From Wikipedia, the free encyclopedia
რობერტო ანჟუელი (იტალ. Roberto d'Angiò), მეტსახელად ბრძენი (იტალ. il Saggio; დ. 1276 ― გ. 20 იანვარი, 1343, ნეაპოლი, იტალია) ― ანჟუს დინასტიის წარმომადგენელი. ნეაპოლის მეფე 1309 წლიდან გარდაცვალებამდე. მეფე კარლო II-ისა და დედოფალ მარია უნგრელის ძე. დედოფალ ჯოვანა I-ის პაპა.
რობერტო ანჟუელი | |
---|---|
ნეაპოლის მეფე | |
მმართ. დასაწყისი: | 5 მაისი, 1309 |
მმართ. დასასრული: | 20 იანვარი, 1343 |
წინამორბედი: | კარლო II |
მემკვიდრე: | ჯოვანა I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1276 |
გარდ. თარიღი: | 20 იანვარი, 1343, (66-67 წლის) |
მეუღლე: |
ვიოლანტე არაგონელი (ქ. 1297 - გარდ. 1302) სანჩია მაიორკელი (ქ. 1304) |
შვილები: | კარლო, კალაბრიის ჰერცოგი |
დინასტია: | ანჟუები |
მამა: | კარლო II, ნეაპოლის მეფე |
დედა: | მარია უნგრელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
რობერტო დაიბადა 1276 წელს ნეაპოლში. იგი იყო ნეაპოლის მეფე კარლო I-ის უფროსი ძის, პრინცი კარლო ანჟუელისა და მისი მეუღლის, პრინცესა მარია უნგრელის მესამე შვილი და მეორე ვაჟი. „სიცილიის მწუხრის“ დროს, როცა ამბოხებულმა სიცილიელებმა თავიანთ მეფედ პედრო III არაგონელი გამოაცხადეს, ბრძოლისას რობერტოს მამა ესპანელებმა ტყვედ ჩაიგდეს და კატალონიაში გამოკეტეს. უკვე 1285 წელს კარლო I გარდაიცვალა და მეფე რობერის ტყვეობაში მყოფი მამა, კარლო II გახდა. ნეაპოლელებმა მისი გამოხსნა მხოლოდ 1288 წელს მოახერხეს.
მას შემდეგ, რაც 1295 წელს რობერტოს უფროსი ძმა, პრინცი კარლ მარტელი გარდაიცვალა, მისმა ძმისწულმა უნგრეთის ტახტის სანაცვლოდ უარი თქვა ნეაპოლიტანურ მემკვიდრეობაზე, რამაც რობერტო ტახტის პირველ მემკვიდრედ აქცია. მალევე, სიცილიასთან მშვიდობის მოსაპოვებლად რობერტომ ცოლად შეირთო სიცილიისა და არაგონის მეფის ასული ვიოლანტე. მიუხედავად ამისა, სიცილიისათვის ომი 1302 წლამდე გაგრძელდა, რა დროსაც გაფორმდა კალტაბელოტას ხელშეკრულება, რის მიხედვითაც ანჟუს დინასტიამ სიცილია სამუდამოდ დაკარგა.
1309 წლის მაისში, მამის გარდაცვალების შემდეგ, ნეაპოლის მეფე რობერტო გახდა. იგი პროვანსში ფრანგმა პაპმა კლემენტ V-მ მეფედ აკურთხა. აღსანიშნავია, რომ იგი აქტიურად იყო ჩაბმული იტალიური სამეფო-სამთავროების პოლიტიკურ ცხოვრებაში. 1311 წლიდან იგი ეწინააღმდეგებოდა საღვთო რომის იმპერატორ ჰაინრიხ VII-ის იტალიაში შესვლას და 1312 წელს ასევე გაუწია წინააღმდეგობა მის მიერ რომის აღებას. იმპერატორ ჰაინრიხის გარდაცვალების შემდეგ, იტალიური კავშირების გასაძლიერებლად მან ალიანსი გააფორმა მილანის მმართველ მატეო ვისკონტისთან და ვერონის მმართველ კარგრანდე დელა სკალასთან. რობერტოს გავლენები განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც 1313 წელს რომის პაპმა იგი რომის სენატორად გამოაცხადა, რის შემდეგაც 1318 წელს იგი გენუის, 1319 წელს კი ბრეშას მბრძანებელიც, ხოლო 1314 წელს მთელი იტალიის საიმპერატორო ვიკარი გახდა.
რობერტო მთელი ცხოვრების განმავლობაში ებრძოდა საღვთო რომის იმპერატორებს და ხელს უშლიდა მათ იტალიაში ფეხის მოკიდებაში. 1328 წელს გააბრუნა იტალიაში შეჭრილი ლუდვიგ IV ბავარიელი, 1330 წელს კი აიძულა იოანე ბოჰემიელი, რომ დაეტოვებინა ჩრდილოეთ იტალია. რობერტოს ჰეგემონობას იტალიაში მხოლოდ სიცილიაში გაბატონებული არაგონელები უშლიდნენ ხელს.
როდესაც 1336 წელს სალუზოს მემკვიდრეობისათვის დავა ატყდა მანფრედ V-სა და მის ძმისწულ ტომასო II-ს შორის, კონფლიქტში რობერტო ჩაერია მანფრედის სასარგებლოდ. ტომასოს დასამხობლად მან სალუზოს ალყა შემოარტყა. რობერტომ მოახერხა ქალაქის აღება, გადაწვა და გაძარცვა, მეტიც, მან ტომასო ტყვედ აიყვანა და დიდი გამოსასყიდის სანაცვლოდ გაათავისუფლა.
დარჩენილი ცხოვრება რობერტომ თავის მეუღლესთან, დედოფალ სანჩიასთან ერთად, ნეაპოლის აღმშენებლობასა და აყვავებას მოახმარა.
იგი 1343 წლის 20 იანვარს გარდაიცვალა, რის შემდეგაც ტახტი მისმა შვილიშვილმა, დედოფალმა ჯოვანა I-მა დაიკავა, რომელიც თავისი სკანდალური მმართველობითაა ისტორიაში ცნობილი.
1297 წლის 23 მარტს რომში რობერტომ ცოლად შეირთო არაგონის მეფე პედრო III-ისა და დედოფალ კონსტანცია სიცილიელის ქალიშვილი, ინფანტა ვიოლანტე არაგონელი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი:
მას შემდეგ, რაც ვიოლანტე 1302 წელს გარდაიცვალა, რობერტო 1304 წლის 17 ივნისს მეორედ დაქორწინდა. ამჯერად მისი რჩეული მაიორკის მეფე ხაიმე II-ისა და დედოფალ ესკლარამუნდა დე ფუას ასული, პრინცესა სანჩია მაიორკელი იყო, რომელიც მისი დედოფალი გახდა, მაგრამ მასთან შვილი არ ჰყოლია.
ცნობილია, რომ თავისი საყვარლის, კანტელმა კანტელმოსაგან რობერტოს კიდევ სამი უკანონო შვილი ჰყავდა:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.