From Wikipedia, the free encyclopedia
პენტაგონი (ინგლ. The Pentagon < ძვ. ბერძნ. πεντάγωνον [pentágōnon] — „ხუთკუთხედი“) — აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის (სამინისტროს) შტაბ-ბინა, ხუთკუთხედის ფორმის დიდი შენობა. მდებარეობს ვირჯინიის შტატის არლინგტონის ოლქში, ვაშინგტონთან ახლოს.
პენტაგონი ააშენეს 1941—1943 წლებში, რათა ერთ შენობაში მოექციათ თავდაცვის უწყების მთელ ვაშინგტონში გაფანტული ცალკეული ობიექტები (სულ 17). თავდაპირველად პრეზიდენტ ფრანკლინ დელანო რუზველტს უფანჯრო შენობის აგება სურდა, რათა ის დაცული ყოფილიყო პოტენციური საჰაერო თავდასხმებისგან, თუმცა ინჟინერ-მშენებლებმა დაარწმუნეს, რომ ასეთი შენობა არაპრაქტიკული იქნებოდა. საბოლოოდ პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ჯორჯ ედვინ ბერგსტრომის ხუთკუთხა დიზაინის შენობას, თუმცა ნატიფი ხელოვნების კომისიის თავმჯდომარე გილმორ კლარკმა პროექტი გააკრიტიკა დედაქალაქის განაშენიანების გეგმასთან შეუთავსებლობის გამო. არჩეული ადგილი დაჭაობებული ტერიტორია იყო, სადაც მდებარეობდა მცირე ზომის ძველი აეროპორტი. ტერიტორიის სტაბილიზაციისათვის ადგილზე დაყარეს 4,2 მილიონი კვადრატული მეტრი გრუნტი და საძირკვლის გასამაგრებლად ჩასვეს 41 492 ცალი ბეტონის ხიმინჯი. არლინგტონის ეროვნული სასაფლაოს ხედის დასაცავად პენტაგონის სიმაღლე მკაცრად განისაზღვრა — 24 მეტრი. მშენებლობის დაწყებიდან 3 თვეში, 1941 წლის დეკემბერში, აშშ-ის მეორე მსოფლიო ომში ჩართვის გამო პენტაგონის დასრულება ეროვნულ პრიორიტეტად იქცა. 13 000-ზე მეტი მუშა შრომობდა დღისითაც და ღამითაც და საძირკვლის ჩაყრიდან რვა თვის შემდეგ მინისტრმა ჰენრი სტიმსონმა თავისი ოფისი ახალ შენობაში გადაიტანა.[1]
მშენებლობა 83 მილიონი დოლარი დაჯდა. დასრულდა 1943 წლის იანვარში. ამ მომენტისათვის პენტაგონი მსოფლიოში უდიდესი საოფისე შენობა იყო, რომლის ფართობი 12 ჰექტარს შეადგენდა (მათ შორის 2 ჰექტარი ცენტრალური ეზო) და ყველა სართული საერთო ჯამში მოიცავდა 344 000 კვადრატულ მეტრ შიდა სივრცეს დაახლოებით 25 000 ადამიანისათვის. ომის დასრულების შემდეგ პენტაგონის საავადმყოფოდ ან მშვიდობიანი დროის რაიმე სხვა დაწესებულებად გადაკეთების გეგმებს უარი ეთქვა, რადგან ცივი ომის დაწყებამ სამხედრო მზადყოფნის მაღალი დონე მოითხოვა. დღემდე რჩება მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საოფისე შენობად.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.