedia.org |
კომერციული: | არა |
საიტის ტიპი: | ქსელური ენციკლოპედია |
რეგისტრაცია: | არა არის სავალდებულო |
ენა: | ქართული |
მფლობელი: | ფონდი ვიკიმედია |
მუშაობის დაწყება: | 2003 წლის ნოემბერი |
სტატიების რაოდენობა: | 176 549 |
გვერდების რაოდენობა: | 491 880 |
რედაქტირებების რაოდენობა: | 4 712 424 |
დარეგისტრირებული მომხმარებელი: | 164 820 |
აქტიური მომხმარებელი: | 250 |
ადმინისტრატორი: | 6 |
სიღრმე: | 30.6 |
ქართულენოვანი განყოფილება, ისევე, როგორც ვიკიპედიის სხვა განყოფილებები, მუშაობს რამდენიმე ასეული სერვერისგან შემდგარი სერვერული კლასტერისგან, რომლებიც საქართველოში არ მდებარეობს. დამატებით იხილეთ meta:Hardware.
პროგრამული უზრუნველყოფისათვის გამოიყენება MediaWiki ძრავა. ვერსიისა და გამოყენების შესახებ ინფორმაცია იხილეთ აქ.
ვიკიპედიის ქართულენოვანი პროექტის შექმნის იდეა 2003 წელს ავთანდილ აბულაძეს გაუჩნდა[1], რომელიც 2002 წლიდან ესპერანტო ვიკიპედიაში მოღვაწეობდა[2]. შემდგომში ქართული ვიკიპედიის შექმნაზე მუშაობდა პორტუგალიელი მომხმარებელი Malafaya[3]. ზუსტად არ არის ცნობილი, თუ რა თარიღიდან ამოქმედდა ვიკიპედიის ქართულენოვანი განყოფილება, თუმცა ვიკიპედიის გვერდის ცვლილებების ისტორიიდან ჩანს, რომ 2004 წლის დასაწყისში ქართული ვიკიპედია უკვე მოქმედებს; ამ წლის 25 თებერვალს ჰონგკონგელი მომხმარებლის Tomchiukc-ის[4][5] მიერ დაიწერა ქართული ვიკიპედიის პირველი სტატია — ედუარდ შევარდნაძე[6].
Malafaya, რომელიც ქართული ვიკიპედიის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევა, 2004 წლის 30 ოქტომბრიდან ჩაება უკვე ამოქმედებული პროექტის დამუშავებაში. ამავე დღიდან იგი და მომხმარებელი Sopho ქართული ვიკიპედიის პირველი ადმინისტრატორები ხდებიან[7]. პროექტის შექმნის ინიციატორი ავთანდილ აბულაძე ქართულ ვიკიპედიაში მხოლოდ 2005 წლის თებერვალში გამოჩნდა[8], იმავე წლის აპრილიდან კი მესამე ადმინისტრატორი გახდა[9]. სწორედ მას ეკუთვნის ქართულ ვიკიპედიაში შექმნილი პირველი ვრცელი ქართულენოვანი ენციკლოპედიური სტატიების დიდი ნაწილი, იყო ვიკიპედიის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური რედაქტორი გარდაცვალებამდე — 2005 წლის სექტემბრამდე[10].
2021 წლის იანვარში ქართულ ვიკიპედიაში განახლდა ლოგო. მანამდე გამოყენებული BPG Serif ჩანაცვლდა Noto Serif Georgian-ით. კენჭისყრის შედეგების მიხედვით ვარიანტმა A1 მიიღო ვიკიპედიის მომხმარებელთა 3 ხმა, A2-მა - 0 ხმა, A3-მა - 1 ხმა, B1-მა - 8 ხმა, B2-მა - 0 ხმა, C1-მა - 1 ხმა, ხოლო C2-მა - 0 ხმა. კენჭისყრის შედეგად შეირჩა ვარიანტი B2, რომლის ტექნიკურად გამართული ვერსია ქართული ვიკიპედიის განახლებული ლოგო გახდა 2021 წლის მარტიდან.
სტატიები ქმნის ქართული ვიკიპედიის გვერდების ძირითად და ყველაზე მოცულობით ბირთვს. ყველა დანარჩენი გვერდი ქართული ვიკიპედიისა ემსახურება სწორედ სტატიების სრულყოფას, გაფორმებას, ახალი სტატიების შექმნას და ა. შ. ვიკიპედიის სხვადასხვაენოვანი პროექტების სიდიდე სწორედ სტატიების რაოდენობით განისაზღვრება. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში ზუსტად 176 549 სტატიაა დაწერილი.
ქართული ვიკიპედიის სტატიების მიმართ მოქმედებს ის ზოგადი კრიტერიუმები, რომლებიც ყველა სხვაენოვან ვიკიპედიაშია აღიარებული. უმთავრესი მოთხოვნა სტატიისადმი არის ენციკლოპედიური სტილი, მინიმუმ სამწინადადებიანი ქართულენოვანი ტექსტი, პლაგიატის არარსებობა. ამ რომელიმე კრიტერიუმის დარღვევა განიხილება სტატიის სწრაფი წაშლის კრიტერიუმად[11]. სწრაფად იშლება აგრეთვე სტატიები გაუგებარი შინაარსით და გამოუცდელი რედაქტორების მიერ შექმნილი ტესტური სტატიები, რომელთაც არ აქვთ ენციკლოპედიური ღირებულება[12].
ქართული ვიკიპედიის სტატიებზე ვრცელდება აგრეთვე ნეიტრალური თვალსაზრისის პრინციპი, რაც გულისხმობს მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას — სტატიაში მოყვანილი უნდა იყოს რედაქტორისთვის ცნობილი ყველა სადავო მოსაზრება და საკითხი არ უნდა იყოს გადაწყვეტილი რომელიმე მათგანის სასარგებლოდ[13]. აღსანიშნავია, რომ ამ პრინციპის დარღვევა — სტატიის შინაარსის არაობიექტურობა და მიკერძოებულობა — ქართულ ვიკიპედიაში არ ითვლება სტატიის სწრაფი წაშლის წინაპირობად. მიკერძოებული ფრაგმენტების შემცველი სტსტიების შესავალში განთავსდება გაფრთხილება, რომელიც მკითხველებსა და რედაქტორებს ატყობინებს სტატიის ხარვეზს და სთავაზობს მათ, ეს ხარვეზი აღმოფხვრან განხილვის (დისკუსიის) გზით[14].
სტატიები აგებულია ერთი და იმავე პრინციპით. სტატია იწყება შესავლით (ზოგჯერ უწოდებენ პრეამბულასაც), რომელიც შეიცავს სტატიის ძირითადი საგნის მოკლე განმარტებასა და, მოკლე, ძირითად და შემაჯამებელ ინფორმაციას მის შესახებ. შესავალს მოსდევს თემატური სექციები და სხვადასხვა დონის ქვესექციები. როდესაც სტატია სამ ან მეტ თემატურ სექციას შეიცავს, სექციების სია, სარჩევის სახით, მოცემულია უშუალოდ შესავალი ნაწილის შემდეგ. ხშირ შემთხვევაში, მცირე სტატიებს, სექციები არ გააჩნია.
სტატიების ტექსტური ნაწილი ხშირად გაფორმებულია შესაბამისი ილუსტრაციებით, აგრეთვე ვიდეო და აუდიო მასალებით. ასეთი ფაილების ნაწილი საკუთრივ ქართული ვიკიპედიის საწყობში ინახება, უდიდესი ნაწილი კი ვიკისაწყობის მასალებია, რომელთა გამოყენებაც ვიკიმედიის სხვა პროექტებშიც (უცხოენოვან ვიკიპედიებში, დობილ პროექტებში) შესაძლებელია. ზოგჯერ, სტატიის ძირითადი ნაწილის შემდეგ, ერთ-ერთი ბოლო სექციაა „გალერეა“, რომელშიც ერთადაა მოცემული საილუსტრაციო მასალა.
სტატიის გაფორმებასა და ინფორმაციულად გამდიდრებაში მნიშვნელოვან ადგილს იკავებენ ინფორმაციული და სანავიგაციო დაფები (ე. წ. ინფოდაფები და ნავდაფები). ინფორმაციული დაფები, როგორც წესი, სტატიის დასაწყისშივე მარჯვენა მხარესაა განთავსებული და სტატიის ძირითადი საგნის მონაცემთა მოკლე შეჯამებას ახდენენ. ამგვარი დაფები ერთგვაროვანი სტატიებისათვის სტანდარტულია; მაგალითად, არსებობს ინფორმაციული დაფის სტანდარტული თარგები სახელმწიფოებისთვის[15], ბიოგრაფიული სტატიებისათვის[16] და სხვ. სანავიგაციო დაფები ერთგვაროვანი სტატიების (მაგალითად, ევროპის ქვეყნების[17], რომელიმე მუსიკოსთან დაკავშირებული სტატიების[18]) ჩამონათვალს შეიცავს ბმულებით და, როგორც წესი, სტატიის ბოლოშია განთავსებული. სანავიგაციო დაფების მიზანია ვიკიპედიაში ნავიგაციის, სტატიების ადვილად მოძიების გამარტივება.
სტატიის ბოლო ნაწილი წყაროებისა და ლიტერატურის მითითებას ეთმობა. წყაროები და ლიტერატურა, ხშირად, რამდენიმე სექციაშია გადანაწილებული, რომელთა დასახელებებიც ქართულ ვიკიპედიაში სტანდარტულია: იხილეთ აგრეთვე, ლიტერატურა, რესურსები ინტერნეტში და სქოლიო. სექცია იხილეთ აგრეთვე მოიცავს იმ ქართულ ვიკიპედიაში არსებული იმ სტატიების ჩამონათვალს, რომელიც თემატურად წაკითხული სტატიის მსგავსია და მკითხველისთვის, შესაძლოა, საინტერესო იყოს. სექცია ლიტერატურა მოიცავს, როგორც წესი, სტატიის დასაწერად გამოყენებულ ბიბლიოგრაფიას (ბეჭდური, ელექტრონული გამოცემები), ზოგჯერ კი, აგრეთვე, თემატურად დაკავშირებულ რეკომენდებულ ლიტერატურასაც. რესურსები ინტერნეტში ვიკიპედიისაგან განსხვავებული ვებ-გვერდების ბმულების ჩამონათვალია, რომლებიც სტატიის საგნის შესახებ დამატებით ინფორმაციას იძლევა. ამავე სექციაშია მოცემული ბმულები ვიკიპედიის დობილი პროექტების შესაბამის გვერდებზე (ვიკისაწყობი, ვიკიციტატა, ვიქსიკონი და სხვ.). უკანასკნელი სექცია — სქოლიო — ცალკეული წინადადებების, აბზაცების შინაარსის ჭეშმარიტების დამადასტურებელ წყაროებს აჯამებს[19][20].
თითოეულ სტატიას ბოლოში მითითებული აქვს სულ მცირე ერთი თემატური კატეგორია და მასზე ბმული. თემატურ კატეგორიაზე გადასვლის შემთხვევაში, შესაძლებელია ამ თემატიკის სტატიების ანბანური ჩამონათვალის ნახვა.
მთავარი გვერდი ეწოდება ქართული ვიკიპედიის საწყის გვერდს, რომელიც პირველად გამოჩნდება ქართული ვიკიპედიის საიტზე (ka.wikipedia.org) შესვლისას. მთავარ გვერდს რამდენიმე ფუნქცია აქვს. მოცემულია მცირე ინფორმაცია და ბმულები, რომლებიც ვიკიპედიის არსს, ქართული ვიკიპედიის სტატისტიკას და სხვ. შეეხება; გარდა ამისა, მკითხველებისათვის იგი წარმოადგენს ერთგვარ სანავიგაციო პორტალს, სადაც მოცემულია მნიშვნელოვანი ბმულები სასურველი სტატიის მოსაძიებლად. მკითხველის ვიკიპედიით დაინტერესებას ემსახურება ასევე მთავარ გვერდზე წარმოდგენილი საინფორმაციო ბლოკები — რჩეული სტატია, დღის სტატია, სიახლეები, ამ დღეს..., იცით თუ არა, რომ..., დღის სურათი.
მთავარ გვერდს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს აგრეთვე რედაქტორთათვის იმდენად, რამდენადაც იგი შეიცავს მნიშვნელოვან ბმულებს გვერდებზე, რომლებიც სხვადასხვა პროექტების დამუშავებას ანდა საჯარო განხილვებს ეთმობა, მათ შორის აღსანიშნავია ვიკიპედიის ფორუმი.
ქართული ვიკიპედიის მთავარმა გვერდმა შექმნიდან დღემდე შვიდი ერთმანეთისაგან ძირეულად განსხვავებული დიზაინი გამოიცვალა[21]. გარდა ამისა, თითოეულ დიზაინში პერიოდულად შედიოდა უმნიშვნელო შესწორებებიც. შინაარსობრივად, პირველი ორი ვერსია მხოლოდ მისალმებას, სანავიგაციო ბმულებსა და რჩეული სტატიის ბლოკს შეიცავდა. მესამე ვერსიიდან, 2006 წლის 19 ივლისიდან, მთავარ გვერდს დაემატა ახალი ბლოკები მთავარი სიახლეები (მოგვიანებით ეწოდა სიახლეები), ამ დღეს..., იცით თუ არა, რომ... და დღის ფოტოსურათი (მოგვიანებით დღის სურათი). მთავარი გვერდის ამგვარი შინაარსობრივი აგებულება დღემდე შენარჩუნებულია, საკუთრივ ბლოკების შინაარსი კი პერიოდულად ახლდება.
თემატური პორტალები ქართული ვიკიპედიის განსაკუთრებული გვერდებია, რომლებიც ერთი თემატიკის სტატიების მარტივად მოძიების მიზნით იქმნება. პორტალები ძირითადად მკითხველზეა ორიენტირებული, ნაკლებად — რედაქტორებისათვის. ერთ თემატიკაზე მომუშავე რედაქტორების სამუშაოს გასამარტივებლად უფრო მეტად პროექტების გვერდები გამოიყენება. პორტალებზე, ნავიგაციის გამარტივების მიზნით, ხშირად თავმოყრილია მოცემული თემატიკის ყველაზე მნიშვნელოვანი სტატიები ანდა სტატიათა კატეგორიები. პორტალთა აგებულება მსგავსია ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდისა: მათ დიდ ნაწილს აქვს მთავარი გვერდის მსგავსი სპეციალური ბლოკები — რჩეული სტატია, იცით თუ არა, რომ, რჩეული ფოტო და ა. შ. პორტალის აგებულებაში გარკვეული მნიშვნელობა ენიჭება მის მხატვრულ გაფორმებასაც.
ქართულ ვიკიპედიაში პორტალთა ფუნქციები და დიზაინი რამდენიმეჯერ გახდა განხილვის საგანი. რამდენიმე პორტალის დიზაინის შექმნის შემდეგ გამოითქვა მოსაზრებები, რომ ქართულ ვიკიპედიაში პორტალთა ფუნქციები არასწორად იქნა გაგებული და ქართული პორტალები ვერ ასრულებდნენ თავიანთ მთავარ დანიშნულებას — მკითხველისთვის სტატიების ძიების გამარტივებას. ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ ქართული ვიკიპედიის პორტალებში ზედმეტად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა დიზაინს, გაფორმებას და ნაკლებად იყო აქცენტირებული პორტალთა ის ნაწილები, რომლებიც უშუალოდ სანავიგაციოდ იყო განკუთვნილი[22][23].
რედაქტორთა მიერ განხილულ იქნა აგრეთვე შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი თემატური პორტალი შეიქმნა მაშინ, როცა ამ თემაზე დაწერილი სტატიები ქართულ ვიკიპედიაში ბევრი არ იყო. გამოითქვა ურთიერთსაპირისპირო მოსაზრებები. გარკვეული ჯგუფის აზრით, რადგან პორტალის მიზანი უკვე არსებული სტატიების ძიების გამარტივებაა, თემატურის პორტალის შესაქმნელად საჭიროა არსებობდეს გარკვეული რაოდენობის ენციკლოპედიური სტატიები ვიკიპედიაში. საპირისპირო მოსაზრებით, პორტალი შესაძლებელია თემატურად დაკავშირებული სტატიების არარსებობის შემთხვევაშიც შეიქმნას იმ მიზნით, რომ გამოირკვეს და აღირიცხოს ამ თემატიკაზე სამომავლოდ დასაწერი სტატიები. ერთმნიშვნელოვანი შედეგი განხილვას არ მოჰყოლია[24].
პორტალების ფუნქციებისა და მის გარშემო არსებული გაურკვევლობების ფონზე, ქართულ ვიკიპედიაში პორტალებმა თანდათან პოპულარულობა დაკარგა. პრაქტიკულად, პორტალთა უდიდესი ნაწილი, მათ შორის ძირითადი პორტალები, შექმნის შემდეგ აღარ განახლებულა; ზოგიერთი პორტალი კი რედაქტირების გარეშე გადმოტანილი იყო უცხოური ვიკიპედიებიდან და სრულად ან ნაწილობრივ არ იყო თარგმნილი. 2012 წლამდე ქართული ვიკიპედიის მთავარი გვერდის ზედა ნაწილში მოცემული იყო ძირითადი თემატიკის პორტალთა ბმულები, 2012 წელს კი, პორტალთა აღნიშნული პრობლემების გამო, ქართული ვიკიპედიის რედაქტორთა გადაწყვეტილებით[25] მთავარი გვერდის პორტალები შესაბამის თემატურ კატეგორიებზე ბმულებით ჩანაცვლდა[26].
ქართულ ვიკიპედიაში პროექტები ეწოდება ისეთ დამხმარე გვერდებს, რომლებიც განსაზღვრულ თემატიკაზე რედაქტორთა სამუშაო გეგმას, ანდა მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს შეიცავენ. ყველაზე ხშირია სტატიების დაწერის, დამუშავებისა და სრულყოფის მიზნით შექმნილი პროექტები. ასეთ გვერდებზე ხშირად წარმოდგენილია დასაწერი ან უხარისხო სტატიების ნუსხა, რომელთაც გაუმჯობესება ესაჭიროებათ; აგრეთვე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები (სასარგებლო ბმულები, თარგები და სხვ.), რომელთაც ამ პროექტში ჩართული რედაქტორები გამოიყენებენ.
პროექტები, როგორც წესი, მუდმივმოქმედია. არსებობს აგრეთვე დროებითი პროექტები, თუმცა ისინიც უფრო დიდი და მუდმივმოქმედი პროექტების ნაწილებია.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პროექტებს, რომლებიც მთავარი გვერდის ინფორმაციულ ნაწილს შეეხება, როგორიცაა, მაგალითად, რჩეული სტატიების, სიახლეების და სხვა მსგავსი პროექტები. აღსანიშნავია აგრეთვე პროექტი „თვის პროექტი“, რომელიც მთავარი გვერდის ინფორმაციულ ბლოკს არ ქმნის, თუმცა დიდი მნიშვნელობის გამო მისი მიმდინარეობის შესახებ მთავარ გვერდზე განცხადებაა განთავსებული.
„ვიკიპროექტები“ ეწოდება ვიკიპედიის მუდმივმოქმედ პროექტს, რომელიც მოიცავს დროებით, ერთი თვის განმავლობაში მიმდინარე პროექტების სერიას მსოფლიოს ცალკეული ქვეყნების შესახებ. ვიკიპროექტების ფარგლებში ჩატარებული ცალკეული ქვეყნის ერთთვიანი პროექტები, რომლებსაც თვის პროექტები ეწოდება[27], მიზნად ისახავენ მოცემული სახელმწიფოს შესახებ შედარებით ხარისხიანი და სრული სტატიების შექმნას, უკვე არსებული სტატიების გაუმჯობესებას, მათ გაფორმებასა და შინაარსზე რედაქტორთა ერთობლივი გადაწყვეტილების მიღებას და ძალისხმევის კოორდინაციას. თუ რომელ ქვეყანას დაეთმობა შემდეგი თვის პროექტი, წყდება კენჭისყრის შედეგად. პროექტი „ვიკიპროექტები“ ქართულ ვიკიპედიაში 2009 წლიდან დღემდე უწყვეტად მიმდინარეობს.
რამდენიმეჯერ იყო განხილვა ვიკიპროექტების თემატიკასთან დაკავშირებით. კერძოდ, მომხმარებელთა ერთ ნაწილს ჰქონდა ინიციატივა, რომ თვის პროექტები ვიკიპროექტების ფარგლებში ჩატარებულიყო არა მხოლოდ ქვეყნების შესახებ, არამედ სხვა თემებზეც, როგორიცაა მაგალითად მუსიკა, ისტორია, რელიგია და სხვა. თუმცა საბოლოოდ მიღებულ იქნა გადაწყვეტილება თვის პროექტების მხოლოდ სახელმწიფოების შესახებ ჩატარების თაობაზე, რადგან ცალკეული ქვეყნის გარშემო ნებისმიერი თემით დაინტერესებული რედაქტორისთვის მოიძებნება სფერო[28][29].
ამჟამად, ქართულ ვიკიპედიას 5 ადმინისტრატორი, 2 ბიუროკრატი და 24 შემმოწმებელი ჰყავს. სულ დარეგისტრირებულია 133 000 მომხმარებელზე მეტი.
ცხრილში მოცემულია ყოფილი (ყვითლად და წითლად) და მოქმედი (მწვანედ) ადმინისტრატორები:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.