From Wikipedia, the free encyclopedia
ტაილანდის ისტორია დიდი ხნის წინათ დაიწყო. ადამიანი ტაილანდის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან (პალეოლითიდან) ცხოვრობს. ბრინჯაოსა და ადრინდელ რკინის პერიოდში იქ სახლობდნენ მონთა ტომები. მონთა პირველი სახელმწიფოები ტაილანდის ტერიტორიაზე ახ. წ. I–II საუკუნეებში აღმოცენდა. VII–VIII საუკუნეებში მათ თავიანთი ძალაუფლება განავრცეს ჩრდილოეთ ტაილანდის ტერიტორიაზე. XI საუკუნის დასაწყისში მონთა სახელმწიფო ლავო დაიმორჩილა ქმერთა იმპერიამ (კამბურადეშმა). მონებისა და ქმერების მაღალმა კულტურამ დიდი გავლენა იქონია ტაიების ხალხის კულტურის ჩამოყალიბებაზე. ახ. წ. I ათასწლეულის დასაწყისში ტაიების ტომის ნაწილმა დაიწყო სამხრეთისაკენ გადანაცვლება და შეერია ადგილობრივ მოსახლეობას. XII საუკუნის დასასრულსა და XIII საუკუნის დასაწყისში აღმოცენდა ტაიების მსხვილი სამთავროები, რომლებიც 1238 წელს გაერთიანდნენ და შექმნეს სუკოტაის სახელმწიფო. მისი დაშლის შედეგად აღმოცენდა ახალი სახელმწიფო სიამი (დედაქალაქი აიუთია). 1664 წელს ჰოლანდიელებმა სიამის მეფეს თავს მოახვიეს პირველი არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება. ასეთივე ხელშეკრულება დაიდო საფრანგეთთან 1685, 1687 წლებში, მაგრამ ფრანგებმა ვერ მოიკიდეს ფეხი სიამში და თავისი ჯარი გაიყვანეს. XVII საუკუნის დასასრულს სიამი ევროპელებისათვის დაიხურა. 1767 წელს სიამს ბირმელები შეესივნენ და დაანგრიეს ქალაქი აიუთია, მაგრამ სიამელებმა ტაქსინის ხელმძღვანელობით განდევნეს ბირმელები და გაერთიანდნენ. 1782 წელს ტაქსინი განდევნეს. ტახტი დაიკავა გენერალმა ჩაკრიმ, რომელიც ცნობილია რამა I-ის სახელით (განაგებდა 1782–1809 წლებში).
XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან ინგლისისა და საფრანგეთის კოლონიზატორებმა დაიწყეს ბრძოლა სიამის გასანაწილებლად. 1896 სიამი გაიყო ინგლისის და საფრანგეთის გავლენის სფეროებად (საზღვარი გადიოდა მდინარე მენამ-ჩაოპრაიაზე). XX საუკუნის დასაწყისში გაფართოვდა უცხოური კაპიტალის ექსპანსია, რაც ამუხრუჭებდა ეროვნული კაპიტალის დაგროვებას.
პირველ მსოფლიო ომში (1914–1918) სიამი ანტანტას მიემხრო (1917). ომმა ობიექტურად ხელი შეუწყო ადგილობრივი წარმოებისა და ვაჭრობის განვითარებას. ოქტომბრის რევოლუციის ზეგავლენით აზიაში აღზევებულმა ეროვნულ-განმათავისუფლებელმა მოძრაობამ აიძულა ინგლისი და საფრანგეთი, ნაწილობრივ დაეთმო სიამში მოპოვებული პრივილეგიები. ამ დროიდან სიამის მმართველ კლასს დაუპირისპირდა წვრილი ბურჟუაზია. დემოკრატიული ახალგაზრდობა გამოვიდა ანტიმონარქისტული, დემოკრატიული გადახალისების მოთხოვნებით. შეიქმნა (1928) პირველი მარქსისტული ჯგუფები. 1929–1933 წლებში მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა გაამწვავა სოციალური ანტაგონიზმი, მშრომელთა უკმაყოფილება. ასეთ ვითარებაში 1932 წლის 24 ივნისს მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, საკანონმდებლო ხელისუფლება გადავიდა პარლამენტის ხელში, მეფე ნომინალურად დარჩა სახელმწიფოს მეთაური. 1943 წლის ოქტომბერში მონარქისტული შეთქმულების მარცხის შემდეგ მეფე გადადგა. ანტიკომუნისტურ კანონთან ერთად ახალმა ხელისუფლებამ მიიღო ზომები წვრილი ეროვნული კაპიტალის განსამტკიცებლად. 1936 წელს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა უცხოეთის სახელმწიფოებთან დადებული არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულებების გაუქმებას, 1938–1939 წლებშ მოხდა უცხოური კომპანიების ნაწილის ნაციონალიზაცია. 1939 წელს სიამს ეწოდა ტაილანდი
მეორე მსოფლიო ომში (1939–1945) ტაილანდი იაპონიის მოკავშირედ გამოვიდა, ფაქტობრივად კი ოკუპირებულ იქნა იაპონიის ჯარების მიერ. ტაილანდში დაიწყო განმათავისუფლებელი მოძრაობა, ჩამოყალიბდა მასობრივი არალეგალური მოძრაობა „თავისუფალი ტაი“. 1942 წლის ნოემბერში შეიქმნა კომპარტია. 1947 წლის ნოემბერში რეაქციონერმა ოფიცრებმა გადატრიალება მოაწყვეს. 40–50-იანი წლების მიჯნაზე დაიწყო ეკონომიკის აღდგენა, განმტკიცდა მსხვილი ბურჟუაზიული (უპირატესად ჩინურის) პოზიციები, რომელიც დაუკავშირდა ტაის მმართველ ბიუროკრატიას. მმართველმა ბლოკმა აშშ-ზე აიღო ორიენტაცია და 1954 წელს სეატოს წევრი გახდა. რეაქციულმა საშინაო და საგარეო პოლიტიკამ ქვეყანაში უკმაყოფილება გამოიწვია. 50-იანი წლების შუა ხანებში მთავრობა დაადგა რეჟიმის ლიბერალიზაციის (1955–1957 — „დემოკრატიის პერიოდი“) გზას. ჟენევის ხელშეკრულებამ (1954) მმართველ ზედაფენაში გააძლიერა ნეიტრალისტური ტენდენცია და ხელი შეუწყო დემოკრატიული ძალების გამოცოცხლებას. ასეთ ვითარებაში არმიის სარდლობამ 1957 წლის სექტემბერში მოაწყო გადატრიალება. 1958 წლის ოქტომბრიდან მმართველ რევოლუციურ კომიტეტს სათავეში ჩაუდგა ს. ტანარატი, რომელმაც დროებითი კონსტიტუციით (1959 წლის იანვარი), როგორც მთავრობის მეთაურმა (1959–1963), საგანგებო რწმუნებულება მიიღო. ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია აიკრძალა, დემოკრატები დააპატიმრეს. ანტიდემოკრატიული რეჟიმი გაგრძელდა ტ. კიტიკაზონის მმართველობის წლებშიც (1971–1973). 1973 წლის ოქტომბერში დედაქალაქის ქუჩებში გამოვიდნენ დემონსტრანტები, ისინი მოითხოვდნენ რეჟიმის დემოკრატიზაციას, სამხედრო დიქტატურის შეწყვეტას. ტ. კიტიკაჩონის სამხედრო მთავრობა იძულებული გახდა ადგილი დაეთმო სამოქალაქო კაბინეტისათვის ს. ტამასაკის მეთაურობით. ს. ტამასაკის მთავრობამ გამოაცხადა თავისი განზრახვა ცალმხრივი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის შეცვლის შესახებ. 1976 წლის 20 ივლისს აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა დატოვეს ტაილანდი. ამერიკული ბაზები ადგილობრივ ხელისუფლებას გადაეცა. 1977 წლის 20 ოქტომბერს ტაილანდში მოხდა ახალი სამხედრო გადატრიალება. ხელისუფლება გადაეცა „რევოლუციურ საბჭოს“ — სამხედრო დაჯგუფების პოლიტიკურ ორგანოს, პარლამენტი და მთავრობა დაითხოვეს. 1977 წლის 10 ნოემბერს დროებითი კონსტიტუციით „რევოლუციური საბჭო“ გარდაიქმნა ეროვნულ პოლიტიკურ საბჭოდ. 1978 წლის 22 დეკემბერს ძალაში შევიდა ახალი მუდმივი კონსტიტუცია. 1980 წლის მარტში მთავრობა შეიცვალა. გენერალ პ. ტინსულანონის ახალ მთავრობაში წამყვანი პოსტები დაიკავეს სამხედრო და მსხვილი საფინანსო-ეკონომიკური დაჯგუფებების წარმომადგენლებმა. 1983 წლის მარტში ჩატარდა საყოველთაო არჩევნები. მსხვილი ბურჟუაზიის არც ერთმა პარტიამ არ მიიღო ადგილების აბსოლუტური უმრავლესობა პარლამენტში. ამან შესაძლებლობა მისცა სამხედროებს გადამწყვეტი გავლენა მოეხდინათ ახალი კაბინეტის შედგენაზე, სადაც იმათმა წარმომადგენლებმა წამყვანი პოზიციები შეინარჩუნეს. საგარეო პოლიტიკაში ტაილანდის მთავრობა აგრძელებს აშშ-თან, იაპონიასა და დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან მჭიდრო ურთიერთობის განმტკიცების კურსს. კვლავინდებურად არ ცნობდა კამპუჩიის სახ. რესპუბლიკას. ტაილანდის ტერიტორიას თავს აფარებდნენ პოლ პოტის ბანდების დარჩენილი ნაწილები და რეაქციული კამპუჩიის ემიგრაცია, რომლებიც შეიარაღებულ პროვოკაციებსა და დივერსიებს აწყობდნენ კამპუჩიის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ. 1991 წელს ტაილანდში კვლავ სამხედრო მმართველობა დამყარდა. 2006 წლის 19 სექტემბერს ტაილანდში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელმაც დაამხო ტ. ჩინავატის მთავრობა. 2014 წელს, მთავარსარდალ პრაიუთ ჩან-ოჩას მეთაურობით ისევ განხორციელდა სამხედრო გადატრიალება განხორციელდა. გადატრიალებამ დაამხო ნ. ბუნსონპაისანის მმართველობა და თვითონ გახდა პრეიერ-მინისტრი. 2016 წლის 13 ოქტომბერს გარდაიცვალა ტაილანდის ყველაზე ხანგრძლივად მმართველი მეფე, რამა IX. იგი ტახტზე მისმა ვაჟმა, მაჰა ვაჩირალონგკორნმა შეცვალა, რომელსაც რამა X ეწოდა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.