From Wikipedia, the free encyclopedia
სან იუ (ბირმ. စန်းယု, ინგლ. San Yu; დ. 3 მარტი, 1918, ტეგონი, ბრიტანეთის ბირმა — გ. 30 იანვარი, 1996, იანგონი, მიანმარი) — ბირმის პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე, ბირმის სოციალისტური რესპუბლიკის პრეზიდენტი 1981-1988 წლებში.
სან იუ დაიბადა 1918 წლის 3 მარტს ქალაქ ტეგონში, ეთნიკურად ჩინელის ოჯახში. ორი წელი სწავლობდა რანგუნის უნივერსიტეტის სამედიცინო კოლეჯში, რომელიც 1941 წელს მიატოვა ომის დაწყების გამო.
1942 წელს შეუერთდა აუნ სანის მიერ შექმნილ ბირმის გათავისუფლების არმიას უმცროსი ოფიცრის წოდებით. 1947 წელს მიიღო კაპიტნის წოდება. 1949 წელს სამოქალაქო ომის დროს მიიღო მაიორის წოდება და დანიშნეს ბატალიონის უფროსის მოადგილედ. 1949 წელს უკვე პოდპოლკოვნიკია. 1950 წლიდან ბრიგადის გენერალია.
1954-1956 წლებში სწავლობდა აშშ-ის სამხედრო კოლეჯში. 1956 წლის 9 მარტს მიიღო პოლკოვნიკის წოდება. 1959 წლამდე მსახურობდა გენერალურ შტაბში. იყო ნე ვინის სამხედრო მდივანი. 1961 წლის 19 აგვისტოს დანიშნეს 1-ლი ქვეითი ბრიგადის სარდლად.
1963 წელს, მას შემდეგ, რაც ნე ვინი მოვიდა ბირმის ხელისუფლებაში, სან იუ გახდა რევოლუციური საბჭოს წევრი. 1963 წლის 15 თებერვალს დანიშნეს არმიის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილედ. მას შემდეგ, რაც გავლენიანი პოლიტიკური ლიდერები დაუპირისპირდნენ ნე ვინს და დატვეს პარტია. სან იუ ქვეყანაში მეორე პოლიტიკოსი გახდა.
1971-1974 წლებში პრემიერ-მინისტრის მოადგილე, ფინანსთა მინისტრი და ბირმის ეროვნული დაგეგმარების მინისტრია. 1971 წლის 25 სექტემბერს დანიშნეს ახალი კონსტიტუციის შემმუშავებელი კომისიის თავმჯდომარედ. 1972 წელს ბრიგადის გენერალ სან იუს სრული გენერლის წოდება მიენიჭა.
1973 წელს საყოველთაო რეფერენდუმზე მიიღეს ახალი კონსტიტუცია და ძალაში შევიდა 1974 წლის 3 მარტს. ბირმას ეწოდა ბირმის კავშირის სოციალისტური რესპუბლიკა. 1974 წლის 26 აპრილს სან იუ აირჩიეს სახალხო კრების სახელმწიფო საბჭოს გენერალურ მდივნად. 1978 წლის 3 მარტის იგი სამხედრო სამსახურიდან ოფიციალურად გადადგა.
1981 წლის 8 აგვისტოს ნე ვინმა პარტიის მეოთხე კონგრესზე განაცხადა, რომ იხსნიდა ყველა უფლებამოსილებას და რჩებოდა მხოლოდ პარტიულ თანამდებობებზე. ამავე წლის ოქტომბერში აირჩიეს ახალი პარლამენტი, რომელმაც სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარედ და ქვეყნის პრეზიდენტად სან იუ აირჩია. 1981 წლის 9 ნოემბერს სან იუმ დაიკავა პრეზიდენტის თანამდებობა. ბირმის კავშირის სოციალისტურ რესპუბლიკას სათავეში ედგა 7 წლის განმავლობაში. 1985 წლის ოქტომბერში პარტიის მეხუთე კონგრესზე სან იუ აირჩიეს ცენტრალური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ.
პოლიტიკური ბალანსი ქვეყანაში 1988 წელს დაირღვა, როცა გაჩაღდა სტუდენტური გამოსვლები. რეჟიმის მიმართ მოსახლეობის უკმაყოფილება სწრაფად იზრდებოდა. 1988 წლის 23 ივლისს მოიწვიეს მმართველი პარტიის საგანგებო კონგრესი. სადაც ნე ვინმა გამოაცხადა, რომ სან იუ და კიდევ ოთხი პარტიული და სახელმწიფო ლიდერი უნდა გადამდგარიყო თანამდებობიდან. კონგრესმა ნე ვინი და სან იუ გაათავისუფლა ყველა პარტიული და სახელმწიფო თანამდებობიდან. 27 ივლისს სახალხო კრებამ ქვეყნის ახალ პრეზიდენტად სეინ ლვინი აირჩია. სან იუ საბოლოოდ ჩამოშორდა პოლიტიკას. იგი დასახლდა დედაქალაქის გარეუბანში საკუთარ სახლში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.