From Wikipedia, the free encyclopedia
საფეხბურთო კლუბ ჩელსის ისტორია, 1905 წელს ლონდონში დაარსებული კლუბის ისტორია, რომელიც დღემდე გრძელდება.
ამ სტატიას ან სექციას ვიკიფიცირება სჭირდება ქართული ვიკიპედიის ხარისხის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, თუ რა არის ვიკიფიცირება, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:ვიკიფიცირება/info|საფეხბურთო კლუბ ჩელსის ისტორია}} |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
1896 წელს ჰენრი ავგუსტუს 'გას' მირსმა, ბიზნესმენმა და საფეხბურთო ენთუზიასტმა ძმასთან, ჯოზეფ მირსთან ერთად, დასავლეთ ლონდონში, კერძოდ ფულემში შეიძინა ლონდონის ათლეტიკური კლუბის მიერ დაარსებული სტადიონი საფეხბურთო მატჩების ჩასატარებლად. თავდაპირველად მირსებმა შესთავაზეს საფეხბურთო კლუბ ფულემს ჩაეტარებინა საშინაო თამაშები მაგრამ იჯარის პირობებზე ვერ მოხერხდა შეთანხმება კლუბის წარმომადგენლებთან. მირსები მოგვიანებით განიხილავდნენ სტადიონის მიყიდვას სარკინიგზო კომპანიისათვის, რომელსაც ესაჭიროებოდა ადგილი ქვანახშირის განთავსებისათვის. არსებობს ინფორმაცია რომ მირსები შეთანხმდნენ სტადიონის გაყიდვაზე და ბოლო მომენტში მათმა კოლეგამ, ბიზნესმენმა და საფეხბურთო კლუბის პროექტით დაინტერესებულმა ფრედ პარკერმა ურჩიათ საკუთარი საფეხბურთო კლუბის დაარსება. თავდაპირველად მირსები არ მოიხიბლნენ კლუბის დაარსების იდეით, პარკერთან საუბრის დასრულების შემდეგ მოულოდნელად მათმა შოტლანდიურმა ტერიერმა უკბინა ფრედს, რომელმაც მიუხედავად ძლიერი ტკივილსა და სისხლდენისა ნაკბენიდან ეს ინციდენტი არ შეიმჩნია. მირსებს მოეწონათ პარკერის რეაქცია, გადაჭრით უარი არ უთქვამთ და დათქვეს შეხვედრა მეორე დღეს პაბში მის წინადადებაზე უფრო ვრცლად საუბრისათვის.
სწორედ აქ იღებს სათავეს ჩელსის ისტორია. 1905 წლის 14 მარტს პაბში The Rising Sun მირსებმა საბოლოოდ მოიწონეს პარკერის წინადადება და აქვე განიხილეს კლუბისათვის რა სახელის შერჩევა აჯობებდა. მათ რამდენიმე ვარიანტი ჰქონდათ - 'საფეხბურთო კლუბი კენსინგტონი', 'საფეხბურთო კლუბი ლონდონი', 'საფეხბურთო კლუბი სტემფორდ ბრიჯი'. საბოლოოდ არჩევანი - Chelsea Football Club - 'საფეხბურთო კლუბ ჩელსი'-ზე შეჩერდა.
ჩელსის უარი ეთქვა სამხრეთის ლიგაში მონაწილეობაზე, მიზეზი ფულემის და ტოტენჰემის მხრიდან წინააღმდეგობა იყო. ამის შემდეგ კლუბმა მონაწილების მიღების უფლების მოთხოვნით მიმართა საფეხბურთო ლიგას. ჩელსის მოთხოვნა დაკმაყოფილებულ იქნა 1905 წლის 29 მაისს. ლურჯი მაისურის შერჩევა მირსის გადაწყვეტილებით მოხდა. ჩელსიმ პირველი შეხვედრა სტოკპორტ ქაუნთისთან გამართა 2 სექტემბერს. პირველი საშინაო მატჩი კი კლუბმა ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარა და 4-0 გაიმარჯვა.
ჩელსის შოტლანდიელი ნახევარმცველი ჯონ ტეიტ რობერტსონი დაინიშნა მოთამაშე მწვრთნელად. მოწვეულ იქნენ ახალი ფეხბურთელები სხვადასხვა კლუბებიდან. შედეგად ჩელსიმ პირველი სეზონი მესამე პოზიციაზე დაასრულა. მიუხედავად მიღწეულისა რობერტსონი 1907 წელს გადადგა, ამის მიზეზი კი მის საქმეებში კლუბის ხელმძღვანელი პირების უხეში ჩარევა იყო. კლუბის მდივანმა, უილიამ ლუისმა ჩაიბარა დროებით ჩელსის გაწვრთნა. მან აღაზევა გუნდი პირველ დივიზიონში. მოგვიანებით ლუისი დევიდ ქოლდერჰედმა შეცვალა, რომელიც კლუბს სათავეში 26 წლის მაძილზე ედგა. პირველ სეზონებში ჩელსის დიდი წარმატებებისათვის არ მიუღწევია. კლუბი მოგზაურობდა პირველ და მეორე დივიზიონებს შორის. მიუხედავად წარუმატებლობებისა ჩელსი გახდა ერთ-ერთი ყველაზე მხარდაჭერადი გუნდი ინგლისში. კლუბი გულშემატკივრების ყურადღებას იპყრობდა დაუვიწყარი სანახაობებით და ცნობილი ფეხბურთელების მოწვევით. პირველი მსოფლიო ომის დროს ჩელსიმ პირველად ითამაშა ასოციაციის თასის ფინალში, შეხვედრა 1915 წელს მანჩესტერის ოლდ ტრაფორდზე გაიმართა. ჩელსის მეტოქე შეფილდ იუნაიტედი იყო. ამ შეხვედრაში გადამწყვეტი პირველი ტაიმის მიწურულს, ჩელსის გოლკიპერის ჯიმ მოლინიოს დაშვებული შეცდომა გახდა, რამაც საშუალება მისცა შეფილდს დაწინაურებულიყო. ჩელსიმ ბოლომდე იბრძოლა მაგრამ თამაშის გადარჩენა ვერ შეძლო, იუნაიტედმა მატჩის მიწურულს კიდევ ორი ბურთი გაიტანა და ანგარიშით 3-0 გაიმარჯვა.
პირველი მსოფლიო ომის შემდგომ პირველივე წელს 1919-20 სეზონში ჩელსი მესამე ადგილზე გავიდა და აგრეთვე ასოციაციის თასის ნახევარფინალამდე ითამაშა, სადაც დათმო დაპირისპირება ასტონ ვილასთან. 1923-24 სეზონის შედეგებით ჩელსი მეორე დივიზიონში დაქვეითდა. რამდენიმე წარუმატებელი მცდელობის შემდეგ კლუბი უმაღლეს ლიგას 1929-30 წელს დაუბრუნდა საიდანაც მომდევნო 32 წლის მანძილზე აღარ გავარდნილა. 1930 ზაფხულში ხელმძღვანელობამ ნაყოფიერად გამოიყენა სატრანსფერო ფანჯარა. მაღალი მიზნების მისაღწევად მოწვეულნი იყვნენ იმ პერიოდისათვის საკმაოდ ცნობილი და მაღალი დონის ფეხბურთელები. შოტლანდიელები ჰიუ გალაგერი და ალექს ჯექსონი და აგრეთვე ალეკ ჩეინი. ამ ოპერაციებში ჩელსიმ £25.000 გადაიხადა. ყველაზე ახლოს ტიტულის მოგებასთან ჩელსი 1932 წელს იყო, ასოციაციის თასზე კლუბმა წარმატებით დაძლია ლივერპულის და შეფილდ უენსდის დაბრკოლებები და ნახევარფინალში დაძაბულ დუელში დამარცხდა ნიუკალთან, მომავალ ჩემპიონთან. 1933 წელს ქოლდერჰედის ნაცლად მთავარი მწვრთნელად დაინიშნა ლესლი ნაიტონი, თუმცა ამას რეალური შედეგი არ მოჰყოლია. ჩელსი პირველ დივიზიონში გადარჩენისათვის იბრძოდა წლების მანძილზე. 1932-33 და 1933-34 წლებში 2 ქულით, ხოლო 1938-39 სეზონში 1 ქულის სიახლოვეს ასრულებდა სეზონს გასავარდნი ზონიდან. ტიტულების ნაკლებობას ხელი არ შეუშლია კლუბის პოპულარობის გაზრდისათვის. ამავდროულად იზრდებოდა მაყურებელთა დასწრება სტადიონზე. 1935 წლის 12 ოქტომბერს, ლონდონურ დერბის არსენალის წინააღმდეგ დაესწრო 82.905 მაყურებელი, რაც კლუბის ისტორიაში დღემდე რეკორდულ დასწრებად ითვლება. გალაგერის და ჯექსონის საშინაო დებიუტს 50.000 ზე მეტი კაცი დაესწრო. 1939 წელს წარუმატებელი გამოსვლებისათვის ნაიტონი დათხოვნილ იქნა, მის ადგილას ჩელსიმ მოიწვია კუინზ პარკ რეიჯერსის ყოფილი მწვრთნელი შოტლანდიელი ბილი ბირელი, რომელმაც კლუბში რადიკალური გარდაქმები დაისახა მიზნად.
ბირელის სახელთან არის დაკავშირებული მეორე მსოფლიო ომის დროს ასოციაციის თასის ნაცვლად საფეხბურთო ლიგის ომის თასზე მოპოვებული წარმატებები. 1944 წელს ამ ტურნირის ფინალში, რომელიც იყო ამავდროულად სადებიუტო გამოსვლა ჩელსისთვის უემბლიზე, კლუბმა დათმო შეხვედრა ჩარლტონთან 1-3. მომდევნო წელს ჩელსიმ კვლავ შეძლო ფინალში გასვლა და ამჯერად სვლა ტრიუმფით დაასრულა. 80.000 მაყურებლის თვალწინ ბირელის ბიჭებმა მილუოლი დაამარცხეს 2-0. ჯონ ჰარისი ისტორიაში შევიდა როგორც ჩელსის პირველი კაპიტანი რომელმაც თასი აღმართა უემბლიზე. საპატიო თასი ჯონს პრემიერ მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა გადასცა.
1945 წლის ოქტომბერში, ახლად დასრულებული მსოფლიო ომის შემდეგ, ინგლისის საფეხბურთო მამებმა კეთილი ჟესტის გამოსახატად მიიწვიეს საბჭოთა კავშირის ჩემპიონი მოსკოვის დინამო ბრიტანულ ტურნეში, სადაც მათ შეხვედრები უნდა გაემართათ რიგ ინგლისურ კლუბებთან, მათ შორის ჩელსისთან. დაგეგმილი შეხვედრა 1945 წლის 13 ნოემბერს გაიმართა სტემფორდ ბრიჯზე. ჩელსის ფებურთელებს უჩვეულო წითელი ფერის მაისურები ეცვათ რამდენადაც ლურჯი ფერის არჩევის უფლება სტუმრებს დაუთმეს. შეხვედრა სადაც მასპინძლები 2-0 იგებდნენ 3-3 დასრულდა. დაახლოებით 100.000 მაყურებელი დაესწრო ხსენებულ მატჩს. ეს ითვლება სტემფორდ ბრიჯის აბსოლუტურ რეკორდულ დასწრებად. მათ გარდა იყო სტადიონზე უბილეთოდ შესული ათასობით ქომაგი.
მომდევნო წლიდან ჩელსიმ გაიხსენა ძველი დრო და კვლავ განახორციელა ხმაურიანი ტრანსფერები. მოწვეულნი იყვნენ ტომი ლოუტონი, ლენ გოულდენი და ტომი უოკერი (£22.000). მიუხედავად ტრანსფერებისა 1946-47 სეზონში კლუბმა 15 პოზიციაზე დაასრულა ჩემპიონატი. გარდა გაწეული დასამახსოვრებელი სამწვრთნელო საქმიანობისა ბირელის კონტრიბუცია მოედანს მიღმა არსებულ პროცესებშიც დიდი იყო. მან გარდაქმნა ახალგაზრდული გუნდების და სკაუტების სისტემა. მის მირ გატარებულ რეფორმებს მომდევნო 30 წლის მანძილზე მოჰქონდა შედეგები. სულ უფრო და უფრო მეტი ნიჭიერი ახალგაზრდა იზრდებოდა პირველი გუნდისათვის. 1950 და 52 წლებში გუნდი ახლოს იყო ასოციაციის თასის 1/2 ფინალში გასვლასთან, თუმცა ორივე შემთხვევაში მეტოქე უფრო ძლიერი აღმოჩნდა. ამის შემდეგ ბირელის მოღვაწეობა მწვრთნელის თანამდებობაზე მალე დასრულდა.
1952 წელს არსენალის და ინგლისის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი ტედ დრეიკი დაინიშნა ჩელსის მწვრთნელად. დრეიკმა განაგრძო წინამორბედის დაწყებული საქმე - კლუბის მოდერნიზება როგორც მოედანზე ისე მის მიღმა. ერთ-ერთი პირველი რაც მან გააკეთა იყო კლუბის ლოგოდან პენსიონერის ემბლემის ამოღება. მოყოლებული ამ დროიდან ჩელსის მოიხსენიებენ როგორც 'ლურჯებს' the Blues . დრეიკმა აგრეთვე გააუმჯობესა ვარჯიშის რეჟიმი. დანერგა ნოვაციები. მან გააგრძელა ახალგაზრდული/ბავშვთა ფეხბურთის განვითარება და გეზი აიღო ახალგაზრდა ტალანტების მოყვანაზე, სანაცვლოდ ადრე დანერგილი პრაქტიკისა როდესაც ჩელსიში ვარსკვლავური სტატუსის ფეხბურთელები მოყავდათ, რომლებიც ხშირად ვერ ამართლებდნენ.
1954-55 წლის საიუბილეო სეზონში ნაკლებად ვარსკვლავურმა ჩელსიმ მოულოდნელად გაიმარჯვა ჩემპიონატში და გახდა ისტორიაში პირველად ინგლისის ჩემპიონი. გუნდში ირიცხებოდნენ მეკარე ჩარლი ტომპსონი, მოყვარული ფეხბურთელები დერეკ საუნდერი, ჯიმ ლუისი, ჯონი მაკნიკოლი, უინგერი ერიკ პერსონსი, ინგლისის ნაკრების მომავალი მწვრთნელი რონ გრინვუდი. ბევრის აზრით ერთადერთი ვარსკვლავი იმ შემადგენლობაში იყო კაპიტანი, ბომბარდირი ინგლისის ნაკრების წევრი როი ბენტლი. საჩემპიონო სეზონი ჩელსიმ მძიმედ დაიწყო, მაგრამ მოგვიანებით გუნდმა მოუმატა და გადამწყვეტი აღმოჩნდა 2 გამარჯვება ვულვერჰემპტონთან 4-3 და 1-0. ჩელსიმ ამ სეზონში ჯამში დააგროვა 52 ქულა, რაც ითვლება ომის შემდგომ გამართულ სეზონებში ერთ-ერთ ყველაზე დაბალ მაჩვენებლად. ჩემპიონებს საპატიო კორიდორი სერ მეტ ბასბის ბავშვებმა მოუწყვეს.
როგორც მოქმედ ჩემპიონს ჩელსის ხვდა წილად მიეღო მონაწილეობა ჩემპიონთა თასის საინაუგურაციო სეზონში, რომელიც უეფამ 1955 წელს დააფუძნა. კენჭისყრის შედეგად ჩელსის მეტოქე პირველ ეტაპზე იყო შვედური დიურგარდენსი მაგრამ საფხბურთო ლიგამ და ასოციაციამ აუკრძალა ჩელსის გამოსვლა ჩემპიონთა თასზე, მათ მიაჩნდათ რომ კლუბს აქცენტი უნდა გაეკეთებინა საშინაო ტურნირებზე. ჩელსიმ ითამაშა არაოფიციალურ, გაეთიანებული სამეფოს ჩემპიონატში შოტლანდიის ჩემპიონ აბერდინთან და დამარცხდა.
მომდევნო წელს ჩელსიმ ვერ შეძლო ტიტულის შენარჩუნება, გუნდს დაღმასვლა დაეწყო. ერთადერთი ნათელი წერტილი ამ პერიოდში იყო, კლუბის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირის ჯიმი გრივზის გამოჩენა. მძიმე მდგომარეობაში აღმოჩენილმა ჩელსიმ გრივზი მილანში გაყიდა 1961 წელს, ამას რა თქმა უნდა არ მოყოლია მდგომარეობის გამოსწორება. სექტემბერში ბლექპულთან 0-4 მარცხის შემდეგ დრეიკი დათხოვნილ იქნა. მისი ადგილი დაიკავა 33 წლის მოთამაშე მწვრთნელმა დოჰერტიმ.
ტომი დოჰერტიმ კლუბში მკაცრი რეჟიმი დააწესა. აამაღლა გუნდის დისციპლინა. მან გაყიდა კლუბის ასაკიანი ფეხბურთელები და მათ ნაცვლად მიიწვია ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც ბირელის ახალგაზრდული აკადემიიდან აღიზარდნენ. 1962 წლის იანვარში, როდესაც დოჰერტიმ ჩაიბარა გუნდი ჩელსი განწირული აუტსაიდერი იყო, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა შეიმუშავა ექსპერიმენტული გეგმა სამომავლოდ. ჩელსიმ ერთი წელი გაატარა მეორე დივიზიონში და უმაღლეს ლიგაში გააახლგაზრდავებული ბირთვით დაბრუნდა. გუნდში ამინდს ქმნიდნენ რონ ჰარისი, მეკარე პიტერ ბონეტი, ბობი ტემბლინგი, ჯონ ჰოლინსი, კენ შელიტო, ბარი ბრიჯსი, ბერტ მიურეი და კაპიტანი და ფლეიმეიკერი ტერი ვენეიბლზი. ახალგაზრდული აკადემიიდან გაზრდილ ამ ფეხბურთელებს დოჰერტიმ დაამატა თავდამსხმელი ჯორჯ გრეჰემი, ედი მაკგრიდი, მცველი მარვინ ჰინტონი. მწვრთნელი თავის ახალგაზრდა გუნდს მოიხსენიებდა როგორც 'პატარა ბრილიანტებს'.
პირველივე სეზონში პირველ დივიზიონში ჩელსიმ მეხუთე პოზიცია დაიკავა. მომდევნო წელს გუნდმა პროგრესი გააგრძელა და სამ ფრონტზე იბრძოდა. ლიგის თასზე ფინალში დამარცხებულ იქნა ლესტერ სიტი 3-2, 0-0. ამ პერიოდში ტემპერამენტულ დოჰერტის გაურთულდა გასახდელში ურთიერთობები რიგ წამყვან მოთამაშეებთან, მათ შორის ვენეიბლზთან. ასოციაციის თასზე ნახევარფინალი წაგებულ იქნა ლივერპულთან, ხოლო ჩემპიონატში ბარნლისთან გადამწყვეტ შეხვედრაში, შესუსტებული შემადგენლობით მოასპარეზე ჩელსის ახალგაზრდები 2-6 დამარცხდნენ და ტიტულისათვის ბრძოლაც დათმეს.
1965-66 ჩელსიმ უეფას ბაზრობათა თასზე მიიღო მონაწილეობა. წარმატებით დაძლია გუნდმა რომას (4-1, 0-0) ვენის სპორტ კლუბის (2-0, 0-1), მილანის (2-1, 1-2 კენჭისყრით) და მიუნხენ 1860 (1-0, 2-2) ბარიერები. ნახევარფინალში ლონდონელთა მეტოქე კატალონიის ბარსელონა იყო. შეხვედრები ორივეჯერ მასპინძელთა უპირატესობით დასრულდა 2-0 და 2-0. კენჭიყრით გადათამაშება კამპ ნოუზე გაიმართა, სადაც ბარსამ იმარჯვა 5-0 და ფინალში გავიდა.
დაძაბული ურთიერთობისათვის წერტილის დასმა დოჰერტიმ წამყვანი ფეხბურთელების გაყიდვით მოახერხა. ვენეიბლზი, გრემი, ბრიჯზი და მიურეი ყველა ტრანსფერზე იქნა დაყენებული. მათ ადგილას რამდენიმე ახალგაზრდა მიიწვია, მათ შორის პიტერ ოსგუდი. თავიდან ყველაფერი კარგად იყო. დოჰერტის სატრანსფერო მანევრებმა შედეგი მოიტანა. ჩელსი 1966 წლის ოქტომბერში სატურნირო ცხრილს ედგა სათავეში და ერთადერთი დაუმარცხებელი გუნდი იყო 10 შეხვედრაში, მაგრამ ლიგის თასის შეხვედრაში ოსგუდმა ტრავმა მიიღო რამაც გუნდს სერიოზული თავსატეხი გაუჩინა. მის შემცვლელად დოჰერტიმ სატრანსფერო რეკორდი დაამყარა ტონი ჰეიტლის შეძენით £100.000. მაგრამ ჰეიტლის მეორე სართულზე აქცენტირებული სათამაშო სტილი ჩელსის მონახაზში ვერ ჩაჯდა და მისი ადაპტაცია გართულდა. ჩელსიმ სეზონი მეცხრე ადგილას დაასრულა. სეზონის მთავარი მოვლენა ასოციაციის თასის ფინალში თამაში გახდა. ფინალში მეტოქე ტოტენჰემი იყო. ეს იყო პირველი ლონდონური ფინალი თასზე და ჩელსის პირველი ფინალი უემბლიზე ასოციაციის თასზე. შეხვედრა ტოტენჰემის გამარჯვებით დასრულდა 2-1. მათ რიგებში ირიცხებოდნენ ექს-ჩელსელი ვენეიბლზი და გრივზი. მომდევნო სეზონის სტარტზე, როდესაც ჩელსიმ სასტარტო 10 დან მხოლოდ 2 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება, დოჰერტი დათხოვნილ იქნა.
დოჰერტის წასვლის შემდეგ ჩელსიმ პირველი თამაში 0-7 წააგო. თავკაცად არჩეულ იქნა დეივ სექსტონი. იგი გაცილებით მშვიდი და გაწონასწორებული პიროვნება იყო. ჩელსის ბირთვი უცვლელი იყო სექსტონი მოღვაწეობის დასაწყისში. მან გააძლიერა დაცვა ჯონ დემფსის და დევიდ ვების მოყვანით. მათ გარდა ჩელსიში ჩაირიცხა თავდამსხმელი იან ჰაჩინსონი. პირველ წლებში სექსტონის დამოძღვრილმა გუნდმა მეექვსე პოზიაციაზე დაასრულა გათამაშება. ბაზრობათა თასზე კენჭისყრით გამოვარდნენ DWS ამსტერდამთან.
1969-70 სეზონში ჩელსიმ მესამე ადგილზე დაასრულა ტურნირი. ოსგუდმა და ჰაჩინსონმა წყვილში 53 გოლის გატანა შეძლეს. ასოციაციის თასის ფინალში ჩელსის იმ პერიოდის ერთ-ერთი დომინანტი ძალა ლიდსი დაუპირისპირდა, ჩელსიმ გადათამაშებაში ოლდ ტრაფორდზე ვების გოლით დამატებით დროში 2-1 იმარჯვა.
თასის მფლობელის სტატუსით ჩელსიმ მომდევნო წელს თასების თასზე მიიღო მონაწილეობა 1970-71 სეზონში. არის თესალონიკის და სოფიის ცსკა-ს დამარცხებით ჩელსი 1/4 ში გავიდა. დაძაბული ორთაბრძოლების გადატანა მოუხდა კლუბს ბრიუგესთან. ნახევარფინალში მანჩესტერ სიტის ბარიერი იქნა დაძლეული და ფინალში, გადათამაშებაში კლუბმა დემფსის და ოსგუდის გოლებით მადრიდის რეალი დაამარცხა პირეოსში. ეს იყო ჩელსის პირველი წარმატება ევრო არენაზე. 1972 წელს გამოვიდა სიმღერა - ლურჯი არის ფერი - 'Blue is the Colour' და დაიკავა მეხუთე ადგილი ბრიტანეთის მუსიკალურ ჩარტებში.
ადრეული 1970 იანი წლებიდან მდგომარეობა ნელ ნელა უარესდებოდა გუნდში. სექსტონს გაურთულდა ურთიერთობები წამყვან მოთამაშეებთან, მათ შორის ოსგუდთან, ჰადსონთან და ბოლდუინთან. მიზეზი კი ფეხბურთელების ცხოვრების წესი და არადისციპლინებულობა იყო. ამას ბუნებრივად მოყვა შედეგების გაუარესება. 1971-72 სეზონში ჩელსი თასების თასიდან გააგდო ატვიდაბერგსმა. ასოციაციის თასზე მეორე დივიზიონელ ლეიტონ ორიენტთან გამოეთიშა ასპარეზობას, ხოლო ლიგის თასის ფინალი დათმო სტოკ სიტისთან. აღსანიშნავია რომ თითოეულ ამ შემთხვევაში ჩელსი აგებდა თავისზე გაცილებით სუსტ გუნდთან, კრიზისი მწვავდებოდა. 1972-73 სეზონში მეთორმეტე პოზიციაზე დაასრულა გუნდმა ჩემპიონატი. მომდევნო წელს მეჩვიდმეტეზე. 1973 წელს ბოქსინგ დეიზე ჩარლტონთან წაგებული შეხვედრის მერე (2-4) დაპირისპირებამ სექსტონს და ოსგუდ-ჰადსონს შორის პიკს მიაღწია. რამდენიმე თვის შემდეგ წყვილი ტრანსფერზე იქნა დაყენებული და მათ დატოვეს კლუბი. რაც შეეხება სექსტონს, იგი 1974-75 წლების სეზონის სტარტზე იქნა დათხოვნილი. კლუბი ჩაიბარა მისმა ასისტენტმა რონ სტიუარტმა, რომელმაც ვერ იხსნა ჩელსი მეორე დივიზიონში გავარდნისაგან, 1975 წელს.
სტემფორდ ბრიჯზე East Stand-ის აშენებამ, რაც ახალი 60.000-იანი სტადიონის გეგმის ნაწილი იყო, კლუბს პრობლემები დაუმატა. პროექტი შეფასებულ იქნა როგორც ყველაზე ამბიციურად რაც ბრიტანეთში განხორციელებულა. პროექტის განხორციელება დაემთხვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პერიოდს, რამდენჯემე შეჩერდა, გაიფიცნენ მუშები, იყო სამშენებლო მასალების ნაკლებობა შედეგად მივიღეთ ის რომ 1976 წელს ჩელსის დაუგროვდა £3.4 მილიონი ვალი. 1974 წლის აგვისტოდან 1978 წლის ივნისამდე კლუბმა ვერცერთი ფეხბურთელის შეძენა ვერ მოახერხა. ამას დაემატა დასწრების კლება სტადიონზე.
1975 წელს ჩელსის მწვრთნელად დაინიშნა ყოფილი ფეხბურთელი ედი მაკგრიდი, რომლის ძალისხმევითაც კლუბი დაუბრუნდა უძლიერეს დივიზიონს 1976-77 სეზონში. გუნდში ახალგაზრდა ფეხბურთელების - რეი უილკინსის, სტივ ფინისტონის გვერდით ჯერ კიდევ ირიცხებოდნენ ვეტერანები - კუკი, ჰარისი და ბონეტი. მაკგრიდის დიდ ხანს არ მოუწია მწვრთნელად ყოფნა, ბრაიან მირსთან კონტრაქტთან დაკავშირებული გაუგებრობის გამო კლუბი მალევე დატოვა. მისი ადგილი ასევე ყოფილმა ფეხბურთელმა კენ შელიტომ დაიკავა.
შელიტომ შეუნარჩუნა ჩელსის ადგილი პირველ დივიზიონში. მომდევნო წელს გუნდს პიტერ ოსგუდის დაბრუნებამაც ვერ უშველა და ჩელსი ისევ გავარდა უძლიერესთა რიგებიდან. რეი უილკინსი, გუნდის მაშინდელი ვარსკვლავი მანჩესტერში გაიყიდა. 1979 წლის სექტემბერში, 1966 წლის მუნდიალის ერთ-ერთი გმირი ჯოფ ჰერსტი დაინიშნა ჩელსის მწვრთნელად, ბობი გოულდი მის თანაშემწედ. ჰერსტმა კარგად დაიწყო მაგრამ მეორე ნახევარში გაჩენილმა გარკვეულმა სირთულეებმა არ მისცა საშუალება გუნდი აღეზევებინა პირველ დივიზიონში. 1980-81 სეზონში ჩელსიმ 12 პოზიცია დაიკავა და მწვრთნელი გაათავისუფლეს.
1981 წელს ბრაიან მირსი თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგა, ამით დასრულდა მირსების ოჯახის 76 წლიანი კავშირი ჩელსისთან. მისი ერთ-ერთი უკანასკნელი გადაწყვეტილება იყო ვრექსემის მწვრთნელის ჯონ ნილის მოწვევა. 1982 წელს მძიმე ვალებში ჩაფლული Chelsea Football & Athletic Company ბიზნესმენმა კენ ბეითსმა შეიძინა ნომინალურ ფასად £1. ბეითსმა უარი თქვა სტადიონის შეძენაზე, რაც მან მოგვიანებით ინანა. მიუხედავად შეუთანხმებლობისა რიგ საკითხებზე როგორც კლუბის გულშემატკივრებთან ასევე Marler Estates-ის დეველოპერებთან, რომლებსაც დავიდ მირსის ძმისაგან ბრაიანისგან ჰქონდათ გამოსყიდული სტემფორდ ბრიჯის წილი, ბეითსი ენერგიულად შეუდგა მოღვაწეობას.
1983 წლის ზაფხული გარდამტეხი აღმოჩნდა ჩელსის ისტორიაში. ჯონ ნილმა განახორციელა რიგი ტრანსფერებისა რამაც კლუბის მძიმე მდგომარეობის გამოსწორება მოიტანა. რედინგიდან გადმოყვანილ იქნა თავდამსხმელი კერი დიქსონი, კლაიდიდან უინგერი პეტ ნევინი, ნაიჯელ სფექმენი ბორნმუთიდან და გოლკიპერი ედი ნიდზვიეკი ვრექსემიდან. მთელი ამ ოპერაციებისთვის დაიხარჯა £500.000. დიქსონმა შედეგიანი ტანდემი შექმნა ნილის კიდევ ერთ მოწვეულ ახალგაზრდასთან დევიდ სპიდისთან, ორივე კარგად უგებდა მოედანზე ნევინს. 1983-84 სეზონი ჩელსიმ ხმაურიანად დაიწყო, მიღწეულ იქნა დიდი ანგარიშით გამარჯვებები, დერბისთან, ფულემთან და კევინ კიგანის ნიუკასლთან. უკანასკნელ ტურში გრიმსბი თაუნის დამარცხებით გუნდმა მოიპოვა პირველი დივიზიონის საგზური.
1984-85 წლების სეზონში ჩელსი მეექვსე ადგილას გავიდა. ლიგის თასის ნახევარფინალი დათმო გუნდმა სანდერლენთან. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო ნილმა სეზონის ბოლოს თანამდებობა დატოვა. მის პოსტზე ჯონ ჰოლინსი იქნა შერჩეული. ჰოლინსის პირველსავე სეზონში გუნდი საკმაოდ კომპეტენტურად გამოიყურებოდა. თებერვალში სატურნირო ცხრილსაც ედგა სათავეში. თუმცა სააღდგომოდ მდგომარეობა გართულდა დიქსონი ტრავმის გამო და ის სეზონიც მეექვსე პოზიციაზე დასრულდა ჩელსისთვის. მომდევნო სეზონში შედეგი გაუარესდა, გუნდმა მეთოთხმეტე პოზიციაზე დაასრულა გათამაშება. წლიდან წლამდე ისევ უარესდებოდა მდგომარეობა, მიზეზი ამჯერადაც მწვრთნელს და წამყვან ფეხბურთელებს შორის წარმოქმნილი დაპირისპირება იყო. გამოსავალი ხელმძღვანელობამ მათი გაყიდვით სცადა მოეძებნა. სპიდი და სპაკმენი ტრანსფერზე იქნენ დაყენებულნი. მოგვიანებით ჰოლინსიც გაათავისუფლეს. ბობი კემპბელმა კლუბი მარტში ჩაიბარა და ვერ შეძლო გავარდნისგან ეხსნა.
1989-90 სეზონში ჩელსი შთამბეჭდავად დაბრუნდა პირველ დივიზიონში. ბობი კემპბელმა მოახერხა და გუნდი მეხუთე პოზიციაზე დაასრულებინა სეზონი. მომდევნო წელს კემპბელის ადგილას იან პორტერფირდი დაინიშნა, იგი წვრთნიდა გუნდს პრემიერ ლიგის სადებიუტო სეზონში 1992-93. წარუმატებელი გამოსვლის შემდეგ ეს უკანსკნელიც დათხოვნილ იქნა და 1970 წლის ასოციაციის თასის ფინალის მონაწილე კიდევ ერთი მწვრთნელი დაინიშნა - დევიდ ვები. სეზონის ბოლოს ისიც გაათავისუფლეს და გუნდი 35 წლის სუინდონ თაუნის მოთამაშე მწვრთნელს გლენ ჰოდლს ჩააბარეს.
1992 წელს კენი ბეიტსმა ისარგებლა დეველოპერების გაბანკროტებით და სტემფორდ ბრიჯი გამოისყიდა. მის მიერ შექმნილმა შ.პ.ს. Chelsea Pitch Owners-მა შეიძინა აგრეთვე კლუბის სახელთან დაკავშირებული უფლებები. რაც იმას ნიშნავდა, რომ სხვა სტადიონზე გადასვლის შემთხვევაში გუნდი 'საფეხბურთო კლუბი ჩელსი'-ს სახელს ვერ გამოიყენებდა.
გლენ ჰოდლმა პირველ სეზონში გუნდი ასოციაციის თასის ფინალში გაიყვანა, სადაც ჩელსის მეტოქე მანჩესტერ იუნაიტედი იყო. ლონდონელებმა შეხვედრა 0-4 დათმეს. მიუხედავად ამისა კლუბმა მიიღო უფლება ეასპარეზა მომდევნო წელს თასების თასზე, რამდენადაც თასის მფლობელი მანჩესტერი ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩელსიმ გააღწია ნახევარფინლამდე სადაც გამოეთიშა ასპარეზობას რეალ სარაგოსასთან.
ბეიტსმა არ დაიშურა მილიონები გუნდის გასაძლიერებლად. 1995 წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით სამპდორიადან ჩაირიცხა ლეგენდარული რუუდ გულიტი, მანჩესტერის თავდამსხმელი მარკ ჰიუზი £1.5. ნიჭიერი რუმინელი მცველი დან პეტრესკუ. გუნდის ლიდერი იყო კაპიტანი დენის ვაიზი. 1995-96 სეზონში ჰოდლმა გუნდი 11 პოზიციაზე გაიყვანა და გადადგა. მან ინგლისის ნაკრები ჩაიბარა.
1996 წლის ზაფხულში ჰოდლის წასვლის შემდეგ რუუდ გულიტი დაინიშნა მოთამაშე მწვთნელად. კლუბმა დაიმატა რამდენიმე ტოპ კლასის ფეხბურთელი - ჯანლუკა ვიალი, ჯანფრანკო ძოლა, ფრანკ ლებეფი, რობერტო დი მატეო (£4.9 იმ დროისათვის რეკორდი კლუბის). მოგვიანებით მათ შეუერთდნენ გუსტავო პოიეტი და ნორვეგიელი ტორე ანდრე ფლო. ამ შემადგენლობით გულიტის გუნდი პრემიერლიგაში ერთ-ერთ ანგარიშგასაწევ ძალად იქცა. ჩელსი თამაშობდა მიმზიდველ, სანახაობრივ და როგორც ხანდახან ეძახდნენ 'სექსუალურ' ფეხბურთს. პირველივე სეზონში გუნდს ბრწყინვალე შედეგები ჰქონდა. გულიტმა მოახერხა და მეექვსე ადგილზე გაიყვანა ჩელსი. ყველაზე მთავარი კი ასოციაციის თასზე გამარჯვება იყო. ფინალში უემბლიზე მიდლზბროს წინააღმდეგ დი მატეომ ანგარიში 43 წამზე გახსნა რაც უსწრაფესი იყო თასების ფინალების ისტორიაში. შეხვედრა 2-0 დასრულდა. კონტრაქტთან დაკავშირებული შეუთანხმებლობის გამო 1998 წლის თებერვალში გულიტი მოულოდნელად გათავისუფლებულ იქნა პოსტიდან. ჩელსი ამ დროისთვის პრემიერლიგაში მეორე პოზიციაზე იყო და 2 თასზე აგრძელებდა ბრძოლას. მწვრთნელად დანიშნულ იქნა 33 წლის ვიალი. ორ თვეში ჩელსიმ 2 ტიტული მოიგო. ლიგის თასზე ფინალში ამჯერადაც მიდლზბრო იქნა დამარცხებული, დი მატეომ ამჯერადაც გაიტანა. თასების თასის ფინალში სტოკჰოლმის რასუნდაზე ჩელსიმ შტუტგარტი დაამარცხა 1-0. შეხვედრის ერთადერთი გოლი შეცვლაზე 17 წამის შემოსულმა ჯანფრანკო ძოლამ გაიტანა. წარმატებული სვლა აგვისტოშიც გაგრძელდა, სადაც ევროპის სუპერთასის ფინალში ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მადრიდის რეალი დაამარცხეს 1-0.
1998-99 წლების სეზონში ჩელსიმ ნამდვილ საჩემპიონო რბოლაში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად პირველ ტურში ქოვენთრისთან წაგებული მატჩისა, გუნდი იანვრამდე დაუმარცხებლად გავიდა, თან ისე რომ საშობაოდ პრემიერლიგას ლიდერობდა. საჩემპიონო შანსები შემცირდა ვესტეჰმთან წაგებული საშინაო შეხვედერის შემდეგ. ამას მოყვა რამდენიმე ფრე და საბოლოო ჯამში ჩემპიონ მანჩესტერს 4 ქულით დაუთმეს პირველობა. თასების თასზე ჩელსიმ ნახევარფინალი წააგო მალიორკასთან, ხოლო საშინაო თასებიდან ორივე ტურნირზე 1/4 გავარდნენ. სეზონი მაინც დადებითად შეფასდა რამდენადაც მესამე ადგილმა საშუალება მისცა ჩელსის ჩემპიონთა ლიგაში მიეღო მონაწილეობა მომდევნო წელს.
1999 წელს, 44 წლის თავზე იმ სეზონიდან, როდესაც ჩელსის არ მიეცა საშუალება ჩემპიონთა თასის საინაუგურაციო სეზონში მიეღო მონაწილეობა, კლუბს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში. დასამახსოვრებელი ფრეები ითამაშა ჩელსიმ ამ სეზონში მიეღო მონაწილეობა, კლუბს დებიუტი ჰქონდა ჩემპიონთა ლიგაში. დასამახსოვრებელი ფრეები ითამაშა ჩელსიმ ამ სეზონში რომში ლაციოსთან და მილანში სანსიროზე მილანთან. 1/4 ფინალში პირველ შეხვედრაში ანგარიშით 3-1 ბარსელონას დამარცხება შეძლო გუნდმა, განმეორებითში 7 წუთი აშორებდა დებიუტანტებს 1/2 მდე, მაგრამ გაუშვეს ბურთი ბარსასგან, ანგარიში ორი მატჩის ჯამში გათანაბრდა და დამატებითში კლასმა თავისი თქვა, ბარსა შემდეგ ეტაპზე გავიდა 5-1.
ამ პერიოდისათვის ჩელსი უკვე საკმაოდ მულტი-ნაციონალური გუნდი იყო. იტალიელებს დაემატნენ მსოფლიო ჩემპიონი ფრანგები მარსელ დესაი და დიდიე დეშანი, ასევე ჰოლანდიელი კიპერი ედ დე გუი. ხშირად ვიალის მოედანზე 11 არაინგლისელი გამოყავდა. 1999-00 სეზონში კლუბმა მეხუთე პოზიციაზე დაასრულა. თუმცა მაინც შეძლო ასოციაციის თასის მოგება, უემბლიზე ასტონ ვილას წინააღმდეგ კვლავ გამოირჩა დი მატეო. ეს იყო ბოლო ფინალი უემბლის რეკონსტრუქციამდე. აგვისტოში ასევე 2-0 ანგარიშით ჩელსიმ დაამარცხა მანჩესტერ იუნაიტედი და დაეუფლა ჩერითი შილდს. ვიალი შეიქმნა ჩელსის ყველაზე წარმატებული მწვრთნელი.
2000 წლის ზაფხულში ვიალიმ £26 მილიონი დახარჯა ახალ ფეხბურთელებზე. მოწვეულნი იყვნენ ჯიმი ფლოიდ ჰასელბენკი და ეიდურ გუდიონსენი. თუმცა იტალიელი სექტემბერში დათხოვნილ იქნა პოსტიდან მოიგო რა ერთადერთი თამაში სასტარტო ხუთიდან. ხმები დაირხა რომ ვიალისაც, როგორც ბევრ სხვა მწვრთნელს ჩელსის ისტორიაში, გაუფუჭდა ურთიერთობა წამყვან ფეხბურთელებთან. კლუბმა მის შემცვლელად ასევე იტალიელი კლაუდიო რანიერი მიიწვია, რომელმაც ინგლისურ ენასთან დაკავშირებული სირთულეების მიუხედავად კლუბი მეექვსე პოზიციაზე გაიყვანა. მან თანამიმდევრულად განახორციელა კლუბის გაახალგაზრდავება. რანიერიმ გაუშვა პოიეტი და უაიზი. ასაკოვანი ფებურთელები ჩაანაცვლა ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეებით. ჩელსი ბირთვს ქმნიდნენ - ჯონ ტერი, უილიამ გალასი, ფრენკ ლამპადი, ისპერ გრონკიაერი.
მომდევნო სეზონში გუნდს მცირე პროგრესი ჰქონდა შედეგებში. ლიგის თასზე ნახეავრფინალი წააგო ხოლო, ასოციაციის თასზე ფინალი დათმო არსენალთან. 2002 წლის ზაფხულში რანიერის არ ჰქონდა ფინანსური რესურსები შემადგენლობის გასაძლიერებლად, მიუხედავად ამისა კლუბმა ბოლომდე იბრძოლა და ისტორიაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წარმატებას მიაღწია, ბოლო ტურში ლივერპულის 2-1 დამარცხებით გაინაღდა მეოთხე ადგილი და მომდევნო წელს ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება.
აშკარა იყო, რომ კლუბი ფინანსურ კრიზისს განიცდიდა, მიუხედავად ამისა მოულოდნელი იყო ბეითსის გადაწყვეტილება როდესაც 2003 წლის ივლისში მან კლუბი £60 მილიონად რუს ოლიგარქს რომან აბრამოვიჩს მიჰყიდა. აბრამოვიჩმა გამოისყიდა ჩელსის დარჩენილი წილიც და გაისტუმრა კლუბის ვალი £80 მილიონი. ახალმა მფლობელმა £100 ზე მეტი დახარჯა ახალ ფეხბურთელებში. მოწვეულნი იყვნენ გლენ ჯონსონი, ჯო კოული, დემიენ დაფი, კლოდ მაკელელე, ადრიან მუტუ, ხუან სებასტიან ვერონი, ერნან კრესპო, ჯერემი. გუნდის არნახულმა გაძლიერებამ ჩელსის შედეგებზეც იმოქმედა, თუმცა მათ ვერ შეძლეს ჩემპიონობის მოპოვება. მეორე ადგილი რომელიც კლუბმა დაიკავა საბოლოო ჯამში აღმოჩნდა საუკეთესო შედეგი კლუბისთვი უკანასკნელი 49 წლის მანძილზე. ამავე სეზონში ჩელსიმ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე შეძლო გასვლა სადაც ბევრის აზრით რანიერის გაუგებარმა გადაწყვეტილებებმა წააგებიინეს მონაკოსთან. სეზონის ბოლოს იტალიელი დათხოვნილ იქნა თანამდებობიდან. ჩელსის მწვრთნელად დაინიშნა პორტოსთან ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი ტრიუმფატორი ჟოზე მაურინიო. აბრამოვიჩმა აგრეთვე მიიწვია რონალდოს და რომარიოს აღმომჩენი ცნობილი ჰოლანდილი სკაუტი პიტ დე ვისიე. კლუბი აღმასრულებელ დირექტორად დაინიშნა პიტერ კენიონი. 2004 წლის ზაფხულში კლუბში ჩაირიცხნენ დიდიე დროგბა, მატეა კეჟმანი, ტიაგო, არიენ რობენი, პიეტრ ჩეხი, ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები რიკარდო კარვალიო და პაულო ფერეირა.
2004-05 სეზონი აღმოჩნდა ყველაზე წარმატებული ჩელსის ისტორიაში. მაურინიოს გუნდმა მძიმედ დაიწყო, გაიტანა რა მხოლოდ 8 გოლი 9 შეხვედრაში, მაგრამ ფრენკ ლამპარდის შედეგიანობამ და ტრავმირებული რობენის დაბრუნებამ ჩელსის შანსები საგრძნობლად გაზარდა. ნოემბერში ტოტენჰემთან მოგებული შეხვედრის შემდეგ გუნდი სათავეში მოექცა ცხრილს და არც დაუთმია პირველი პოზიაცია სეზონის ბოლომდე, წააგო რა მხოლოდ ერთადერთ შეხვედრაში. გუნდმა დააამყარა რეკორდი მოგებული შეხვედრების რაოდენობით - 29, მაქსიმალური ქულების რაოდენობით -95, ისტორიაში საუკეთესო დაცვით - 15 გაშვებული გოლი, ამათგან 25 მშრალი შეხვედრა. ჩეხმა დაამყარა მშრალი სერიის რეკორდი 1025 წუთი. ჩელსიმ ჩემპიონობა გაინაღდა ბოლტონთან გასვლით შეხვედრაში ლამპარდის დუბლით. მანამდე თებერვალში მოგებულ იქნა ლიგის თასიც. ჩემპიონთა ლიგაში ჩელსიმ ადვილად დაძლია ჯგუფური ეტაპი, მერვედფინალში კენჭისყრით მეტოქე იყო ევროპის ერთ-ერთი წამყვანი კლუბი ბარსელონა. პირველ შეხვედრაში რომელსაც სკანდალების გარეშე არ ჩაუვლია, გაძევებულ იქნა დიდიე დროგბა, ბარსელონამ იმარჯვა 2-1. განმეორებით შეხვედაში ჩელსიმ მოიპოვა დაუვიწყარი გამარჯვება 4-2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. 1/4 კლუბს დაუპირისპირდა მიუნხენის ბაიერნი 4-2, 2-3. ჩელსის სვლა ლიგაში ტრიუმფისაკენ ლივერპულმა შეაჩერა. 0-0 დასრულდა შეხვედრა ლონდონში, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ლუის გარსიას სკანდალური გოლით მერსისაიდელები გავიდნენ ფინალში.
2005-06 სეზონში ჩელსიმ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულის შენარჩუნება შეძლო. დაამყარა კიდევ რამდენიმე რეკორდი, მათ შორის სტარტზე ზედიზედ მოგებული თამაშების მხრივ, სეზონის მსვლელობისას ჩელსი მდევარს 18 ქულითაც უსწრებდა. ჩემპიონობა კლუბმა საშინაო შეხვედრაში მანჩესტერთან გაინაღდა დაამარცხა რა 3-0 მეტოქე. ჩელსი გახდა პირველი ლონდონური კლუბი რომელმაც შეძლო ზედიზედ მოეგო ტიტული 30-იანი წლების შემდეგ. მათ ასევე გაიმეორეს ათიან წლებში დამყარებული ნიუკასლის რეკორდი 18 საშინაო მოგება 19 დან და ერთი ფრე.
რაც შეხება ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობას გუნდი 1/8 ში გამოეთიშა ტურნირს, წააგეს რა პირველი თამაში ბარსელონასთან სახლში 1-2 დელ ორნოს გაძევების შემდეგ პირველ ტაიმში. განმეორებითი 1-1 დასრულდა.
2006 ზაფხულში ჩელსიმ განახორციელა ხმაურიანი ტრანსფერები. რეკორდულ £30.8 მილიონად მილანიდან გადმოვიდა ანდრეი შევჩენკო, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა მიხაელ ბალაკი. გალასი გაცვლილ იქნა ეშლი კოულში. მიუხედავად ამ ოპერაციებისა მთელი სეზონის მანძილზე ჩელსი მანჩესტერის მდევრის როლში იყო და საბოლოოდ ვერ შეძლოა ტიტულის შენარჩუნება. ლიგის თასზე ფინალში ჩელსიმ დაამარცხა არსენალი 2-1. ხოლო ასოციაციის თასის ფინალში რეკონსტრუირებულ უემბლიზე გამართულ პირველ შეხვედრაში შეძლო მანჩესტერის დამარცხება დროგბას გოლით დამატებით დროში 1-0. ჩემპიონთა ლიგაზე ჩელსი კვლავ ლივერპულმა გამოთიშა ასპარეზობას. ლონდონში ჯო კოულის გოლით მოგებული პირველი ნახევარფინალის შემდეგ, განმეორებითში ენფილდზე აგერის ძალისხმევით მასპინძლებმა შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა შეძლეს. საბოლოოდ ფინალისტის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. ჯერემის და რობენის არაზუსტი დარტყმების შემდეგ კიუიტმა ლივერპულს გამარჯვება მოუტანა.
რომან აბრამოვიჩი ხშირად გამოთქვამდა უკმაყოფილებას ჩელსის მიერ ნაჩვენები არასანახობრივი თამაშით. დროგბას და ლამპარდის ტრავმებმა ჩელსის მძიმედ დააწყებინა სეზონი 2007-08. ჩემპიონთა ლიგაზე კლუბმა ვერ შეძლო უპირობო აუტსაიდერის როსენბორგის დამარხება საკუთარ კედლებში. მდგომარობა მწვრთნელს და კლუბის მფლობელს შორის უკიდურესად იყო დაძაბული. 2007 წლის 20 სექტემბერს ორმხრივი შეთანხმებით მაურინიო თანამდებობიდან გადადგა. იმავე ზაფხულს საფეხბურთო დირექტორად დანიშნულმა აბრაამ გრანტმა ჩაიბარა კლუბი, მისი თანაშემწე სტივ კლარკი იყო. ჩელსიმ შეძლო მძიმე კრიზისის დაძლევა.
გუნდმა გააგრძელა ჩემპიონობისათვის ბრძოლა ოთხივე ფრონტზე. თებერვალში კლუბმა მტკივნეული მარცხი განიცადა ლიგის თასის ფინალში, 1-2 ტოტენჰემთან, ჩემპიონატის ბოლო ტურში ჩელსის და მანჩესტერს თანაბარი ქულათა რაოდენობა ჰქონდათ, მანჩესტერის მხარეს იყო ბურთების უკეთესი სხვაობა, საბოლოოდ მანჩესტერმა გაინაღდა ჩემპიონობა უიგანის 2-0 დამარცხებით...
ჩემპიონთა ლიგაში ჩელსიმ წარმატებით დაძლია ოლიმპიაკოსის და ფენერბახჩეს ბარიერიები პლეიოფში და 1/2-ში ზედიზედ მეოთხედ შეხვდა ლივერპულს...პირველ შეხვედრაში ენფილდზე ჩელსი რიისეს ავტოგოლმა იხსნა მარცხისგან, ხოლო განმეორებით შეხვედრაში დამატებით დროში დროგბას და ლამპარდის ძალისხმევით უხერხული მეტოქე დაამარცხა და ჩელსიმ პირველად გააღწია ლიგის ფინალში. მოსკოვის ლუჟნიკებზე გამართულ შეხვედრაში სადაც ჩელსიმ და მანჩესტერმა ინგლისური ფინალი გაითამაშეს შეხვედრა ძირითად დროში 1-1 დასრულდა. რონალდოს თავურს ფრენკ ლამპარდმა უპასუხა, ჩელსის ნახევარმცველმა ეს ბურთი აპრილში გარდაცვლილი დედამისის პეტ ლამპარდის ხსოვნას მიუძღვნა...დამატებითმა, დრომ შედეგი არ მოიტანა და გამარჯვებულის ვინაობა თერთმეტმეტრიანების სერიამ გამოავლინა. რონალდოს მიერ აცილებული პენალტის შემდეგ ტერის შეეძლო გამარჯვება მოეტანა გუნდისთვის მაგრამ წვიმიან გაზონზე ფეხი დაუსრიალდა და ბურთი კარს ააცილა...მანჩესტერელებმა ზუსტად შეასრულეს პენალტი და ჩელსის დამარცხება სერიაში ვან დერ საარის მიერ ანელკას დარტყმულის მოგერიებით გაირკვა.
2008 წლის ზაფხულში ჩელსიმ გრანტის ნაცვლად 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონი მწვრთნელი ლუის ფელიპე სკოლარი დანიშნა. კლუბმა შეიძინა პორტუგალიელი ფეხბურთელები დეკო და ბოსინგვა. სკოლარის მეთაურობით ჩელსიმ დამაჯერებლად დაიწყო სეზონი, მაგრამ მოგვიანებით ესიენის დამტვრევის შემდეგ და დროგბა ანელკას ძირითადში ერთდროულად ვერ დაყენების და სხვა პრობლემების გამო, ჩელსიმ ბევრი ქულა გაფანტა. გარდა ამისა კლუბი აგებდა დიდი ოთხეულის ყველა წევრთან, მათ შორის აღსანიშნავია 86 მატჩიანი წაუგებელი სერიის დასრულება საკუთარ კედლებში ლივერპულთან 0-1. სკოლარი დათხოვნიულ იქნა თანამდებობიდან 2009 წლის თებერვალში, მის ადგილას აბრამოვიჩმა მოიყვანა რუსეთის ნაკრების მოქმედი თავკაცი გუუს ჰიდინკი.
რუსულ საფეხბურთო თუ პოლიტიკურ წრეებში დიდი მითქმა მოთქმა მოყვა ჰიდინკის ერთდროულად ორ პოსტზე მუშაობას, რაზედაც თავად ჰიდინკმა გააკეთა კატეგორიული განცხადება რომ ის ჩელსიში დროებით იყო 31 მაისამდე და სეზონის დასრულებისთნავე კლუბს დატოვებდა. ჰიდინკის თავკაცობით ჩელსიმ მყისიერად გააუმჯობესა შედეგები, წამყვანმა ფეხბურთელება უპირველეს ყოვლისა დროგბამ დაიბრუნა ჩვეული ფორმა, ჰოლანდიელმა გადაჭრა ანელკას და დროგბას ერთად დაყენების პრობლემა და წარმატებულად დაიძრა ჩემპიონთა ლიგაში ტრიუმფისაკენ. მერვედფინალში ჰიდინკის გუნდმა დაამარცხა ტურინის იუვენტუსი 1-0, 2-2 და მოულოდნელად სძლია ლივერპულს ენფილდზე 3-1, მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში. განმეორებით შეხვედრაში გუნდებმა მაყურებელს ზღაპრული სანახაობა აჩუქეს. ჩეხის უყურადღებობით აურელიომ ლივერპული დააწინაურა, მოგვიანებით სტუმრებმა თერთმეტმეტრიანი დარტყმით კიდევ ერთხელ აიღეს ჩელსის კარი, შესვენებაზე გუუს ჰიდინკმა შეძლო გუნდის მობილიზება და დროგბას, ალექსის და ლამპარდის გოლებით ორმატჩიანი დუელის ბედი შემოატრიალეს. ლივერპულელები არ დანებებულან, თითქოს გამოუვალი იყო მდგომარეობა მაგრამ მათ მაინც გაიბრძოლეს და ბოლო 10 წუთში 2 ბურთი კიდევ გაიტანეს, რჩებოდა რამდენიმე წუთი და ფრენკ ლამპარდა შორეული დარტყმით საბოლოო წერტილი დასვა დაპირისპირებაში, ჩელსიმ შეძლო და ზედიზედ მეორე სეზონის მანძილზე გამოაგდო გათამაშებიდან ერთ დროს უხერხული მეტოქე - ლივერპული. 1/2-ში ჩელსის ბარსელონა ელოდებოდა, რომელმაც ადვილად სძლია მანამდე ბაიერნს და ლიონს. პირველ შეხვედრაში, კამპ ნოუზე ჩელსიმ შეძლო საკუთარი კარის მშრალად შენახვა, გუს ჰიდინკის გუნდს თავს საშინელი კრიტიკა დაატყდა არჩეული დაცვითი სათამაშო მოდელის გამო, რითაც მათ მოგუდეს ბევრის აზრით არსებობის მანძლზე უძლიერესი ფორმაციის ბარსელონა, პირველად მოხდა სეზონში როდესაც კატალონიელებმა უბურთოდ დატოვეს კამპნოუ. გარდა ესპანური გამოცემებისა რომლებიც ღიად აკრიტიკებდნენ ლონდონელებს, ბარსას რამდენიმე ლიდერმაც არ დაიზარა ერთი ორი ტკბილი სიტყვის თქმა ჩელსის თამაშზე. განმეორებით შეხვედრა სტემფორდბრიჯზე სამუდამოდ შევიდა სკანდალურ შეხვედრათა სიაში, ჩელსი დებიუტში ესიენმა დააწინაურა, მოგვიანებით ბარსელონა დარჩა 10 კაცით, ერთ-ერთ ეპიზოდში ბარსას ფეხბურთელს ბურთი ხელში მოხვდა, შეხვედრის მთავარმა ტომ ჰენინგ ოვრებომ არ დანიშნა აშკარა პენალტი, მიმდინარეობდა მის მიერ დამატებული მესამე წუთი როცა ინიესტამ ანგარიში გაათანაბრა და ბარსელონა ფინალში გაიყვანა. შეხვედრის დასრულებისთანავე ჩელსის ლიდერები მიიჭრნენ მსაჯთან და მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, დიდიე დროგბამ ტელე-კამერების წინ მსაჯობას უცენზურო შეფასება მისცა, რასაც მოგვიანებით მისი 6 მატჩიანი დისკვალიფიკაცია მოჰყვა, ჩელსის დაეკისრა ფულადი ჯარიმა, ასევე დისკვალიფიცირებულ იქნა ჟოზე ბოსინგვაც 4 მატჩით. სკანდალურ შეხვედრას ცხადია დიდი რეზონანსი მოყვა საფეხბურთო წრეებში, ბევრი მიიჩნევდა რომ ბარსელონა უღირსად გავიდა ფინალში, რომ ჩელსის წაართვეს ფინალის საგზური და ა.შ. თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს რომ ბარსელონა 2008-09 სეზონში ერთი თავით აღემატებოდა ყველა გუნდს, ტრიუმფალური სვლა კატალონიელებმა რომში ოლიმპიკოზე დაასრულეს, სადაც გვარდიოლას შეგირდებმა მასხარად აიგდეს პრემიერლიგის მოქმედი ჩემპიონი მანჩესტერ იუნაიტედი. 2008-09 სეზონი ჩელსიმ მაჟორულ ნოტაზე დაასრულა, საფეხბურთო ასოციაციის ფინალში გუნდმა დაამარცხა ევერტონი 2-1. ეს იყო პირველი ტიტული ბოლო 2 წლის მანძილზე, შეხვედრის შემდეგ ჰიდინკი კლუბს დაემშვიდობა.
2009 წლის 1 ივნისს ჩელსიმ მთავარ მწვრნელად კარლო ანჩელოტი დანიშნა, აბრამოვიჩი რამდენიმე წელი აქტიურად ცდილობდა მილანის ხელმძღვანელობის დაყოლიებას ანჩელოტის დათმობაზე. 2008 წლის ზაფხულში გალიანიმ ყველანარად დაბლოკა კარლოს წასვლა ლონდონში. მიუხედავად ბოლო დროს განვითარებული მწვავე კრიზისისა, რომელსაც ანჩელოტი აშკარად ვეღარ უმკლავდებოდა, მილანი ვერ ელეოდა კაცს რომელთანაც პოსტ-კაპელოსეული მძიმე წლების მერე 2 ჯერ მოიპოვეს ჩემპიონთა ლიგა. 2008-09 სეზონმა ცხადი გახადა რომ მილანის და ანჩელოტის გზები უნდა გაყოფილიყო, მილანს ახალი სისხლი ესაჭირებოდა, განსხვავებული ხედვები, ხოლო თავის მხრივ ანჩელოტის კარიერაშიც ახალი გამოწვევა დგებოდა, საკმაოდ რისკიანი მაგრამ უდავოდ საინტერესო.
ზაფხულმა ხმაურიანი ტრაანსფერების გარეშე ჩაიარა. ჩელსიმ ახალგაზრდა ინგლისელები, მეკარე როს ტერნბული და დანიელ სტარიჯი დაიმატა. გუნდში ასევე მოვიდა მოსკოვის ცსკა-ს უნივერსალური ნახევარმცველი იური ჟირკოვი £18 მილიონად.
კარლო ანჩელოტიმ პირველივე ოფიციალური შეხვედრა ტიტულით დააგვირგვინა. სეზონის სტარტზე კომუნითი შილდზის შეხვედრაში მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ, ძირითადი დროის 2-2 დასრულების შემდეგ გუნდმა პენალტების სერიაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. პრემიერლიგის პირველი ორი ტური უმძიმესი გამოდგა ანჩელოტისათვის. ორივე მეტოქესთან ჰალთან და სანდერლენდთან ჩელსიმ გაუშვა პირველი გოლი და მეორე ტაიმებში მთელი შეტევითი პოტენციალის გამოყენების ხარჯზე მოახერხა მაქსიმალური რაოდენობის ქულების აღება. ანჩელოტის მიერ დანერგილმა ე.წ. დაიმონდმა გარკვეული სირთულეები გააჩინა. რიგ ფებურთელებს ადაპტაცია დასჭირდათ და ჩელსი ამის გამო ძალზედ მძიმედ და ქაოტურად გამოიყურებოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ფრენკ ლამპარდის ამოვარდნა ჩვეული ფორმიდან. ჩელსის მერვე ნომერი ინერტული იყო და გოლების გატანა უჭირდა. მიუხედავად ამისა ჩელსიმ უდანაკარგო სტარტი აიღო და ზედიზედ 6 შეხვედრაში შეძლო გამარჯვების მოპოვება. პირველი მარცხი ანჩელოტის გუნდმა მეშვიდე ტურში უიგანთან იგემა. ძნელად თუ ივარაუდებდა ვინმე ამ შეხვედრაში ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერის მიერ ქულების დაკარგვას მაგრამ უიგანმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია ლონდონელებს. დროგბამ წინ გასულ მასპინძლებს ანგარიში გაუთანაბრა და ჩელსის მატჩის სადავეების აღება შეეძლო, მაგრამ პეტრ ჩეხის შეცდომამ, რაც გუნდს მის გაძევებად და თერთმეტმეტრიანად დაუჯდა, ჩელსის პირველი მარცხი აგემა და ჩემპიონატში ინტრიგა გააღვივა. ორ ტურში კიდევ ერთი მარცხი განიცადა გუნდმა ასტონ ვილასთან, თუმცა ლიდერობა შეინარჩუნა რამდენადაც პრემიერლიგაში მდევრებმა არსენალმა და მანჩესტერ იუნაიტედმა თავის მხრივ ქულები დაკარგეს. აღნიშვნას იმსახურებს ჩელსის მიერ ე.წ. დიდი ოთხეულის გუნდებთან ნაჩვენები შედეგები. ლივერპული და მანჩესტერი სტემფორდ ბრიჯზე მშრალი ანგარიშებით დაამარცხა ანჩელოტის გუნდმა 2-0, 1-0. ლონდონის არსენალს ასევე მშრალად, ოღონდ ამჯერად გასვლაზე მოუგეს 3-0 და ხმამაღლა განაცხადეს ჩემპიონობაზე არისტოკრატებმა. დეკემბერში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში მაიკლ ესიენმა ტრავმა მიიღო და გუნდს მთელი სეზონით გამოაკლდა. განელი საყრდენის არ ყოფნა გუნდს მყისიერად დაეტყო. ოთხ ტურში ჩელსიმ მხოლოდ ერთი შეხვედრის მოგება შეძლო, გათამაშების აუტსაიდერ პორტსმუტთან უმძიმეს შეხვედრაში ლამპარდის მიერ მატჩის მიწურულს გატანილი პენალტით ჩელსიმ სამი ქულა ჩაიწერა, დანარჩენ სამ თამაშში სამი ფრე იქნა ნაჩვენები. გუნდს აშკარა პრობლემები ჰქონდა, 2009 წელი უმძიმესად დასრულდა ჩელსისთვის. ახალი წლიდან მდგომარეობა გამოსწორდა, სანდერლენდის 7-2 განადგურების შემდეგ გუნდმა საკუთარი ძალები ირწმუნდა და მომდევნო შეხვედრებში მნიშვნელოვანი ქულები აიღო. თებერვალში კიდევ ერთხელ დაამარცხა ანჩელოტიმ არსენ ვენგერის არსენალი, ამჯერად უკვე სტემფორდ ბრიჯზე 2-0. ეშლი კოულიშ და ჯონ ტერის პირად ცხოვრებაში მომხდარმა სკანდალურმა მოვლენებმა გუნდის შედეგებზეც იმოქმედა გავლენა. მანჩესტერ სიტისთან ჩელსიმ მტკივნეული მარცხი განიცადა საკუთარ კედლებში 2-4, ეს იყო ანჩელოტის თავკაცობით გუნდის პირველი მარცხი სტემფორდ ბრიჯზე. 2 ტურში ბლექბერნთან სტუმრად დაკარგული ორი ქულის შემდეგ, ჩელსიმ სატურნირო ცხრილის პირველი პოზიცია მანჩესტერ იუნაიტედს დაუთმო. სეზონი კოლაფსის წინაშე დადგა. ჩემპიონთა ლიგაში ჯგუფის ადვილად მოგების შემდეგ მერვედფინალში კენჭისყრამ გუნდს ჟოზე მაურინიოს მილანის ინტერნაციონალე დაუპირისპირა. ემოციური შეხვედრა ჰქონდათ ფეხბურთელებს ყოფილ მწვრთნელთან. ექსპერტების პროგნოზებით ჩელსის არ უნდა გასჭირვებოდა იტალიური ბარიერის დაძლევა, მაგრამ მაურინიომ შეძლო ინტერის გაყვანა შემდეგ ეტაპზე. სან სიროზე შეხვედრა მასპინძლებმა 2-1 მოიგეს, ხოლო განმეორებით შეხვედრაში ჩელსიმ ვერ მოახერხა მილანელთა დაცვის გარღვევა და სამუელ ეტო'ოს გოლით მეორე თამაშიც წააგო მეტოქესთან. რომან აბრამოვიჩი უკმაყოფილო იყო გუნდის მიერ ნაჩვენები შედეგებით და საგანგებო შეხვედრა გამართა კობჰემის ბაზაზე. პრესაში გაჩნდა ინფორმაციები რომ ანჩელოტის ლონდონური კარიერაც დგებოდა საფრთხის ქვეშ. ინტერთან მარცხის შემდეგ იტალიელმა მწვრთნელმა ფეხბურთელები გადამწყვეტი ბრძოლებისთვის განაწყო და გუნდს ტრადიციული სიმშვიდით მანჩესტერის დამარცხებისკენ მოუწოდა. ცვლიელებები მოხდა ძირითად შემადგენლობაში. ანჩელოტიმ დეკუ და ჯო კოული ჩასვა სასტარტო თერთმეტეულში. მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანს ფაქტობრივად ჩაგდებული სეზონი ჰქონდათ გუნდის ნახევარდაცვის მნიშვნელოვანი გარდაქმნა მოახერხეს, რაც უპირველეს ყოვლისა შედეგებზე აისახა. მანჩესტერ იუნაიტედთან გადამწყვეტი თამაშის წინ ჩელსიმ პორტსმუთის და ასტონვილას განადგურება შეძლო, საერთო ანგარიშით 12-1. ოლდ ტრაფორდზე გასამართი შეხვედრის წინ არისტოკრატებს შესანიშნავი განწყობა ჰქონდათ. განსაკუთრებით იმ ფონზე როდესაც იუნაიტედს ჩემპიონთა ლიგაში მიუნხენის ბაიერნთან ურთულესი დაპირისპირება ჰქონდა და პირველ შეხვედრაში მარცხის გარდა სეზონის უდავო ლიდერი და საუკეთესო ბომბარდირი დაკარგეს. რუნის გარეშე, საკუთარი პუბლიკის წინაშე მანჩესტერს ძალიან გაუჭირდა ერთ ფრონტზე გადართული ლონდონელების წინააღმდეგ თამაში. ჩელსიმ მეტოქეს პირველივე წამებიდან მაღალი ტემპი, გაშლილი თამაში და მთელს მოედანზე პრესინგი დაუპირისპირა. ანგარიში პირველ ტაიმში ჯო კოულმა ულამაზესი გოლით გახსნა. მეორე ტაიმში ცვლილებაზე შესულმა დიდიე დროგბამ უპირატესობა ორამდე გაზარდა. მასპინძლებმა მხოლოდ ანგარიშის გაქვითვა მოახერხეს ფედერიკო მაკედას საპასუხო გოლით. შეხვედრა სკანდალურად დასრულდა. რამდენიმე ეპიზოდში ჩელსის კარში თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა მსაჯმა, რამაც მასპინძელთა რისხვა გამოიწვია. ჩელსიმ სასიცოცხლო მნშივნელობის სამი ქულა აიღო და ჩემპიონატის ლიდერობა დაიბრუნა. დარჩენილ ტურებში აღსანიშნავი ტოტენჰემთან პირწმინდათ წაგებული შეხვედრა იყო. მომდევნო ტურში ჩელსიმ პასუხად სტოკ სიტი გააცამტვერა 7-0. სეზონში მესამედ შეძლო კარლოს გუნდმა ერთ შეხვედრაში მეტოქის კარის შვიდგზის დალაშქვრა. უკანასკნელი ინტრიგა ლივერპულთან ენფილდზე გასამართ შეხვედრაში რჩებოდა. სერ ალექს ფერგიუსონმა თამაშის წინ ლივერპულის ფეხბურთელებს მოუწოდა პატივი ეცათ კლუბის წარსულისთვის და არ მიერთმიათ ჩელსისთვის საჩუქრად სამი ქულა. ენფილდზე ჩელსის მოტივირებული ლივერპული დახვდა. საბედნიეროდ ლივერპული წასაგებად და მანჩესტერისთვის სარეკორდი მეცხრამეტე ტიტულის მოგებაში ხელის შეშლით იყო მოტივირებული. სტივენ ჯერარდის მიერ პეპე რეინაზე გაკეთებული სარისკო გადაცემა დიდიე დროგბამ ჩაჭრა და ჩელსი წინ გაიყვანა. მეორე ტაიმში ფრენკ ლამპარდმა ჩელსის უპირატესობა სოლიდური გახადა და ბოლო ტურის წინ ლონდონელებს საკუთარ კედლებში უიგანის დამარცხება ყოფნიდათ ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად. კარლო ანჩელოტის კრებულმა უიგანისგან ქვა ქვაზე არ დატოვა, ულამაზეს სტილში, მაყურებლისათვის დაუვიწყარ, ნამდვილ საჩემპიონო თამაშში გაიფორმა ჩემპიონობა ათკაცა მეტოქის 8-0 დამარცხებით. დიდიე დროგბამ ჰეტ ტრიკის შესრულება შეძლო და ბომბარდირთა დავაში უეინ რუნის გადაასწრო. ჩელსიმ სეზონში 103 გოლის გატანა მოახერხა რაც პრემიერლიგის ახალი რეკორდი იყო. გარდა ამისა კიდევ ერთი ახალი რეკორდი დამყარდა. გუნდს პრემიერლიგის ისტორიაში საუკეთესო ბურთების შეფარდება ჰქონდა +71. ანჩელოტიმ დიდი ოთხეულის წევრებთან მანჩესტერთან, ლივერპულთან და არსენალთან ექვსივე შეხვედრა მოიგო, რაც აქამდე მიუღწეველი იყო ყველასთვის. იტალიელმა სპეციალისტმა პირველივე სეზონში მოაგებინა ტიტული ჩელსის. იგი გახდა პირველი იტალიელი მწვრთნელი რომელმაც ამ ტიტულს გაუსინჯა გემო. ტრიუმფალური სვლა უემბლიზე ასოციაციის თასის ფინალში, დიდიე დროგბას გოლის წყალობით პორტსმუთის 1-0 დამარცხებით დასრულდა. ჩელსი ელიტარული ინგლისურ კლუბების სიაში შევიდა დუბლის შესრულებით. ჩემპიონთა ლიგიდან ნაადრევად გამოვარდნის მიუხედავად ხელმძღვანელობამ სეზონი დადებითად შეაფასა მწვრთნელისთვის და იმედი გამოთქვა რომ ანჩელოტის მოსვლით ახალი ერა იყო დაწყებული გუნდში. ერა რომელიც დიდ ხანს გაგრძელდებოდა და გუნდს არაერთ დიდ გამარჯვებასთან მიიყვანდა.
2010-11 სეზონისთვის მზადება ჩელსიმ ზაფხულის დადგომისთანავე დაიწყო. კლუბმა სახელფასო ფონდის შეკვეცის მიზნით შემადგენლობის შეთხელება გადაწყვიტა და კონტრაქტი შეუწყვიტა რამდენიმე ასაკოვან ფეხბურთელს, მათ შორის მოხვდნენ მიხაელ ბალაკი, დეკუ, ჯულიანო ბელეტი. ბევრისთვის მოულოდნელად ჩელსიმ აგრეთვე გაუშვა ჯო კოული და რიკარდო კარვალიო, ეს უკანასკნელი ჟოზე მაურინიოს რეალში ჩაირიცხა რვა მილიონ ევროდ. ექვს მილიონ ფუნტად ლივერპულიდან იოსი ბენაიუნი და თვრამეტ მილიონად ბენფიკადან ბრაზილიელი ახალგაზრდა ნახევარმცველი რამირესი შეიძინა კლუბმა. პრემიერლიგაში სტარტი მოქმედ ჩემპიონებს ფანტასტიკური ჰქონდათ. ექვს შეხვედრაში ექვსი გამარჯვებით ანჩელოტის გუნდი გათამაშებას დამაჯერებლად ლიდერობდა და ბევრმა სპეციალისტმა ნაადრევად ჩათვალა ჩელსი გამარჯვებულად. გუნდის პრობლემები და გარკვეული სისუსტეები შემოდგომაზე გამოჩნდა. მეშვიდე ტურში სტუმრად რობერტო მანჩინის მანჩესტერ სიტისთან არისტოკრატებმა სეზონის პირველი მარცხი იგემეს. შეხვედრაში ერთადერთი გოლი არგენტინელმა გოლეადორმა კარლოს ტევესმა გაიტანა რამირესის უხეში შეცდომის შემდეგ. გათამაშებას ნეომბრამდე ლიდერობდა გუნდი. სეზონის ამ უმძიმეს მონაკვეთში კლუბი კრიზისულ მდგომარეობაში აღმოჩნდა და რვა ტურის მანძილზე ვერ მოახერა გამარჯვების მოპოვება, მათ შორის იყო წაგებული შეხვედრები არსენალთან, ბირმინგემთან და აგრეთვე საკუთარ კედლებში სანდერლენდთან. იანვარში კლუბმა ისარგებლა სატრანსფერო ფანჯრის გახსნით და სეზონის გადასარჩენად შემადგენლობა გააძლიერა. ბრიტანული ფეხბურთისათვის სარეკორდო ორმოცდაათ მილიონ ფუნტ სტერლინგად ლივერპულიდან ესპანელი ფერნანდო ტორესი გადმოვიდა. ჩელსიმ ასევე შეიძინა ბენფიკას ახალგაზრდა ბრაზილიელი მცველი დავიდ ლუისი ოცდახუთ მილიონ ფუნტად. მიუხედავად ამ ტრანსფერებისა გუნდს სეზონის შემოტრიალება არ ეწერა. გაჩნდა ახალი პრობლემა კარლო ანელოტის წინაშე. სასტარტო შემადგენლობაში დიდიე დროგბას და ფერნანდო ტორესს ერთად თამაში უჭირდათ. მდგომარეობა დაამძიმა ესპანელი ახალწვეულის სუსტმა ფორმამ, ერთ დროს მრისხანე ფორვარდი ვერაფრით ვერ ახერხებდა ჩელსის მაისურით გოლის გატანას. აშკარა იყო რომ ამ სარეკორდო ტრანსფერმა ვერ გაამართალა და პირიქით კლუბს პრობლემები დაუმატა. სეზონის მსვლელობისას ჩელსი მეხუთე პოზიციაზეც დაეშვა ცხრილში. გაჩნდა რეალური საშიშროება რომ გუნდი ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელ ოთხეულშიც ვერ მოხვდებოდა. თუმცა გაზაფხულზე ჩელსიმ შეძლო მდგომარეობის ოდნავ გაუმჯობესება და გათამაშებაში მეორე ადგილამდე შეძლო აწევა. კარლო ანჩელოტის ბედი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედ ფინალში მანჩესტერ იუნაიტედთან გამოვარდნის შემდეგ გაირკვა. აბრამოვიჩმა იტალიელ სპეციალისტს სეზონის ბოლომდე აცადა და ბოლო ტურში ევერტონთან სტუმრად ჩამტარებული შეხვედრისთანავე კლუბიდან დაითხოვა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.