From Wikipedia, the free encyclopedia
ტიგრან V[1] (დ. ძვ. წ. 16, იერუსალიმი — გ. 36, რომი) — იუდეის პრინცი ჰეროდიელთა დინასტიიდან. მეფე ჰეროდე I დიდის შვილიშვილი. რომის ვასალი სომხეთის მეფე 6-12 წლებში დედოფალ ერატოსთან ერთად.
ტიგრან V | |
---|---|
სომხეთის მეფე | |
მმართ. წლები: | 6-12 |
წინამორბედი: | არტავაზდ III |
მემკვიდრე: | ვონონ I |
თანამმართველი: | დედოფალი ერატო |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | ძვ. წ. 16 |
გარდ. თარიღი: | ჩვ. წ. 36 |
დინასტია: | ჰეროდიული დინასტია |
მამა: | ალექსანდრე იუდეველი |
დედა: | გლაფირა კაპადოკიელი |
ტიგრანი იყო იუდეის პრინც ალექსანდრესა და მისი მეუღლის, პრინცესა გლაფირა კაპადოკიელის პირველი ძე[2]. მას ასევე ჰყავდა უმცროსი ძმა, პრინცი ალექსანდრე და ამასთან ერთი უმცროსი დაც[3]. მამამისი თავად იუდეის მეფე ჰეროდე I დიდისა და დედოფალ მირიამ I-ის ვაჟი იყო. რაც შეეხება დედამისს, იგი კაპადოკიის მეფე არქელოსისა[4] და მისი სომეხი მეუღლის[5] ასული იყო.
ტიგრანს სახელი დედის მხრიდან არსებული სომხურ-ბერძნული გენების ხაზგასასმელად დაარქვეს. ამავდროულად, ეს ყველაზე გავრცელებული სახელი იყო სომხეთის მმართველ არტაშესიანთა დინასტიაში.
ტიგრანი დაიბადა და გაიზარდა იერუსალიმში, ჰეროდეს სამეფო კარზე. ძვ. წ. 7 წელს, მამის გარდაცვალების შემდეგ, მეფე ჰეროდემ თავისი რძალი აიძულა კაპადოკიაში დაბრუნებულიყო, შვილიშვილები კი იერუსალიმში დაიტოვა.
ძვ. წ. 4 წელს მეფე ჰეროდეც გარდაიცვალა[6], რის შემდეგაც ტიგრანმა და მისმა ძმამ გადაწყვიტეს დაეტოვებინათ იერუსალიმი და დედასთან ერთად ეცხოვრათ კაპადოკიის სამეფო კარზე. კაპატოდიაში ჩასვლის შემდეგ მათ უარყვეს ებრაული რწმენა და ტრადიციები და ბერძნული მიიღეს[7]. ამის შემდეგ მეფე არქელოსმა ტიგრანი რომში გააგზავნა კარგი განათლების მისაღებად.
ამ პერიოდისათვის სომხეთში ერთობ არაპოპულარული არტავაზდ III მეფობდა. უკვე ჩვ. წ. 6 წელს სომხები მას აუჯანყდნენ და მოკლეს იგი. ვინაიდან დედის მხრიდან ტიგრანი სომხეთის სამეფო ოჯახის შთამომავალი იყო, რომის იმპერატორმა ოქტავიანე ავგუსტუსმა ტიგრან V სომხეთის ახალ მეფედ გამოაცხადა[8]. სომხეთში შესასვლელად მას თან ტიბერიუსი გააყოლა დიდი ჯარებით. ქვეყანაში ჩასვლის შემდეგ იგი ქალაქ არტაშატში მეფედ ეკურთხა. მოგვიანებით სწორედ არტაშატი გახდა ტიგრანის სამეფოს დედაქალაქი[9]. ტიგრანს სომხები დიდად არ ენდობოდნენ, რამეთუ იგი უცხოელი იყო, ამიტომაც მას თანამმართველად განსვენებული ტიგრან IV-ის და და ქვრივი, დედოფალი ერატო დაუნიშნეს.
ტიგრანის მეფობის შესახებ არც თუ ისე ბევრი ინფორმაცია არსებობს. ამ დროიდან მხოლოდ რამდენიმე მონეტაა შემორჩენილი, რომელზეც იგი ბეძნულად იხსენიება, როგორც „დიდი მეფე ტიგრანი“. მისი მმართველობა სულ 6 წელს გაგრძელდა და ჩვ. წ. 12 წელს ტიგრანი და ერატო სომხებმა დაამხეს, მის ნაცვლად კი პართიელი უფლისწული ვონონ I გაამეფეს[10].
დამხობის შემდეგ ტიგრანი რომში, იმპერატორ ტიბერიუსის კარზე დაბრუნდა და რამდენიმე წელს პრეტენზიას აცხადებდა სომხეთის ტახტზე. 18 წელს ვონონ I გარდაიცვალა და იმედიც გაჩნდა, თუმცა ტახტი ამჯერად უკვე პონტოელ პრინც არტაშეს III-ს გადაეცა.
დამხობის შემდეგ ტიგრანზე ცნობები თითქმის აღარ არსებობს. იგი თავის უცნობი სახელის მქონე ბიძაშვილზე დაქორწინდა, თუმცა წყვილს შვილები არ გაუჩნდა[11]. ტაციტუსის მიხედვით, ტიგრანი ტიბერიუსის ტერორული მმართველობის ერთ-ერთი მსხვერპლი გახდა 36 წელს[12].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.