From Wikipedia, the free encyclopedia
მარი კლოტილდა ფრანგი (ფრანგ. Marie Clotilde de France, იტალ. Maria Clotilde di Francia; დ. 23 სექტემბერი, 1759 — გ. 7 მარტი, 1802) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. საფრანგეთის მეფე ლუი XV-ის ვაჟის, საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, პოლონეთის მეფე ავგუსტ III-ის ასულ მარია ჟოზეფა საქსონიელის ქალიშვილი. საფრანგეთის სამი მეფის: ლუი XVI-ის, ლუი XVIII-ისა და შარლ X-ის უმცროსი და. პიემონტის პრინცესა, სარდინიის დედოფალი და სავოიის ჰერცოგინია როგორც კარლო ემანუელე IV-ის მეუღლე. იგი პოლიტიკურად მეტად აქტიური პიროვნება იყო და ასევე იყო თავისი ქმრის დე ფაქტო პირველი მინისტრი.
მარი კლოტილდა ფრანგი | |
---|---|
Marie Clotilde de France | |
სარდინიის დედოფალი და სავოიის ჰერცოგინია | |
მმართ. დასაწყისი: | 16 ოქტომბერი, 1796 |
მმართ. დასასრული: | 7 მარტი, 1802 |
წინამორბედი: | მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
მემკვიდრე: | მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 23 სექტემბერი, 1759 |
დაბ. ადგილი: | ვერსალი, საფრანგეთი |
გარდ. თარიღი: | 7 მარტი, 1802, (42 წლის) |
გარდ. ადგილი: | ნეაპოლი, იტალია |
დაკრძ. ადგილი: |
11 მარტი, 1802 სანტა კატარინას ეკლესია, ნეაპოლი |
მეუღლე: | კარლო ემანუელე IV, სარდინიის მეფე |
სრული სახელი: | მარი ადელაიდ კლოტილდა ხავიერა დე ბურბონი |
დინასტია: | ბურბონები |
მამა: | ლუი, საფრანგეთის დოფინი |
დედა: | მარია ჟოზეფა საქსონიელი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
ხელმოწერა: | |
მარი კლოტილდა დაიბადა 1759 წლის 23 სექტემბერს, ვერსალის სასახლეში. იგი იყო საფრანგეთის დოფინ ლუი დე ბურბონისა და მისი მეორე ცოლის, მარია ჟოზეფა საქსონიელის უფროსი გადარჩენილი ქალიშვილი. მამის მხრიდან ბებია-ბაბუად ერგებოდნენ საფრანგეთის მეფე ლუი XV და მისი მეუღლე, პოლონეთის მეფე სტანისლავ I-ის ასული მარია ლეშჩინსკა, ხოლო დედის მხრიდან საქსონიის კურფიურსტ ავგუსტ III და მისი მეუღლე, საღვთო რომის იმპერატორ იოზეფ I-ის ასული მარია იოზეფა ავსტრიელი. როგორც საფრანგეთის მეფის შვილიშვილი, იგი ატარებდა საფრანგეთის პატარა ქალიშვილის (ფრანგ. Petite Fille de France) წოდებას. 1765 წელს გარდაიცვალა მარი კლოტილდას მამა, 1767 წელს კი ქმარზე დარდს დედამისიც გადაჰყვა. მშობლების გარეშე დარშენილ მარი კლოტილდასა და მის და-ძმებზე მათი გასათხოვარი მამიდები ზრუნავდნენ. 1774 წელს მეფე ლუი XV-ც გარდაიცვალა, ტახტზე კი მარი კლოტილდას უფროსი ძმა, ლუი XVI ავიდა, რომელიც მარია ანტუანეტა ავსტრიელზე იყო დაქორწინებული.
მარი კლოტილდა ღრმა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა ჭამისადმი სიყვარულით, რის გამოც ცხადია სხვა პრინცესებთან შედარებით იგი ყოველთვის ჭარბწონიანი იყო, რის გამოც ფრანგები მას "მსუქან ქალბატონს" (ფრანგ. Gros-Madame) უწოდებდნენ. მას შემდეგ რაც საფრანგეთის ტახტზე ლუი XVI ავიდა სიტუაცია მკვეთრად შეიცვალა. ახალმა დედოფალმა მარია ანტუანეტამ არც კი სცადა მარი კლოტილდასთან ურთიერთობის დათბობა, ისე დაიწყო მის საზღვარგარეთ გათხოვებაზე ფიქრი. როგორც წყაროები მიუთითებს, გულცივობით სახელგანთქმული მარია ანტუანეტა განსაკუთრებული ანტიპათიით იყო განწყობილი მარი კლოტილდას მიმართ.
მარი კლოტილდასთვის საქმროს ძიება დიდ ხანს არ გაგრძელებულა და სულ რამდენიმე თვეში მისმა რძალმა შესანიშნავი სასიძო იპოვნა. იგი იყო სარდინიის მეფე ვიტორიო ამადეო III-ისა და მისი ცოლის, ესპანეთის მეფე ფილიპე V-ისა და ისაბელ ფარნეზეს ასულ მარია ანტონია ფერნანდა ესპანელის ვაჟი, პიემონტის პრინცი კარლო ემანუელე სავოიელი. მარი კლოტილდასა და კარლო ემანუელეს ქორწინება 1775 წელს შედგა, რის შემდეგაც იგი ავტომატურად გამოცხადდა პიემონტის პრინცესად და შესაბამისად სარდინიის მომავალ დედოფლად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქორწინების მიზეზი მხოლოდ პოლიტიკა იყო, წყვილმა მაშინათვე აღმოაჩინა უამრავი საერთო, რომელთაგან კათოლიციზმის სიყვარული ყველაზე გამოსარჩევია. ისინი შესანიშნავად შეეწყვნენ ერთმანეთს და სიცოცხლის ბოლომდე შეხმატკბილებულად ცხოვრობდნენ. მათი კავშირი უნაყოფო აღმოჩნდა და მრავალწლიანი ქორწინებიდან შვილები არ ეყოლათ, თუმცა მეტად მორწმუნე წყვილმა ეს ღვთიურ განგებად მიიჩნია და ძალიან მარტივად შეეგუა ამ ამბავს.
ამასობაში, 1789 წლიდან საფრანგეთში ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი რევოლუცია დაიწყო. რევოლუციის დაწყებისთანავე სამეფო ოჯახის წევრების უმეტესობა და არისტოკრატია ქვეყნიდან გაიქცა, ხოლო ვინც დარჩა ყველა დახოცეს, მათ შორის, 1793 წელს თავები მოჰკვეთეს მეფე ლუი XVI-სა და დედოფალ მარია ანტუანეტას, რომელიც ხალხში განსაკუთრებული ზიზღის ობიექტს წარმოადგენდა. მარი კლოტილდამ თავისთან დიდი სიხარულით შეიფარა თავისი ძმა, არტუას გრაფი შარლი და მისი რძალი მარია ტერეზა სავოიელი, რომელიც ამავდროულად მისი მულიც იყო. რაც დრო გადიოდა, საფრანგეთიდან სულ უფრო საშინელი ამბები მიდიოდა პიემონტში. რასაც საბოლოოდ ისიც დაემატა, რომ რესპუბლიკურმა საფრანგეთმა ყველა მეზობელ და არამეზობელ სახელმწიფოსთან ომი გააჩაღა. სარდინიის სამეფომ საფრანგეთთან სავოიის ნაწილი და ნიცის საგრაფო დაკარგა. სწორედ ამგვარ პირობებში მოუწია ტახტზე ასვლა კარლო ემანუელეს.
1796 წლის 16 ოქტომბერს მარი კლოტილდას მამამთილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც სარდინიის მეფე მისი ქმარი კარლო ემანუელე IV გახდა, თავად კი დედოფლად იქცა. ამ დროს მათი სამეფო მეტად რთულ მდგომარეობაში იყო: საფრანგეთმა წაართვათ ნიცა და სავოია, რასაც ფრანგების გამუდმებული შემოსევები და სამეფო ხაზინის დაცარიელება ემატებოდა, სარდინიის ჯარები კი დასუსტებული და დეორგანიზებული იყო.
1798 წელს საფრანგეთმა დაიპყრო სარდინიის სამეფოს კონტინენტური ნაწილი, ანუ პიემონტი, სავოია, ლომბარდია და ლიგურია. 1799 წელს რევოლუციის დასრულების შემდეგ საფრანგეთი კიდევ უფრო ძლიერი და აგრესიული გახდა, რის გამოც მარი კლოტილდამ და კარლო ემანუელემ სარდინია დატოვეს და იტალიის ქალაქ-სახელმწიფოებში დაიწყეს მოგზაურობა მოკავშირის საპოვნელად. ისინი გარკვეული პერიოდი ცხოვრობდნენ რომში, ფლორენციაში, ფრასკატსა და ჩასერტაში, თუმცა ფრანგებმა ყველა მათგანი თანდათანობით დაიპყრეს და სარდინიის მეფე-დედოფალიც მალ-მალე გადაადგილდებოდნენ. საბოლოოდ მათ თავი შეაფარეს სიცილიისა და ნეაპოლის გაერთიანებულ სამეფოს, რომლის დედოფალიც იყო მარია ანტუანეტას ღვიძლი და — მარია კაროლინა ავსტრიელი, რომელსაც ძალიან უნდოდა ფრანგებზე შურისძიება და იქ კვლავ ბურბონთა გამეფება. მეფე-დედოფალი ნეაპოლში კარგად მოეწყვნენ და ფაქტობრივად აქ დასახლდნენ.
ნეაპოლში გადასახლებიდან რამდენიმე თვეში დედოფალი მარი კლოტილდა მძიმედ დაავადდა და 1802 წლის 7 მარტს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 11 მარტს დაკრძალეს ნეაპოლში მდებარე სანტა კატერინას ეკლესიაში. მისი გარდაცვალებიდან მალევე, ფრანგებმა ნეაპოლიც დაიპყრეს, რის გამოც მარია კაროლინა და მისი ქმარი ავსტრიაში გაიქცნენ, კარლო ემანუელემ კი თავი რომს შეაფარა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1819 წელს, რის შემდეგაც სარდინიის მეფე მისი ძმა გახდა.
მარი კლოტილდა ფრანგი დაიბადა: 23 სექტემბერი 1759 გარდაიცვალა: 7 მარტი 1802 | ||
წინამორბედი: მარია ანტონია ფერნანდა ესპანელი |
სარდინიის დედოფალი 1796-1802 |
შემდეგი: მარია ტერეზა დე ჰაბსბურგ-ესტე |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.