From Wikipedia, the free encyclopedia
ნიახურის ციხე — ციხესიმაგრე სოფელ პატარა ჩაილურისა და დიდი ჩაილურის სამხრეთით, საგარეჯო-გურჯაანის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს, გორაკზე. განეკუთვნება XVII-XVIII საუკუნეებს.
ციხე ნაგებია რიყის ქვით. 1980-1984 წლებში ციხის აღდგენითი სამუშაოები ჩატარდა (არქიტექტორები კ. გიორგობიანი, თ. დვალი), რის შედეგადაც ციხე მთლიანად აღადგინეს. გორაკის წვერი რომელზედაც ციხე დგას, წინასწარ არის შემაღლებული. ნაგებობა არათანაბარი ხუთგვერდაა, რომლის ოთხ კუთხეში მრგვალი კოშკებია ჩატანებული, ხოლო — მეხუთეში პატარა, მასიური მრგვალი ბურჯი. ყველა კოშკს ეზოს მხრიდან სწორი კედელი აქვს. დასავლეთის კუთხეში მდგარი კოშკის პირველ და მეორე სართულებს ცალ-ცალკე შესასვლელი აქვს. ორივე კარი სწორკუთხაა და ეზოს მხრიდანაა გაჭრილი. პირველ სართულზე სამი სათოფურია. მეორე სართულზე სათოფურები ორ რიგადაა განლაგებული. მესამე სართულზეც მრავალი სათოფურია. კოშკის მეოთხე სართული ქონგურებიან ბანს წარმოადგენდა.
სამხრეთ-აღმოსავლეთის კოშკს მხოლოდ ერთი შესასვლელი აქვს, პირველი სართულის დონეზე. ამ სართულზე ორი სათოფურია. მეორე სართულზე თაღოვანი ბუხარია, რომლის ორივე მხარეს სამ-სამი ცალმაგი სათოფურია. ეზოს მხარეს, სწორი კედლის შუაში განიერი სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი.
აღმოსავლეთ კუთხეში მდგარი ბურჯის უმეტესი ნაწილი თავდაპირველია. იგი მასიურია. მხოლოდ საბრძოლო ბილიკის დონეზე აქვს პატარა, ღია სადგომი, რომლის კედლებშიც, გალავნის კედლის მიმართულებით, ორი სათოფური იყო გაჭრილი.
ციხის ჩრდილოეთ კუთხეში მდებარე კოშკის წინ გეგმით კვადრატული ნაგებობის საძირკველია შემორჩენილი.
ციხის გალავნის ნაშთები კოშკებზე იყო შემორჩენილი. მათი მიხედვით და ანალოგიების გათვალისიწნებით, გალავანი ციხის მთელ პერიმეტრზე აღადგინეს. გალავნის ქვედა იარუსი ყრუა, ზედაზე კი, რომელიც ქონგურებითაა დასრულებული, მონაცვლეობით, დახრილი და თარაზულად მიმართული სათოფურებია განლაგებული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.