ისიდორე ივანეს ძე რამიშვილი (დ. 7 ივნისი, 1859, ქვემო სურები — გ. 3 იანვარი, 1937, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, პედაგოგი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, მენშევიკი, დამფუძნებელი კრების წევრი, ოც წელიწადზე მეტ ხნის განმავლობაში იყო მასწავლებელი იმპერიის სხვადასხვა დასახლებაში.
ისიდორე რამიშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 7 ივნისი, 1859 |
დაბადების ადგილი | ქვემო სურები, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 3 იანვარი, 1937 (77 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა |
რუსეთის იმპერია საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა სსრკ |
განათლება | თბილისის სასულიერო სემინარია |
ეროვნება | ქართველი |
პარტია | საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტია |
ძირითადი იდეები | სოციალ-დემოკრატია |
საქმიანობა | პედაგოგი, პოლიტიკოსი |
მამა | ივანე რამიშვილი |
ბიოგრაფია
დაიბადა გურიაში, გლეხის ოჯახში. ოჯახს არ ჰქონდა საშუალება, რომ მისთვის განათლება მიეცა, ამიტომ 10 წლამდე საოჯახო მეურნეობაში მუშაობდა. 1871 წელს ნათესავმა მღვდელმა კეკელიძემ ჩარიცხა ოზურგეთის ორკლასიან სასულიერო სასწავლებელში. სკოლაში გამჟღავნდა, რომ ის მღვდლის შვილი არ იყო და სასწავლებლიდან გარიცხეს. რამიშვილს სწავლის იმდენად დიდი სურვილი ჰქონდა, რომ გაიპარა სახლიდან, ჩავიდა ოზურგეთში, ფეხებში ჩაუვარდა სკოლის ზედამხედველ დეკანოზ ქიქოძეს და სთხოვა დაებრუნებინათ სკოლაში, რაც შეუსრულეს და 1878 წელს დაასრულა სწავლა. სკოლაში რამიშვილი დაუახლოვდა რევოლუცინერ სილიბისტრო ჯიბლაძესა და მომავალ მემარცხენე ბელეტრისტ ეგნატე ნინოშვილს. 1878–1885 წლებში ჯიბლაძესთნ ერთად სწავლა გააგრძელა თბილისის სასულიერო სემინარიაში. გახდა მემარცხენე ხალხოსნური იდეების მიმდევარი. გოლა ჩიტაძესთან ერთად, მონაწილეობას იღებდა „ქარგალთა კავშირის” მეცადინეობებსა და სემინარიის შიგნით წარმოებულ რევოლუციურ საქმიანობაში. მან დააფინანსა თავდასხმა სემინარიის რექტორ ჩუდეცკიზე, რომელიც სასწავლებლიდან გარიცხულმა მოსწავლემ, იოსებ ლაღიაშვილმა ხანჯლით მოკლა.
1886–1887 წლებში იყო მასწავლებელი წინამძღვრიანთკარის კერძო სკოლაში. ხალხოსნურმა იდეებმა გადააწყვეტინა, დაბრუნებულიყო სოფლად და გლეხთა განათლებაზე ეზრუნა. მისი ინიციატივით სურებში მოეწყო სკოლა და 1887–1893 წლებში ასწავლიდა ამავე სკოლაში. 1891 წელს თაოსნობდა გურიის სახალხო ბიბლიოთეკის გახსნას. 1892 წლის 25 დეკემბერს ისიდორე რამიშვილი დაესწრო ქართველ მესამე დასელთა პირველ კონფერენციას ყვირილაში. 1893 წელს მუშაობდა სენაკის სათავადაზნაურო სკოლაში. მისი სემინარიელი მარქსისტი ამხანაგები ცდილობდნენ ჩამოეცილებინათ ის ხალხოსნობისთვის და ჩაერთოთ თავიანთ მუშაობაში, მაგრამ უშედეგოდ.
სოციალ-დემოკრატიულ მოძრაობაში რამიშვილი ჩაერთო მხოლოდ 1897 წლიდან, მას შემდეგ, რაც გადაიყვანეს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი სკოლის გამგედ ბათუმში. ბათუმის სკოლაში რამიშვილი 1897–1903 წლებში ასწავლიდა. ამავდროულად გახდა ადგილობრივი მუშათა მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი, რსდმპ ბათუმის კომიტეტის წევრი, ბათუმის ბაზრის ცენტრში გახსნა ბიბლიოთეკა. საგანმანათლებლო რევოლუციური წრეების ორგანიზატორი. 1901 წელს მეთაურობდა ბათუმის როტშილდის ქარხნის მასობრივ გაფიცვას. 1903 წელს მისცეს პასუხისგებაში, მაგრამ მოახერხა მიმალვა. 1905 წლის 14 აგვისტოს დააპატიმრეს თბილისში, ტრაქტირ „მოსკოვში“, კახეთის მოედანზე, დაკავებისას ჩამოართვეს არალეგალური ლიტერატურა და მოათავსეს მეტეხის ციხეში. 1905 წლის 21 ოქტომბერს გაათავისუფლეს. 1905 წლის დეკემბერში აქტიურად მონაწილეობდა თბილისში რევოლუციურ მოძრაობაში, იყო ერთ-ერთი ლიდერი და ორატორი. მისი ხელმძღვანელობით თბილისის სოციალ-დემოკრატიულმა კომიტეტმა მეფისნაცვლის ადმინისტრაციის თანხმობით მიიღო იარაღი თბილისში სომეხ-თათართა შეტაკების აღსაკვეთად. რევოლუციის დამარცხების შემდეგ კვლავ არალეგალურ მდგომარეობაში გადავიდა.
1906 წლის აპრილში მონაწილეობდა რსდმპ სტოკჰოლმის ყრილობაზე, როგორც თბილისის ორგანიზაციის დელეგატი. იყო რუსეთის იმპერიის I მოწვევის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატი ქუთაისის გუბერნიიდან[1], სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის ერთ-ერთი ლიდერი და პირველი ქართველი დეპუტატი, რომელიც დუმის ტრიბუნაზე სიტყვით გამოვიდა. სათათბიროს დაშლის შემდეგ, 1906 წლის 10 ივლისს ხელი მოაწერა „ვიბორგის მოწოდებას“, რის გამოც გაასამართლეს სხვა ხელმომწერებთან ერთად და სამი თვით პატიმრობა მიუსაჯეს, მაგრამ მიმალვა მოახერხა და შემდგომ პერიოდში მუშაობდა ბაქოს ორგანიზაციებში. 1907-08 წლებში იყო რსდმპ-ს ლონდონის ყრილობის დელეგატი ბაქოდან. პეტერბურგში დაბრუნების შემდეგ დააპატიმრეს. გაასამართლეს ვიბორგის მოწოდების ხელმოწერისა და შლისელბურგის ციხეში მეფის საწინააღმდეგო სიტყვის წარმოთქმის ბრალდებით. სასამართლომ წინასწარი პატიმრობის ვადა მოხდილად ჩაუთვალა და გაათავისუფლა. დაბრუნდა გურიაში, მაგრამ მალევე გადავიდა თბილისში და მონაწილეობდა სოციალ-დემოკრატიული პარტიის კონფერენციის მომზადებაში. 1908 წლის 28იავარს დააპატიმრეს თბილისში. 1908-1913 წლებში გადასახლებული იყო ასტრახანის გუბერნიაში, კრასნი იარში და ქალაქ ასტრახანში, ხოლო 1913–1917 წლებში — სამარის გუბერნიაში.
1917 თებერვლის რევოლუციამ სამარაში მოუსწრო და იქვე დაიწყო ადგილობრივ რევოლუციურ ორგანიზაციებში მუშაობა. მალე გადაიყვანეს პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს აღმასკომში, შემდეგ კი მიავლინეს ბაქოში, 1917–1918 წლებში იყო აზერბაიჯანის შრომის მინისტრი. 1918-1919 წლებში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი. ხელი მოაწერა დამოუკიდებლობის აქტს. 1918 წლის აპრილში გენერალ მაზნიაშვილს ეხმარებოდა გურიაში შეჭრილი ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში (ხელმძღვანელობდა გურიის სოფლებში პარტიზანული რაზმების შექმნას), შემდეგ კი იყო საქართველოს მთავრობის წარმომადგენელი აფხაზეთში. 1919 წლის თებერვლიდან არჩეული იყო თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსნად.
1922 წელს, საქართველოს გასაბჭოების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში. 1921 წლის 13 ივლისს ნაძალადევის კლუბში გამართულ მიტინგზე გამოვიდა სტალინის საპასუხო სიტყვით, რის გამოც დაიჭირეს და მოათავსეს მეტეხის N2 „გამასწორებელ სახლში“. 1922 წლის 16 დეკემბერს სხვა 52 პოლიტპატიმართან ერთად გააგზავნეს მოსკოვში რსფსრ-ს საკონცენტრაციო ბანაკებში გასანაწილებლად. 1923 წლის 12 იანვარს მიუსაჯეს არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში 3 წლიანი პატიმრობა, თუმცა განაჩენი შეუცვალეს და ქალაქ კაშინში გადაასახლეს. 1926 წლის 15 იანვარს გაათავისუფლეს, თუმცა 3 წლის განმავლობაში შეუზღუდეს რუსეთის დიდ ქალაქებსა და კავკასიაში ცხოვრება. გათავისუფლების შემდეგ ცხოვრობდა ასტრახანში, სადაც 1930 წლის 10 დეკემბერს კვლავ დააპატიმრეს და 1931 წლის 17 მაისს ტაშკენტში გადაასახლეს. 1931 წლის 10 დეკემბერს გადაასახლეს ტაჯიკეთში, ქალაქ ხოჯენტში, საიდანაც 1933 წლის 31 იანვარს კვლავ ტაშკენტში გაგზავნეს. გაათავისუფლეს 1933 წლის 11 მაისს. 1934 წლის 11 მაისს პოლიტიკური წითელი ჯვრის შუამდგომლობით ისიდორე რამიშვილს მისცეს საქართველოს სსრ-ში დასახლების უფლება, თუმცა დევნა-შევიწროების გამო იძულებული გახდა ჯერ ცხინვალში, შემდეგ კი ვლადიკავკაზში გადასულიყო, სადაც დააპატიმრეს 1937 წელს. 14 ნოემბერს, თბილისში, მიუსაჯეს დახვრეტა. რეაბილიტირებულია 1989 წელს ასტრახანის სასამართლოს მიერ.
ლიტერატურა
- ისიდორე რამიშვილი, „მოგონებები“ — თბილისი, „არტანუჯი“, ISBN 9789941421624
- ხვადაგიანი ი., „საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919“, თბილისი: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2016, ISBN 978-9941-0-9318-0.
რესურსები ინტერნეტში
სქოლიო
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.