Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ნატაშა პირც-მუსარი (სლოვენ. Nataša Pirc Musar; დ. 9 მაისი, 1968, ლიუბლიანა) — სლოვენიელი იურისტი, მწერალი, ჟურნალისტი და სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი. 2022 წლის სლოვენიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და თანამდებობის დაკავების შემდეგ გახდება სლოვენიის პირველი ქალი პრეზიდენტი.[1]
ნატაშა პირც-მუსარი | |
სლოვენიის არჩეული პრეზიდენტი | |
---|---|
ამჟამინდელი თანამდებობა | |
დაიკავა | 22 დეკემბერი, 2022 |
წინამორბედი | ბორუტ პაჰორი |
სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2015 – 2016 | |
დაბადებული | 9 მაისი, 1968 ლიუბლიანა, სლოვენიის სრ, იუგოსლავიის სფრ |
პოლიტიკური პარტია | დამოუკიდებელი |
მეუღლე | ალეშ მუსარი |
შვილები | 1 |
საიტი | pirc-musar.si |
პირც-მუსარმა 1992 წელს დაამთავრა ლიუბლიანის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სადაც მისი ხელმძღვანელი იყო მარკო ილეშიჩი.[2] 1997 წელს მან ჩააბარა ადვოკატთა გამოცდა, შემდეგ კი მუშაობა დაიწყო სლოვენიის ტელევიზიაში, სადაც ექვსი წლის განმავლობაში მუშაობდა ჟურნალისტად და ცენტრალურ საინფორმაციო გამოშვების წამყვანად.[2] შემდეგ, ხუთი წლის განმავლობაში, იგი იყო კომერციული ტელევიზიის POP TV-ის ცენტრალური საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.[2]
კვალიფიკაციის ასამაღლებლად სწავლობდა CNN-ში, ატლანტა.[3] შემდეგ მან სწავლა განაგრძო მანჩესტერის სალფორდის უნივერსიტეტში ორი სემესტრის განმავლობაში, რომლის დროსაც გაიარა სტაჟირება BBC-ში, Granada TV-ში, Sky News-ში, Reuters TV-სა და Border TV-ში.[3] დოქტორის ხარისხი დაიცვა ვენის უნივერსიტეტში.[4] 2001 წელს იგი გახდა Aktiva Group-ის კორპორატიული კომუნიკაციის განყოფილების ხელმძღვანელი, სადაც მუშაობდა მისი მეუღლე ალეშ მუსარი.[5] 2015 წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა ვენის უნივერსიტეტში.[6]
2003 წლის აპრილში იგი შეუერთდა სლოვენიის უზენაეს სასამართლოს როგორც განათლებისა და ინფორმაციის ცენტრის დირექტორი.[7] 2011 წლის მარტიდან იყო ევროპოლის გაერთიანებული სამეთვალყურეო ორგანოს ვიცე-პრეზიდენტი, ხოლო 2012 წლიდან ინფორმაციის კომისრის მანდატის დასრულებამდე იყო ევროკავშირის ამ ორგანოს პრეზიდენტი.[8] ინფორმაციის კომისრის მანდატის დასრულების შემდეგ მან დააარსა საკუთარი იურიდიული ფირმა, რომელსაც 2016 წლიდან ეწოდა Pirc Musar & Lamut Strle.[9] იგი იყო სლოვენიაში დაბადებული მელანია ტრამპის ადვოკატი, მაშინ როდესაც ამ უკანასკნელის მეუღლე იყო აშშ-ის პრეზიდენტი.[10][11] ფართოდ გახმაურებულ შემთხვევებში იგი სლოვენიელი სოციალ-დემოკრატი პოლიტიკოსების,[12][13] აშშ-ში სლოვენიის ელჩის სტანისლავ ვიდოვიჩის[14] და სხვათა ადვოკატია.
2010-დან 2021 წლამდე ნატაშა პირც-მუსარი არაერთხელ მოხვდა ქვეყნის ყველაზე გავლენიანი იურისტების ათეულში.[15][16][17][18] მან დააარსა ასოციაცია OnaVe, რათა დააკავშიროს ქალი ექსპერტები და ხელი შეუწყოს განათლებას.[19][20] 2015-2016 წლებში ის იყო სლოვენიის წითელი ჯვრის პრეზიდენტი.[21]
პირც-მუსარი არის ექვსი წიგნის ავტორი ან თანაავტორი ინფორმაციის თავისუფლებისა და კონფიდენციალურობის შესახებ სლოვენურ, ინგლისურ და ხორვატულ ენებზე.[22][23][24][25][26][27]
2022 წლის 23 ივნისს მან წამოაყენა თავისი კანდიდატურა სლოვენიის პრეზიდენტის თანამდებობაზე 2022 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე, მონაწილეობას მიიღებდა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი.[28][29] მას მხარი დაუჭირეს სლოვენიის ყოფილმა პრეზიდენტებმა მილან კუჩანმა და დანილო ტიურკმა.[30] პირც-მუსარი არასოდეს ყოფილა არცერთი პოლიტიკური პარტიის წევრი.[31] მიუხედავად იმისა, რომ იგი დამოუკიდებელი კადიდატია მას მხარს უჭერენ სლოვენიის პირატების პარტია[32] და ახალგაზრდული პარტია — ევროპელი მწვანეები.[33]
საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში მიიღო ხმების 26,88 %, დაიკავა მეორე ადგილი და გადავიდა მეორე ტურში.[34] 13 ნოემბრის მეორე ტურში ნატაშა პირც-მუსარმა დაამარცხა ანჟე ლოგარი და აირჩიეს სლოვენიის პირველ ქალ პრეზიდენტად.[35]
მისი მეუღლეა ბიზნესმენი ალეშ მუსარი. მათ ჰყავთ ვაჟი. ისინი არიან რუსული დაჩის სახელით ცნობილი ქონების მფლობელები ზგორნე-გამელნეში და ასევე ფლობენ Rolls Royce Phantom VI ლიმუზინს, რომელიც დამზადებულია 1971 წელს და ოდესღაც ფლობდა ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცესა ალექსანდრა.[36][37]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.