From Wikipedia, the free encyclopedia
ორგანო (ბერძ. იარაღი) — სხვადასხვა ფუნქციის მქონე ქსოვილთა მონაწილეობით შექმნილი სტრუქტურული ერთეული. მას აქვს წარმოშობისა და განვითარების საკუთარი გზა (ფილოგენეზი და ემბრიოგენეზი), დამახასიათებელი ფორმა, ორგანიზმში უჭირავს გარკვეული ადგილი (ტოპოგრაფია) და ახორციელებს დამახასიათეველ ფუნქციას. ორგანოს ფუნქციის შესაბამისად მის შემქმნელ ქსოვილებს შორის ერთ-ერთს უკავია წამყვანი ადგილი, რომელიც ორგანოს ანიჭებს მის დამახასიათებელ სტრუქტურულ სახეს, მაგალითად, კუნთში წამყვანია კუნთოვანი ქსოვილი, ძვალში — ძვლოვანი ქსოვილი, თავის ტვინში — ნერვული ქსოვილი და სხვა.
ასეთი ქსოვილები ორგანოთა ძირითად ქსოვილებად არის მიჩნეული, დანარჩენი ქსოვილები კი — დამხმარედ. ზოგიერთ ორგანოში შემაერთებელი ქსოვილი (როგორც დამხმარე ქსოვილი) ორგანოს ძირითადი ქსოვილისთვის ქმნის საყრდენ საფუძველს, ანუ რბილ ჩონჩხს — სტრომას — stroma (ბერძნ. ჩანაფენი), რომლის ხარიხებს შორის სივრცე ამოვსებულია ნივთიერებით, ანუ პარენქიმით (parenchyma — ბერძნ. შემავსებელი მასა); ასეთ ორგანოებს პარენქიმულ ორგანოებს უწოდებენ (ღვიძლი, ფილტვები, ელენთა, თირკმლები, ჯირკვლოვანი ორგანოები).
ზოგ შემთხვევაში ძირითადი ქსოვილი მონაწილეობს ორგანოს კედლის შექმნაში, სადაც იგი სხვადასხვა ფორმისა და ზომის ღრუს შემოსაზღვრავს. ასეთ ორგანოებს ღრუ ორგანოები ეწოდება (კუჭი, საშვილოსნო და სხვა). ზოგიერთ ორგანოში ძირითადი ქსოვილი იმდენად მნიშვნელოვნადაა გამოხატული, რომ განსაზღვრავს ორგანოს სახელწოდებას (კუნთი, ძვალი, ნერვი, ჯირკვალი).
ქსოვილებში სქესობრივი, ასაკობრივი თუ ინდივიდუალური მორფოლოგიური თავისებურებანი ძნელად შესამჩნევია, ორგანოებში კი ეს ნიშნები ვლინდება თვალსაჩინოდ. სამედიცინო პრაქტიკაში ხდება ამა თუ იმ ორგანოს მდგომარეობის დიაგნოსტიკური თვალსაზრისით შეფასება და ნორმიდან გადახრის ზუსტი დადგენა.
ცალკეული ორგანო ვერ ახორციელებს სრულად რომელიმე ზოგად ფუნქციას, იგი მხოლოდ მონაწილეობას იღებს მასში. მაგალითად, კუჭი საჭმლის მონელებაში მონაწილეობს, მაგრამ ამ პროცესის სრულად განხორციელებისათვის საჭიროა საჭმლის მომნელებელი სისტემის სხვა ორგანოების მონაწილეობაც (ნაწლავები, ჯირკვლები და ა.შ.). ასევე სუნთქვაში არა მარტო ფილტვები მონაწილეობს, არამედ სხვა ორგანოებიც. ამიტომ ორგანოების კომპლექსი ქმნის შემდეგ, შედარებით მაღალი საფეხურის სტრუქტურულ გაერთიანებას — ორგანოთა სისტემებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.