From Wikipedia, the free encyclopedia
ქართული ვაზის ჯიშები — ვაზის ჯიშები, რომლებიც გავრცელებულია, როგორც დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის მეზობელ ქვეყნებში.
დღევანდელი საქართველოს ტერიტორიაზე აბორიგენი მოსახლეობის რუდუნებითა და ღვაწლით ათასწლეულების განმავლობაში ხალხური სელექციის შედეგად ჩამოყალიბდა და გავრცელდა ქართული ვაზის (Vitis vinifera L. sativa) 525 ადგილობრივი ჯიში. აქედან: კახეთში 80, ქართლში 72, მესხეთ-ჯავახეთში 26, იმერეთში 74, რაჭა-ლეჩხუმში 50, გურიაში 59, სამეგრელოში 60, აჭარა 53, აფხაზეთში 51 ვაზის ჯიშია. საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირებულია კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის (Vitis vinifera L. silvestris) 400-ზე მეტი ფორმა.
ქართული ვაზის ჯიშები პროფესორ ა. ნეგრულის კლასიფიკაციის მიხედვით დაყოფილია შავი ზღვის აუზის (proles, pontica subproles georgica Negr.) და აღმოსავლეთ აზიის (proles, orientalis subproles caspica Negr.) ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფებად, რომლებიც შექმნილია კულტურული ვაზის ჯიშთა წარმოქმნის კოლხეთისა და ალაზნის კერებში და მათი უმრავლესობა მიეკუთვნება proles pontica subproles georgica Negr ეკოლოგიურ-გეოგრაფიულ ჯგუფს.
ვაზის ადგილობრივი ჯჯიშები, როგორც ქართული აგრონომიული მემკვიდრეობის სიმდიდრე წარმოდგენილი საღვინე ჯიშების დომინირებით სასუფრე დანიშნულების ჯიშებთან ერთად ოდითგანვე იწვევდა ქართველ და უცხოელ მკვლევართა ფართო ინტერესს.
ქართული სელექციური სკოლის ნაყოფიერი შემოქმედება, რომელიც შუალვერ-შომუთეფეს კულტურის უძველესი ტრადიციებიდან იღებს სათავეს გვირგვინდება XX საუკუნის მიღწევებით.
ქართველ მეცნიერთა სურვილი, რომ განესაზღვრათ ვაზის ქართული ჯიშების რაოდენობა, ძალიან გაძნელდა წყაროების სიმწირის, ჯიშების სინონიმური სახელების მრავალფეროვნებისა და საქართველოს ვაზის გენოფონდზე XIX საუკუნეში გავრცელებული სოკოვანი დაავადებებისა და ფილოქსერას მავნე ზემოქმედების გამო.
1960 წელს გამოიცა „საქართველოს ამპელოგრაფიის“ კრებული თანდართული ვაზის ჯიშების ჩამონათვალით. აღნიშნული გამოცემის შემდეგ გამომზეურდა ვაზის ჯიშების ბევრი ძველი ორიგინალური თუ სინონიმური სახელი, მოძიებულ და შესწავლილ იქნა მანამდე აღუწერელი ადგილობრივი ჯიშები და მათი ვარიაციები. ქართველმა სელექციონერებმა გამმოიყვანეს ახალი ჯიშები და გამოავლინეს კლონური ვარიანტები. საქართველოს ისტორიული მხარეებიდან (ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი) და უცხოეთის (საფრანგეთი, მოლდოვა, უკრაინა და სხვა) საკოლექციო ნაკვეთებიდან მრავალი ჯიში დაუბრუნდა საქართველოს. ისინი საქართველოს ეთნოგრაფიულ კუთხეებში მოძიებულ ვაზის ჯიშებთან ერთად სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აკადემიკოს სოლომონ ჩოლოყაშვილის სახელობის ჯიღაურას ვაზის ეროვნულ კოლექციაშია დაცული და გამრავლებული. მათი რაოდენობა 450-ს აღწევს. აქვეა თავმოყრილი და გაშენებული საქართველოს რეგიონებში მოძიებული კულტურული ვაზის წინაპრის, ველური ვაზის 140-ზე მეტი ფორმა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის კულტურული ვაზის 320 ჯიში.
ეროვნულ კოლექციას მინიჭებული აქვს გაერთიანებული ერების სოფლის მეურნეობისა და სურსათის საერთაშორისო ორგანიზაციის (FAO) საერთაშორისო კოდი GEO 038.
სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში დღესდღეობით კვლავ ინტენსიურად გრძელდება ქართული ვაზის ჯიშების მოძიება და კონსერვაცია. ფართოვდება საკოლექციო ნაკვეთების არეალი რეგიონულ ჭრილში. ცენტრის მეცნიერ თანამშრომლების მიერ OIV, UPOV, IPGRI-ის ჰარმონიზებული საერთაშორისო დესკრიპტორების გამოყენებით ისწავლება კოლექციაში დაცული ჯიშების ამპელოგრაფიული და სამეურნეო-ტექნოლოგიური მახასიათებლები, უცხოელ მკვლევარებთან ერთად მიმდინარეობს სელექციური სამუშაოები.
გამორჩეული მაღალხარისხოვანი ქართული საღვინე ვაზის ჯიშებია; რქაწითელი, საფერავი, მწვანე, ხიხვი, ქისი, ჩინური, ცოლიკოური, ციცქა, კრახუნა, ალექსანდროული, ოჯალეში, ჩხავერი, ალადასტური და სხვა.
№ | სახელწოდება | მხარე | ფერი | დანიშნულება | სინონიმ(ებ)ი |
---|---|---|---|---|---|
1 | აბაცვიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
2 | აბისტაჟი | აფხაზეთი | თეთრი | საღვინე | |
3 | აბსუაჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
აბყურძენი (იხ. აღბიჟი) | |||||
4 | აბშილური | სამეგრელო | წითელი | საღვინე | ავშილური |
აგრიჟი (იხ. აძნიჟი) | |||||
5 | ადანასური | იმერეთი | წითელი | საღვინე | მაღლარი |
ადგილობრივი შავი (იხ. რაჭული შავი) | |||||
ადგილობრივი ძელშავი (იხ. ძველშავი საჩხერის) | |||||
ადრეულა (იხ. შაბა) | |||||
ადრეული (იხ. ადრეული შავი) | |||||
6 | ადრეული თეთრი | კახეთი | თეთრი | სასუფრე | |
7 | ადრეული თხელკანა | ქართლი | თეთრი | საღვინე | |
8 | ადრეული შავი | ქართლი | წითელი | საღვინე | ადრეული, ადრიანი |
ადრიანი (იხ. ადრეული შავი) | |||||
ადრიანი (იხ. შაბა) | |||||
ავასარიხვაჟიში (იხ. ავასირხვა) | |||||
ავასარხვა (იხ. ავასირხვა) | |||||
9 | ავასირხვა | აფხაზეთი | თეთრი | საღვინე | ავასარხვა, აუასირხვა, აუასარხვა, ავასარიხვაჟიში, აოსირხვაჟი, აუიში, აჟიში |
10 | ავპეხი | ქართლი | თეთრი | უნაყოფო | გორული მწვანეს ვარიაცია |
11 | ავრეხი | ქართლი | თეთრი | უნაყოფო | გორული მწვანეს ვარიაცია |
ავრეხი ჩინური (იხ. ჩინური ავრეხი) | |||||
ავშილური (იხ. აბშილური) | |||||
12 | აზნაურა | ჰერეთი | წითელი | საღვინე | |
ათვიჟი (იხ. აშუღაჟი) | |||||
13 | ათინაური | გურია | თეთრი | საღვინე | |
ათმემე (იხ. ცხენისძუძუ აჭარული) | |||||
ათპიჟი (იხ. აშუღაჟი) | |||||
ათპიუჟი (იხ. აშუღაჟი) | |||||
14 | აკაბილი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აკაბული |
15 | აკაბილიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აკუბილაჟი |
აკაბულ (იხ. აკაბილი) | |||||
16 | აკასაჟი | აფხაზეთი | თეთრი | საღვინე | |
აკიდო (იხ. მტევანდიდი) | |||||
17 | აკომშტალი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
18 | აკუბასა | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
აკუბილაჟი (იხ. აკაბილიჟი) | |||||
ალაბეური თეთრი (იხ. არაბეული თეთრი) | |||||
19 | ალადასტური | გურია | წითელი | საღვინე | |
20 | ალექსანდროული | რაჭა | წითელი | საღვინე | კაბისტონი, კაბისტონა |
21 | ალექსანდროული თეთრი | რაჭა | თეთრი | საღვინე | |
22 | ალეში | რაჭა | წითელი | საღვინე | |
23 | ალმურა თეთრი | აჭარა | თეთრი | სასუფრე | თეთრი ყურძენი |
24 | ალმურა შავი | აჭარა | წითელი | საღვინე | |
ამლაკუ (იხ. აჭანდარის საღვინე) | |||||
ამლახვი (იხ. აჭანდარის საღვინე) | ???? | ||||
25 | ვარდისფერი ამლახუ (მდედრობითი) | აფხაზეთი | ვარდისფერი | - | |
26 | ვარდისფერი ამლახუ | აფხაზეთი | ვარდისფერი | - | |
27 | ამლახუ | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აჩკიკი, აჩკირკი |
28 | ამოხფიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | ამოხთვიჟი |
29 | ანანურა | მთიულეთი | წითელი | სასუფრე-საღვინე | |
ანდრეულა თეთრი (იხ. ანდრეული თეთრი) | |||||
30 | ანდრეული თეთრი | ქართლი | თეთრი | საღვინე | |
31 | ანდრეული ვარდისფერი | ქართლი | ვარდისფერი | საღვინე | ანდრიანი, ანდრიული წითელი |
32 | ანდრეული შავი | ქართლი | წითელი | საღვინე | |
ანდრიანი (იხ. ანდრეული ვარდისფერი) | |||||
ანდრიული წითელი (იხ. ანდრეული ვარდისფერი) | |||||
აოსირხვაჟი (იხ. ავასირხვა) | |||||
აპაპინიჟი (იხ. აპაპნიჟი) | |||||
33 | აპაპნიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | პაპუნია, კაპუნია, აპაპნიჟი, პაპნიჟი, პაპუნარიჟი |
34 | აჟაფში | აფხაზეთი | ვარდისფერი | საღვინე | |
35 | აჟბრუყი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
36 | აჟემჩიღი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აჟიმჩი |
37 | აჟია | აფხაზეთი | ვარდისფერი | სასუფრე-საღვინე | |
აჟიში (იხ. ავასირხვა) | |||||
აჟიხვატა (იხ. აჟხჰვატა) | |||||
აჟკაჭიჭი (იხ. კაჭიჭი) | |||||
38 | აჟკვაკვა | აფხაზეთი | თეთრი | საღვინე | აჟშკვაკვა |
39 | აჟკვაცა | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
40 | აჟყაფში | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აყაფში |
აჟშკვაკვა (იხ. აჟკვაკვა) | |||||
აჟშხვატა (იხ. აჟხჰვატა) | |||||
41 | აჟხჰვატა | აფხაზეთი | თეთრი | სასუფრე | აჟიხვატა, აჟშხვატა |
არაბეული (იხ. არაბეული შავი) | |||||
42 | არაბეული თეთრი | რაჭა-ლეჩხუმი | თეთრი | საღვინე | ალაბეული თეთრი, თეთრი არაბეული |
43 | არაბეული შავი | რაჭა | წითელი | საღვინე | არაბოული, არაბეული |
არაბოული (იხ. არაბეული შავი) | |||||
არგვეთულა (იხ. არგვეთულა საფერე) | |||||
44 | არგვეთულა საფერე | იმერეთი | წითელი | საღვინე | კობახიძის საფერე, არგვეთულა შავი |
არგვეთულა შავი (იხ. არგვეთულა საფერე) | |||||
45 | არქაული | ჰერეთი | ვარდისფერი | სასუფრე | |
ასანბეგურა (იხ. ინგილოური) | |||||
46 | ასპინძურა შავი | ზემო ქართლი | წითელი | საღვინე | |
ასურეთული (იხ. ასურეთული შავი) | |||||
47 | ასურეთული თეთრი | ქართლი | თეთრი | საღვინე | |
48 | ასურეთული შავი | ქართლი | წითელი | საღვინე | ასურეთული, შალა, შალ იზიუმი |
ატენის თითა (იხ. თითა ქართლური) | |||||
ატენური (იხ. ჩინური) | |||||
ატენური საფერავი (იხ. საფერავი ატენის) | |||||
აუასარხვა (იხ. ავასირხვა) | |||||
აუასირხვა (იხ. ავასირხვა) | |||||
აუიში (იხ. ავასირხვა) | |||||
49 | აფსუაჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
აფხაზურა (იხ. საკუმა) | |||||
50 | აფხაზური | ლეჩხუმი | წითელი | საღვინე | აფხაზური შავი |
აფხაზური შავი (იხ. აფხაზური) | |||||
აქლემისთვალა (იხ. ჟღია) | |||||
51 | აღბიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აბყურძენი |
52 | აღბიჟი (მდედრობითი) | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
აყაფში (იხ. აჟყაფში) | |||||
აშვანუაჟი (იხ. შონური) | |||||
53 | აშუღაჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | ათვიჟი, ათპიჟი, ათპიუჟი |
აჩკიკი (იხ. ამლახუ) | |||||
54 | აჩკიკიჟი | აფხაზეთი | ვარდისფერი | სასუფრე | ცხენისძუძუ აფხაზური, ააცკიკა |
აჩკირკი (იხ. ამლახუ) | |||||
55 | აცხოუჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
56 | აძნიჟი | აფხაზეთი | წითელი | სასუფრე | აგრიჟი |
57 | აწეიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
58 | აწისიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე-სასუფრე | |
59 | აწლიჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
აჭანდრის საღვინე (იხ. აჭანდრის წითელი) | |||||
60 | აჭანდრის წითელი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | აჭანდრის საღვინე |
61 | ახალციხური თეთრი | მესხეთი | თეთრი | საღვინე | |
62 | ახარდანი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | ხარდანი |
ახმეტის წითელი (იხ. ახმეტური შავი) | |||||
ახმეტურა (იხ. ახმეტური შავი) | |||||
63 | ახმეტური შავი | კახეთი | წითელი | საღვინე | ახმეტურა, ახმეტის წითელი |
64 | ახუხუჟი | აფხაზეთი | წითელი | საღვინე | |
65 | ბადაგი | გურია | ვარდისფერი | საღვინე | |
66 | ბაზალეთური | იმერეთი | თეთრი | საღვინე | ბაზალეთური ცოლიკოური, მწვანე ცოლიკოური |
ბაზალეთური ცოლიკოური (იხ. ბაზალეთური) | |||||
ბათომის ყურძენი (იხ. ბათომურა) | |||||
67 | ბათომურა | აჭარა | წითელი | სასუფრე | ბაოლური, ბათომის ყურძენი |
ბანძულა (იხ. ძირაგეულის შავი) | |||||
ბაოლური (იხ. ბათომურა) | |||||
68 | ბახვა | რაჭა | წითელი | საღვინე | |
69 | ბეგლარის ყურძენი | კახეთი | თეთრი | საღვინე | |
70 | ბელარიანი | ლეჩხუმი | წითელი | საღვინე | |
71 | ბეჟანა | მესხეთი | წითელი | საღვინე |
საქართველოში ვაზის გადაშენებას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი მიზეზი მტრების შემოსევა გახლდათ, რომელთაც ვენახების გაჩეხვით საქართველოს ქრისტიანობის ეროვნული სიმბოლოს მოსპობა და ეკონომიკური დაკნინება უნდოდათ. განსაკუთრებით მძიმე ბედი ერგო საქართველოს ორ რეგიონს: აჭარასა და ჰერეთს. მას შემდეგ, რაც ოსმალებმა აჭარლებს რამდენჯერმე გაუჩეხეს ვენახი, სოფლის მცხოვრებლებმა ყველაზე მოსავლიანი ჯიშები ტყეებში გაიტანეს, სხვადასხვა ხეს: რცხილას, უხრავს, ნეკერჩხალს, წაბლს და სხვას ჩამოურიგეს და შესთხოვეს, თქვენთვის მომიბარებია და კარგად შემინახეო. ამის შედეგად რამდენიმე წელიწადში აჭარის ტყეებში მაღლარები გაჩნდა და უამრავი ჯიში განად-გურებას გადაურჩა. მართალია, ისლამი აჭარლებს დადუღებული სახით ყურძნის წვენის დალევას უკრძალავდა, მაგრამ ნებას აძლევდა იგივე წვენი აუდუღარი სახით დაელიათ. ყურძნის ასეთ წვენს აჭარაში „ხარდალი“ ჰქვია. მოზელდნენ ხარდალს (მდოგვს), იმით, როგორც იქ ამბობდნენ, „გამოფაფავდნენ“ ქვევრს, შიგ ჩაასხამდნენ ტკბილს და თავს მოუკრავდნენ. ტკბილი არ დუღდებოდა და როცა ნადიმი ჰქონდათ, ამ ტკბილს ღვინის მაგივრად მიირთმევდნენ ან შესქელებულ ყურძნის წვენს — ბადაგს ამზადებდნენ. აჭარის კვლავ შემოერთების შემდეგ თითქმის ყველა სოფელში აღმოჩნდა უზარმაზარი ქვევრები და შიგ ასი წლის ჩარჩენილი ღვინოც კი უნახავთ. თედო სახოკიას ცნობით, ოსმალებისგან გათავისუფლების შემდეგ აჭარული ჯიშის ყურძნისგან პირველი ღვინო 1896 წელს ქვემო აჭარის უფროსის თანაშემწეს, სიმონ იოსელიანს დაუყენებია.
მტრების შემოსევისგან ისტორიული ჰერეთის მევენახეობამაც ისეთივე უბედურება გადაიტანა, რაც კახეთმა და ქართლმა, მაგრამ სარწმუნოების შეცვლის გამო ჰერეთში მევენახეობა ვეღარ აღდგა. გასული საუკუნის 70-იან წლებში მაქსიმე რამიშვილის ხელმძღვანელობით ჩასულმა სამეცნიერო ექსპედიციამ ჰერეთში აბორიგენული ვაზის 107 გაველურებული ჯიში აღმოაჩინა და მოსახლეობას არც ერთის სახელწოდება არ ახსოვდა. ასე რომ, ჰერეთიდან შემოტანილი ვაზების უმრავლესობას სახელწოდებები ადგილმდებარეობის მიხედვით აქვთ შერჩეული. მათი ძირითადი ნაწილი კი მხოლოდ ნომრებითაა ცნობილი.
ქართულ ვენახებს მნიშვნელოვანი ზიანი ისეთმა მავნებელმაც მიაყენა, როგორიც ფესვის ფილოქსერაა. იგი საქართველოში 1881 წელს გამოჩნდა სოხუმის მახლობლად ვედენსკის მამულში. 1884 წელს კი უკვე თბილისში ზუბალაშვილის ბაღში აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მწერი მთელს საქართველოს მოედო. ფილოქსერაგამძლე ვაზის ძიებისას ჩრდილოეთ ამერიკიდან ევროპაში შემოიტანეს ახალი ჯიშები, მაგრამ, სამწუხაროდ, მათ შემოჰყვა უმძიმესი დაავადებები: ჭრაქი (მილდიუ) და ნაცარი (იოდიუმი), რამაც ევროპული და მათ შორის საქართველოს ვენახები გაანადგურა.
პროფესორების, მაქსიმე და რეზო რამიშვილების კვლევების შედეგად საქართველოს ტერიტო-რიაზე მოძიებული იყო კულტურული ვაზის წინაპრის დაახლოებით 400-მდე ვაზის ველური და გავ-ელურებული ფორმები, რომლებიც დაფიქსირებული გახლდათ საქართველოს სასოფლო-სამეურნო ინსტიტუტის დიღმის საკოლექციო ნაკვეთში. ქართულ ენას ველური ვაზისთვისაც შეურჩევია შეს-აფერისი სახელწოდებები: ტყის ვაზი, უსურვაზი, კრიკინა (კახური და იმერული), ზღვამლი (ქვემო იმერული), კირკენა (ქიზიყი), ბაბილო (ქართლური და მთიულური), კირკინა (ფშაური), ძღვამლი, ძღვამბლი, რძღვამლი (რაჭული), მენცხერო (ლეჩხუმური), მორცხულა (გურული), ჩიტიში ყურძენი, ბურეხი, ვერნახი, შხურიჩი (მეგრული), ტყარ ყურზელ, ცხეკიში ყურზელ, ჰერწმიში ყურზელ (სვანური), ბურძღუმი, ძღუამლი (ჰერეთული), მტკუი ბინეხი (ჭანური). ეს სახელწოდებები ხშირ შემთხვევაში სინონიმები არ არის, ისინი ამპელოგრაფიულად განსხვავებულ ფორმებს ჰქვია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.