Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
მიხეილ ასლამაზოვი (დ. 30 ოქტომბერი, 1908, ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია — გ. 16 დეკემბერი, 1937, თბილისი, საქართველოს სსრ, საბჭოთა კავშირი) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი, თავდამსხმელი. 1926–1937 წლებში იცავდა თბილისის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის ბრინჯაოს პრიზიორი (1936) და საბჭოთა კავშირის თასის ორგზის (1936, 1937) ფინალისტი.[1]
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | მიხეილ გრიგოლის ძე ასლამაზოვი | ||
დაბადების თარიღი | 30 ოქტომბერი, 1908 | ||
დაბადების ადგილი |
ტფილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია | ||
გარდაცვალების თარიღი |
16 დეკემბერი, 1937 (29 წლის) | ||
გარდაცვალების ადგილი |
თბილისი, საქართველოს სსრ, სსრ კავშირი | ||
სათამაშო პოზიცია | მარცხენა ინსაიდი | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1926–1935 | დინამო | ? | (?) |
1936–1937 | დინამო | 17 | (8) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
მიხეილ ასლამაზოვი მეფის არმიის პოლკოვნიკის გრიგოლ ასლამაზოვის (ასლამაზიანი) და რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლის ასია არუთინოვას ოჯახში დაიბადა. გრიგოლ ასლამაზოვი პირველ მსოფლიო ომში, დასავლეთ სომხეთის განთავისუფლებისას, ერზურუმთან, თურქებთან ბრძოლაში დაიღუპა.
მიხეილს ადრეული ახალგაზრდობიდან მოუწია მუშაობა. მუშაობდა „არსენალის“ სამხედრო ქარხანაში. თავისუფალ დროს თამაშობდა „არსენალის“ ქარხნის ამავე სახელწოდების გუნდში, რომელიც ქალაქის საფეხბურთო პირველობაზე გამოდიოდა. მისი გამორჩეული თამაში ფეხბურთის ადგილობრივი მესვეურების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და მალე გენერალმა მიჩურინმა, რომელიც შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატში სპორტის საკითხებს კურირებდა, ასლამაზოვი თბილისის „დინამოში“ მიიწვია, ხოლო მოგვიანებით სამსახურშიც მოაწყო თავისივე განყოფილებაში. გარკვეული დროის შემდეგ, მიხეილ ასლამაზოვს, როგორც გუნდის კაპიტანს, ქალაქის პრესტიჟულ უბანში ოროთახიანი ბინა გადაეცა. მიენიჭა შინსახკომის მაიორის წოდება, იყო ამიერკავკასიის შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის კომკავშირის ორგანიზაციის მდივანი, საქართველოს კომკავშირის ცენტრალური კომიტეტის მდივანი. ითვლებოდა კარგ ორატორად და ხშირად გამოდიოდა სიტყვით შინსახკომის კლუბში, სადაც გაიცნო თავისი მომავალი მეუღლე, ლიდია ქიშმიშევა (ქიშმიშიანი), რომელიც იქ კულტურის განყოფილებას ხელმძღვანელობდა.[2]
მიხეილ ასლამაზოვი წარმატებით გამოდიოდა ტფილისისა და ამიერკავკასიის საფეხბურთო ნაკრებებში რეგიონალურ, საკავშირო და საერთაშორისო შეჯიბრებებზე. როგორც თბილისის „დინამოს“ მარცხენა ინსაიდმა თავი კარგად გამოავლინა 1936 და 1937 წლების საბჭოთა კავშირის ჩემპიონატისა და საბჭოთა კავშირის თასის გათამაშებებში, როდესაც გუნდთან ერთად ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ორჯერ თასის ფინალში ითამაშა. 1936 წლის საშემოდგომო ჩემპიონატში თბილისელებს შეეძლოთ ოქროც მოეპოვებინათ, ყველასათვის მოულოდნელად ლენინგრადის „კრასნაია ზარიასთან“ ბოლოსწინა ტურის შეხვედრაში რომ არ დამარცხებულიყვნენ. იმ პერიოდის რესპუბლიკური და საკავშირო პრესა თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელთა შორის ხშირად გამოარჩევდა პაიჭაძის, ასლამაზოვის, ბერძენიშვილისა და დოროხოვის თამაშს. ასლამაზოვი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ითვლებოდა, რომელსაც კაპიტნის რანგში 1930-იანი წლების პირველ ნახევარში გუნდი მოედანზე არაერთხელ გამოუყვანია.
1937 წლის დეკემბერში იგი დააპატიმრეს ოპერისა და ბალეტის თეატრში გამართული შინსახკომის პარტიული კრების შემდეგ, რომელიც ლავრენტი ბერიას ხელმძღვანელობით გაიმართა. ფეხბურთელის ქალიშვილის, თამარა ბრეუსის თქმით, ასლამაზოვს დაევალა დაკავებული კოლეგების საქმეების შესწავლა, რომელთა პატიოსნებისა და უდანაშაულობის მას გულწრფელად სჯეროდა. ასლამაზოვმა თავისი აზრი შინსახკომის ზოგიერთ ლიდერს დაუფარავად უთხრა და გამოძიებაში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. ასლამაზოვის საქმის გამოძიება არ დასრულებულა, რადგან 1937 წლის 16 დეკემბრის საღამოს იგი თბილისის შინსახკომის მთავარი სამმართველოს შენობის მეოთხე სართულიდან გადახტა და იმავე ღამით გარდაიცვალა.[3] საქმის ხელახალი განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ასლამაზოვი უსაფუძვლოდ იყო დაკავებული. 1957 წელს ის რეაბილიტირებულ იქნა. დაკრძალვის ადგილი უცნობია.[4]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.