From Wikipedia, the free encyclopedia
ტეპუი — მაგიდა მთები, რომელიც ვრცელდება გვიანის ზეგანზე, მეტწილად ვენესუელასა და დასავლეთ გაიანაში. სიტყვა „ტეპუი“ პემონის ადგილობრივ ენაზე აღნიშნავს „ღმერთების სახლს“. პემონის ტომი უმთავრესად გრან-საბანის ტერიტორიაზე სახლობს. ტეპუი რელიეფში გვხვდება როგორც იზოლირებული ობიექტი, სადაც ფართოდ არის გავრცელებული ენდემური მცენარეულობა და ცხოველთა ნაირსახეობა. აღსანიშნავია მაგიდა მთები: სერო-დე-ლა-ნებლინა, სერო-აუტანა, აუიან-ტეპუი და რორაიმა.
ჩვეულებრივ, აგებულია კამბრიუმამდელი კვარციანი ქვიშაქვებით, რომლებიც მკვეთრად არის აზიდული ჯუნგლების თავზე, რითაც თვალწარმტაც ბუნებრივ ლანდშაფტებს ქმნის. აუიან-ტეპუი დასაბამს აძლევს მსოფლიოში ყველაზე მაღალ ჩანჩქერს — ანხელს.
ტეპუი წარმოადგენს ვრცელი ქვიშაქვიანი პლატოს რელიქტს, რომელიც ოდესღაც ფარავდა გრანიტული ფუნდამენტის კომპლექსს ამაზონის აუზისა და ორინოკოს ჩრდილოეთ საზღვრებსა და ატლანტის სანაპიროსა და რიო-ნეგროს შორის. ეს ტერიტორია სუპერკონტინენტ გონდვანის კვალის ნაწილია.[1] დედამიწის ისტორიის მთელი დროის განმავლობაში პლატო ეროზირებული იყო, ხოლო მონადნოკების რელიქტებიდან ჩამოყალიბდა ტეპუი.
სამხრეთ-აღმოსავლეთ ვენესუელაში, გაიანისა და ბრაზილიის საზღვართან, გრან-საბანის ტერიტორიაზე გვხვდება 115 ტეპუი, რომლებიც გარემომცველი ტერიტორიებიდან 1000-3000 მ-მდეა ამაღლებული.[2] ამ 115 ტეპუის საერთო ფართობია დაახლოებით 5000 კმ².[3] დიდი ასაკის გამო, ტეპუისთვის დამახასიათებელია კირქვებში გამომუშავებული კარსტული რელიეფი. აქვე გვხვდება მსოფლიოს უღრმესი კვარციტული მღვიმე აბისმუ-გუი-კოლეტი. ზოგიერთი ტეპუისთვის ნიშანდობლივია დიდი კარსტული ძაბრები.
ტეპუი მთლიანად არის იზოლირებული ტყისგან, რის გამოც ისინი „ეკოლოგიურ კუნძულებად“ გვევლინებიან. დიდი სიმაღლეების გამო განვითარებულია კლიმატის სხვადასხვაგვარობა. მაღალ ადგილებში განვითარებულია გრილი ჰავა, ხშირი კოკისპირული წვიმით, ქვემო ნაწილში არის ტროპიკული, თბილი და ნოტიო კლიმატი. საშუალო ტემპერატურა უდრის 8-20°C-ს, ყველაზე მაღალ ადგილებში ტემპერატურა ეცემა 0°C-მდე. ნიადაგი ოლიგოტროფულია.[4] მთების იზოლირებამ განაპირობა ადგილობრივი ფლორისა და ფაუნის განვითარება. ხშირად ტეპუის მოიხსენიებენ როგორც გალაპაგოსის კუნძულებს, რამეთუ ტეპუიზე იზრდება დიდი რაოდენობით უნიკალური მცენარეულობა, ხოლო ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი მხოლოდ ტეპუიზეა გავრცელებული.
ტეპუის უმრავლესობა მდებარეობს კანაიმის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, რომელიც შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.