From Wikipedia, the free encyclopedia
ლექციონარი (ლათ. Lectionarium) — ქრისტიანულ სამრევლო და სამონასტრო ღვთისმსახურებაში სხვადასხვა დღესასწაულისა და დღისათვის დაწესებული საეკლესიო საკითხავების კრებული, რომელიც შეიცავს ბიბლიური წიგნებიდან ამოკრებილ ადგილებს. ლექციონარის შედგენის სხვადასხვა სისტემა და ტრადიცია არსებობდა: საბაწმინდის, იერუსალიმის, ბერძნული, ანუ კონსტანტინოპოლის და სხვა ქართულ ლექციონარებში, რომელთა უძველესი რედაქციების ფრაგმენტები შემონახულია ხანმეტ და ჰაემეტ პალიმფსესტებში (V–VIII სს.), კრებულის შედგენის სხვადასხვა ტრადიციაა ასახული. ლექციონარის ნიმუშია გიორგი მთაწმიდელის მიერ შედგენილი „საწინასწარმეტყველოც“, რომელიც შეიცავს საკითხავებს ძველი აღთქმიდან.
ლექციონარის ის რედაქცია, რომელიც „ქართული ლექციონარის“, ანუ „იერუსალიმის კანონის“ სახელწოდებით არის ცნობილი, ბერძნულიდან თარგმნილი ძეგლია და ასახავს ღვთისმსახურების იერუსალიმურ წესს V-VIII საუკუნეების განმავლობაში. მისი უძველესი ვერსიის თარგმნა V საუკუნეში ივარაუდება. „ქართული ლექციონარი“ უმნიშვნელოვანესია იმ მცირერიცხოვან ძეგლთა შორის (მაგ., „სომხური ლექციონარი“, V-VI სს.), რომელთა მიხედვითაც მსჯელობენ ადრეულ ბერძნ. (იერუსალიმურ) და, საერთოდ, აღმოსავლურ ქრისტიანულ ღვთისმსახურებაზე, რადგან ძეგლის ბერძნული პირველწყარო დაკარგულია. ძეგლს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ენის, ბიბლიის ქართული თარგმანებისა და ადრეული სასულიერო პოეზიის ისტორიისათვის, ამასთანავე იგი მნიშვნელოვანი პირველწყაროა ქართული ეკლესიის ისტორიის მკვლევართათვის. „ქართული ლექციონარი“ (ძირითადი ხელნაწერი თარიღდება X–XI სს.) გამოიყენებოდა ქართულ ღვთისმსახურებაში X საუკუნის დასასრულამდე, ვიდრე ქართული ეკლესია კონსტანტინოპოლის ტრადიციებზე გადავიდოდა. ძეგლის დანიშნულება სცილდება ლექციონარის ფარგლებს, ის, უპირველეს ყოვლისა, ტიპიკონია „კანონად“ სახელდებული; საკითხავების გარდა შეიცავს უძველეს საეკლესიო საგალობლებს, განმარტებებს ღვთისმსახურების წესისა და რიგის შესახებ და, რაც მთავარია, საწელიწდო კალენდარს. ადრეული ქართული ლიტურგიკული კრებულები (მრავალთავი, იადგარი, კონდაკი და სხვ.) მთლიანად „ქართული ლექციონარის“ პრინციპებზეა აგებული. ძეგლი თარგმნილია რუსულ (1912), ბერძნულ (1914), ლათინურ (1959) და სხვა ენებზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.